ამბები

17:42 | 7.10.2011 | ნანახია 2733 - ჯერ

ქუთაისს დიდი რაგბი უბრუნდება, “შევარდენზე” ოთხეულის საგზური თამაშდება

დაახლოებით ორი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუთაისმა მაღალი დონის სარაგბო შეხვედრას უმასპინძლა. “აია” ჯერ გულშემატკივრების ქცევის გამო დაისაჯა და ვანში თამაში დაეკისრა, მერე სულაც უფრო მოშორებით, ზღვისპირას გადაინაცვლა და გუნდებს ფოთის გარეუბანში, მალთაყვაში მასპინძლობდა. ეს იმიტომ, რომ მშობლიურ ქალაქში ამ გუნდისთვის სათამაშო მოედნის გამონახვა პრობლემად იქცა.
მაგრამ “აია” არ დანებდა, გასულ წელს ოთხეულში შეაღწია, წელს კი, ზედიზედ 11 შეხვედრის მოგებით, საჩემპიონო ოთხეულში თამაში დიდი ხნით ადრე დაიბევა და ბიჭებს გარჯა დაუფასდათ. “დინამოს” სტადიონს ხელი შეავლეს და ახლა “აია” საშინაო შეხვედრებს მშობლიურ ქალაქში ჩაატარებს, სადაც მას გულშემატკივართა დიდი არმიის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეს პირველად 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტურში მოხდება და ერთგვარი რეპეტიცია იქნება საპლეიოფო შეხვედრისთვის, რომელსაც “აია” უკვე 22 ოქტომბერს, “არმიის” წინააღმდეგ გამართავს.
XIII რაუნდში, ქუთაისში ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილის სხვადასხვა პოლუსზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. “აიამ” პირველი ადგილი უკვე გაინაღდა, თბილისის “ყოჩებს” კი, ბოლო საფეხურისთვის თავის დაღწევის შანსი აღარ შერჩათ. ამრიგად, ამ თამაშის მნიშვნელობა სატურნირო თვალსაზრისით პრაქტიკულად ნულის ტოლფასია, თუმცა, ეს რაგბია და როგორც წესი, გუნდები მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვიან და ბოლომდე იხარჯებიან. ასე იქნება ახლაც, მით უმეტეს, რომ ქუთაისელებს მშობლიურ ქალაქში მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისთვის თავის მოწონების შანსი ეძლევათ. თანაც, გასულ ტურში მათ “ლელოსგან” სეზონის პირველი მარცხი განიცადეს (16:18) და ახლა გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ. თავის მხრივ, გასულ ტურში “არმიასთან” 0:37 განადგურების შემდეგ, “ყოჩებმა” ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის თეორიული შანსიც დაკარგა. პირველ წრეში “აიამ” თბილისში 23:10 იმარჯვა.
17:00 საათზე, რუსთავში, ტექნიკუმის მოედანზე ითამაშებენ ადგილობრივი “ხარები” და თბილისის “ლელო”. შანსი იმისა, რომ რუსთაველები ბოლოსწინა ადგილის თავს დააღწევენ, ძალიან მცირეა, მაგრამ თუ ორივე დარჩენილი შეხვედრა მოიგეს, ეგებ კონკურენტების გადასწრებაც მოახერხონ და რუსთაველები უცილობლად ბოლომდე იბრძოლებენ. თავის მხრივ, “ლელოს” საჩემპიონო ოთხეულში მოხვედრა სურს, გასულ ტურში “აიას” ბოლო წამზე გატანილი ჯარიმის წყალობით დამარცხების შემდეგ, ისინი მესამე საფეხურამდე აღზევდნენ და “ხარების” ძლევით პოზიციის შენარჩუნების შანსი მიეცემათ. შესაძლოა, მოვლენები ისეც განვითარდეს, რომ ამ მოგებამ მათ საჩემპიონო ოთხეულში თამაში ნაადრევად დაუბევოს და “ლელოც” მიზნის მიღწევას ახლავე ეცდება. მით უმეტეს, რომ მათ ეროვნულ გუნდთან ერთად ზელანდიამოვლილი ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა უბრუნდებათ. ამ ბიჭებმა თავი მსოფლიო თასზე გამოიჩინეს და სამშობლო ასახელეს, ახლა კი, მიზნის მიღწევაში კლუბს დაეხმარებიან. ორივე მათგანი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება ლექსო გუგავას, მან მსოფლიო თასზე ხუთკვირიანი დისკვალიფიკაცია “აიკიდა”, რომელსაც ვადა 8 ნოემბერს ეწურება და საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც 5 ნოემბერს სრულდება, წელს ვეღარ ითამაშებს. პირველ წრეში “ლელომ” “ხარები” დაძაბულ ბრძოლაში, 14:7 დაამარცხა.
17:00 საათზე იწყება ერთი შეხვედრა თბილისშიც. “არმაზი” საჩემპიონო ოთხეულს მხოლოდ ქულით ჩამორჩება და მარცხის უფლება არ აქვს, მით უმეტეს, რომ ბოლო ტურში უშუალო კონკურენტს ეთამაშება და ახლა უნდა ეცადოს, ბრძოლის შანსი არ დაკარგოს. “არმიამ” ოთხეულში თამაში უკვე გაინაღდა. ის მეორე ადგილზეა, ლიდერს ვეღარ დაეწევა, თუმცა, არც მეორე ადგილის დაკარგვა ემუქრება და ერთგვარად მოტივაცია დაკარგულია. “არმიას” ნაკრებში მივლინებული ბიძინა სამხარაძე და ჯაბა ბრეგვაძე დაუბრუნდებიან, მაგრამ დიდი შანსია, მწვრთნელებმა მათ დასვენების საშუალება მისცენ და გადამწყვეტი ჯახებისთვის შემოინახონ. პირველ წრეში “არმაზმა” მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი ჯარიმა გაუშვა და 25:28 დამარცხდა.
ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც რომელიმე გუნდის მარცხი პრაქტიკულად ოთხეულს მიღმა დარჩენის ტოლფასი იქნება, “შევარდენზე” 18:00 საათზე დაიწყება. “აკადემია” ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივს”, რომელსაც მსოფლიო თასიდან მესამეხაზელი გივი ბერიშვილი დაუბრუნდა, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება. “აკადემია” მეოთხე ადგილზე მყოფ “ლოკომოტივს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება და მარცხის უფლება არ აქვს, რათა დასკვნით ტურში ოთხეულისთვის ბრძოლის შანსი კიდევ შეინარჩუნოს. აკადემიელებმა ოთხეულში ადგილი გასულ ტურში “არმაზთან” 12:18 მარცხის შემდეგ დაკარგეს და ის “ლოკომოტივმა” ჩაანაცვლა, რომელმაც “ხარებს” 20:3 აჯობა. პირველ წრეში “აკადემიამ” მეტოქე 24:10 დაამარცხა, მაგრამ ახლანდელი ჯახი უფრო მეტად ფასობს და ბრძოლაც სიტუაციის შესაფერისი იქნება.   

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
8 ოქტომბერი. XIII რაუნდი

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი)
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
 

1 აია 12 11 0 1 305-144    22
2 არმია    12 8 1 3 279-168 17
3 ლელო 12 6 0 6 270-253 12
4 ლოკომოტივი 12 6 0 6 214-197 12
5  არმაზი 12 5 1 6 232-251 11
6 აკადემია 12 4 3 5 203-225 11
7  ხარები 12 4 0 8 139-248 8
8 ყოჩები 12 1 1 10 151-307 3



ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104183