ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მსოფლიო თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ორმა ევროპულმა გუნდმა, უელსმა და ირლანდიამ სამხრეთული რაგბი ითამაშეს, აქცენტი ხელით შეტევებზე გააკეთეს და ველინგტონში შეკრებილი მაყურებელი მაღალი დონის თამაშით ასიამოვნეს.
უელსმა მეტოქეზე უკეთ ითამაშა. ვალიელთა დაცვა თითქმის გაუვალი იყო, რასაც ირლანდიელთა მხრიდან ბევრი შეცდომა დაემატა. ისინი ან არასწორად ირჩევდნენ შეტევის მიმართულებას, ან ბურთი წინ უვარდებოდათ, ანაც ჯარიმდებოდნენ და “დრაკონებმა” 22:10 დამსახურებულად იმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში კელტები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ 1987 წლის მსოფლიო თასის მერე პირველად, უელსი ნახევარფინალში გააღწევდა, ირლანდიისთვის კი, მეოთხედფინალური ეტაპი კვლავ დაუძლეველ ბარიერად რჩება.
პირველ ნახევარში ქარი ირლანდიელთა სასარგებლოდ უბერავდა და შესაძლოა, მათი უპირატესობა ამ ფაქტმაც განაპირობა, მაგრამ ეს ანგარიშში სულაც არ ასახულა. პირიქით, უელსელებმა მე-2 წუთზე ბურთი მოიხელთეს, მთელი ფრონტით შეუტიეს, დაახლოებით 80 მეტრი ნაბიჯ-ნაბიჯ დაფარეს, მერე ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშეს და შეინ უილიამსმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რომელიც მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარების შემდეგ დააფიქსირა. კარგ დასაწყისს რის პრისტლენდის ზუსტი რეალიზაცია მოყვა და ანგარიში 7:0 გახდა. უელსელთა მხრიდან გამორჩეული იყო მათი შუამარბი ჯიმი რობერტსი, რომელიც თითქმის ყველა იერიშს იწყებდა და ბურთი დიდი მანძილით აქონდა. მას მხარი აუბა ლი ჰარფპენიმ და მაიკ ფილიპსმა, თუმცა, მანამდე ირლანდიამ მძლავრად შეუტია და თითქმის 5-წუთიანი შტურმიც მოაწყო, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად, უელსმა მეტოქის შეჩერება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ირლანდიელებმა მეტოქის 22-ში სამჯერ მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ბურთი სამივეჯერ აუტში გადაიტანეს და ერთ ეპიზოდში ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ვიდეორეფერიმ მე-17 წუთზე შონ ობრაიანის მხრიდან ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ დააფიქსირა. 24-ე წუთზე უელსელები უკვე კარის გასწვრივ 17 მეტრში ჩახურვისთვის დაჯარიმდნენ და რონან ოგარამ იოლი პოზიციიდან დარტყმა სამ ქულად აქცია. ეს იყო ოგარას მიერ გატანილი მე-200 ჯარიმა სანაკრებო შეხვედრებში და ანგარიში შემცირდა, მაგრამ შვიდქულიანი ჰანდიკაპი მალევე აღდგა. ლი ჰალფპენიმ ქარის მიუხედავად, ცენტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა და 29-ე წუთზე პირველი ნახევრის შედეგი დაფიქსირდა.
მეორე ნახევარი ირლანდიის ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო. შეტევის მიმართულება სწრაფად შეიცვალა, თავიდან პასი ძალიან ცუდი იყო და თითქოს შეტევამ განვითარების პერსპექტივა დაკარგა, მაგრამ სტივენ ფერისი და ტომი ბოუი კარგად გაერკვნენ სიტუაციაში, ამ უკანასკნელმა კიდის ხაზთან კეიტ ერლსის უპასა, რომელიც ფლანგზე გაიჭრა და მაიკ ფილიპსის მცდელობის მიუხედავად, რომელიც მის ფლანგზე გადაცურებას ცდილობდა, საპასუხო ლელო გაიტანა. ლელოს დასაფიქსირებლად კვლავ ვიდეორეფერის საქმეში ჩართვა გახდა საჭირო და კარგად გამოჩნდა, რომ ერლსიმ, სანამ გვერდით ხაზს გადაკვეთდა, ჩათვლის მოედნამდე ორი მეტრი პირდაპირ ისრიალა. ოგარამ რთული რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.
უელსმა გაშვებული ლელოს შემდეგ თამაშს უმატა, მეტოქის დერეფანი მოიგო, ჩათვლის მოედნიდან თხუთმეტიოდე მეტრში წარმოქმნილი რაქიდან, ალუნ-ვინ ჯოუნზმა მეტოქის უყურადღებობით ისარგებლა, ბურთი აიტაცა და ხუთიოდე მეტრით წინ წაიწია, მერე მაიკ ფილიფსმა შენიშნა დაუცველი მოკლე ფრთა, ახლა მან აიტაცა ბურთი, გორდონ დარსის და ტომი ბოუის გაექცა და ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში შეხტა. ვიდეო რეფერიმ ლელო დააფიქსირა, პრისტლენდმა კი, რეალიზაცია გააუფუჭა და 51-ე წუთზე უელსი 15:10 დაწინაურდა. 57-ე წუთზე პრისტლენდის შორეული ჯარიმა უკვე ძელმა აისხლიტა. 64-ე წუთზე ირლანდიელთა დაცვამ ბავშვური შეცდომა დაუშვა, რაქიდან გატანილი ბურთი ჯონათან დევისმა მიიღო, საჭირო პაუზის შემდეგ უცებ აჩქარდა, მას ხელი ვერავინ წაავლო, უელსელმაც 25 მეტრი დაფარა და “დრაკონების” უპირატესობა გაზარდა, პრისტლენდის რეალიზაცია კი, ზუსტი აღმოჩნდა - 22:10. ირლანდიამ პასუხის გაცემა მოინდომა და მეტოქის ჩათვლის მოედანსაც მიუახლოვდა, მაგრამ საკუთარი შეცდომების გამო, ქულის გარეშე დარჩა, მერე პრისტლენდის მორიგი ჯარიმა ძელმა ერთხელაც აისხლიტა და მატჩიც უელსის გამარჯვებით დასრულდა.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. მეოთხედფინალი
8 ოქტომბერი. ველინგტონი. “უესტპარკი”
ირლანდია - უელსი 10:22 (3:10)
ირლანდია: 15. რობერტ კერნი, 14. ტომი ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. კეიტ ერლსი (22. ენდრიუ ტრიმბლი 72), 10. რონან ოგარა (21. ჯონათან სექსტონი 56), 9. კონორ მიურეი (20. ეოინ რედანი 56); 1. კინ ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პოლ ოკონელი, 6. სტივენ ფერისი (18. დონჩა რაიანი 75), 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი (19. დენის ლემი 75).
სათადარიგოები: 16. შონ კრონინი, 17. ტომ ქარტი.
უელსი: 15. ლი ჰალფპენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ უილიამსი, 10. რის პრისტლენდი (21. ჯეიმზ ჰუკი 78), 9. მაიკ ფილიპსი; 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ლუკ ჩარტერისი (18. ბრედლი დევისი 41), 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატე, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ლოიდ ბარნსი, 17. პოლ ჯეიმზი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ უილიამსი, 22. სკოტ უილიამსი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია