ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პლანეტის რვა საუკეთესო ნაკრები თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალებში აგრძელებს, მანამდე კი, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯგუფური ეტაპები შეაფასა და საქართველოს ნაკრებს ყველაზე პროგრესირებადი ნაკრები უკვე მერამდენედ უწოდა.
მიუხედავად სამი მარცხისა, წინა წლებთან შედარებით, “ბორჯღალოსნებმა” მართლაც რომ საუცხოო რაგბი ითამაშეს და დადებითი შედეგი აჩვენეს. მამუკა გორგოძე ინგლისთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს და ჯგუფის ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბედაც აღიარეს. მერაბ კვირიკაშვილს კარში დარტყმების სიზუსტე მოუწონეს, არადა, მისთვის სიზუსტეს ინგლისთან მატჩში რომ არ ეღალატა, პირადად მისი და ზოგადად ნაკრების შეფასებაც ბევრად უკეთესი იქნებოდა.
“სიკვდილის ჯგუფად” წოდებულ B ჯგუფში, ძალიან ცოტა ლელოები გავიდა, მაგრამ ლამაზი რაგბის ნაკლებობას ამ ჯგუფის შეხვედრები სულაც არ უჩიოდა. ამ პულში მაღალი დონის გუნდებმა მოიყარეს თავი და მეოთხედფინალის ორი საგზურის მფლობელის ვინაობა, დასკვნითი ორი შეხვედრის შედეგად გაირკვა.
ინგლისი, არგენტინა თუ შოტლანდია - ბოლო წამამდე ვერავინ იტყოდა, რომელი გუნდი შეძლებდა პლეი ოფის საგზურის მოპოვებას. მხოლოდ 78-ე წუთზე კრის ეშტონის მიერ გატანილმა ლელომ გაუნაღდა ინგლისს მეოთხედფინალში გასვლა. მათ ჯგუფში პირველი ადგილი ბოლოსწინა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაინაღდეს და მეოთხედფინალში ახალ ზელანდიას ასცდნენ. 12:16 წაგებამ შოტლანდიას ჯგუფიდან გასვლის შანსი დაუტოვა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო, რომ მომდევნო დღეს არგენტინას საქართველოსთან ერთი პრემიალური ქულაც ვერ აეღო. მიუხედავად დაძაბული პირველი ტაიმისა, რომელიც საქართველომ 7:5 მოიგო, არგენტინამ ჯამში 25:7 იმარჯვა და შოტლანდია მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.
ინგლისმა თეატრალური, ლამაზი თამაში მხოლოდ რუმინეთთან აჩვენა, სადაც ეშტონმა და მარკ კუეტომ ჰეთ თრიკები მიითვალეს, სხვა მხრივ კი, მათი წარმატების საწინდარი მხოლოდ მორკინალების კარგი თამაში გამოდგა და უკანა ხაზმა სათანადოდ ბურთის გაშლა ვერ მოახერხა. თავის პირველ მატჩში ინგლისთან 9:13 დამარცხებამ, არგენტინა აიძულა, რომ დარჩენილ სამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებაზე ეზრუნა და ასე მნიშვნელოვანი ბონუს ქულები მოეპოვებინა. რუმინეთთან 43:8 მოგებას, შოტლანდიასთან დაძაბული თამაში და 13:12 გამარჯვება მოჰყვა, რამაც ბოლო ორ თამაშს დიდი ინტრიგა შეუნარჩუნა.
შოტლანდიამ თავისი საუკეთესო თამაში ინგლისთან აჩვენა. მანამდე მათ რუმინელთა დასამარცხებლად დიდი ბრძოლა დაჭირდათ და 34:24 იმარჯვეს, მერე კი, უშიშარ საქართველოსთან სახიფათო სხვაობა მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა და შოტლანდიამ მხოლოდ 15:6 იმარჯვა. შოტლანდია კარგი იყო “პუმებთან” მატჩშიც, მაგრამ როგორც ენდი რობინსონმა თქვა, 30-წამიანი მოდუნება ძვირად დაუჯდათ. ლუკას გონსალეს ამოროსინომ გადამწყვეტი ლელო გაიტანა და სქოთები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბიში ყველაზე მეტად პროგრესირებადი გუნდია. “მძიმეწონოსნებმა” ინგლისმა, არგენტინამ და შოტლანდიამ გამარჯვებები მხოლოდ მატჩის დასკვნით მეოთხედებში მოიპოვეს და “ბორჯღალოსნებმა” სამივე მათგანს დიდი ბრძოლა გაუმართეს. იმისათვის, რომ ქართველებს თავისი ძალა დაემტკიცებინათ და რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ დაწესებული წესრიგისთვის ბრძოლა გამოეცხადებინათ, ქართველებმა რუმინეთი 25:9 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე პირადი რეკორდიც დაამყარა: მამუკა გორგოძე ნაკრების საუკეთესო მელელოედ იქცა, მალხაზ ურჯუკაშვილი - საუკეთესო მექულედ, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა მსოფლიო თასზე ერთ შეხვედრაში მოგროვილი ქულების რეკორდი მოხსნა, როდესაც რუმინელებთან მატჩში გუნდს 17 ქულა შესძინა.
მათდა სამწუხაროდ, რუმინელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და ოთხი გამართული შეხვედრიდან, თითოეულში საშუალოდ 31-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. რუმინელებს ვარსკვლავური საათი მაშინ დაუდგათ, როდესაც თავის პირველ შეხვედრაში, შოტლანდიასთან მატჩში 24:21 დაწინაურდნენ, თუმცა, მერე შოტლანდიელები სრული ძალით ამოქმედდნენ და 34:24 იმარჯვეს.
ყველაზე რთულ B ჯგუფში, თავი რამდენიმე მორაგბემ გამოიჩინა. 20 წლისა და 115 დღის მანუ ტუილაგი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, რომელმაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასზე ითამაშა და თავისი სისწრაფითა და საოცარი გარღვევებით, გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. საქართველოს ნაკრებიდან აუცილებლად მოგხვდებოდათ თვალში მამუკა გორგოძე. ის თამაშის დიდი ცოდნით გამოირჩეოდა და რუმინეთის ნაკრებს თავისი გუნდის ერთადერთი ლელო გაუტანა. აღსანიშნავია მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც დარტყმები საოცარი სიზუსტით შეასრულა და რომლის მსგავს დამრტყმელსაც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებიც ინატრებდნენ. ჯგუფის საუკეთესო მოთამაშე არგენტინელი ხუან ფიგალოა, რომელსაც მსოფლიო თასამდე “პუმების” შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი საერთაშორისო შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და მიუხედავად ამისა, გუნდის წარმატება დიდწილად სწორედ მისი კარგი თამაშის დამსახურებაა”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია