ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ შეხვედრაში, ახალი ზელანდიისა და ტონგის ნაკრებებისგან ნაწვნევი დიდი სირცხვილის შემდეგ, საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა მეოთხედფინალში ინგლისთან საოცარი თამაში აჩვენა და მეტოქის 19:12 დამარცხებით, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ირლანდიის მძლეველი უელსი იქნება.
ასეთი შედეგი დიდწილად ინგლისელთა საოცრად სუსტმა თამაშმა განაპირობა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ისინი ფრანგებისგან დიდ წინააღმდეგობას თითქოს არ მოელოდნენ, იოლ გამარჯვებას გეგმავდნენ და შესვენებამდე არც კი იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ. შედეგად, “ლურჯებმა” ამით კარგად ისარგებლეს, ტაიმი 16:0 მოიგეს, მეორე ნახევარში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს. ამრიგად, ინგლისი მსოფლიო თასს დაემშვიდობა და ზედიზედ მესამე ფინალს ვეღარ ითამაშებს.
საფრანგეთის ნაკრები სულაც არ წააგავდა იმ გუნდს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ტონგასთან დამარცხდა. ისინი უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, უკანა ხაზი თამაშს კარგად შლიდა და რაც მთავარია, ეს სათამაშო უპირატესობა ქულებშიც აისახა. ამჯერად კარგად იმუშავა ორი ცხრა ნომრის - დიმიტრი იაშვილის და მორგან პარას წყვილმა. წარმოშობით ქართველი იაშვილი, შეტევის მიმართულებს სწორედ არჩევდა და პირველი ექვსი ქულა გუნდს სწორედ მან შესძინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ინგლისმა მოახერხა და სამი საკუთარი დერეფანი წააგო, არადა, B ჯგუფის გამარჯვებული შეხვედრის დაწყებამდე ამ თამაშში ფავორიტად ითვლებოდა.
თამაში ინგლისელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ ფეხით შეცურებულ ბურთს იაშვილმა მიასწრო და ფეხითვე აუტში მოიგერია. აქ ფრანგებმა მეტოქის დერეფანი პირველად მოიგეს და სიტუაცია განმუხტეს, მერე თავად შეუტიეს და კარის გასწვრივ 45 მეტრში, მე-11 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც იაშვილმა სამ ქულად აქცია. მალე ლელოც უნდა გასულიყო, როდესაც ვინსენ კლერმა მარჯვენა ფლანგზე კარგი გარღვევა განახორციელა და ბრიტანელთა ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუახლოვდა. შეტევის მიმართულებამ ჯერ ცენტრისკენ გადაინაცვლა, მერე ბურთი კვლავ მარჯვნივ, კლერს დაუბრუნდა, მაგრამ ის აუტში გადაიყვანეს. მალე მორგან პარამ არეკნის გატანა სცადა, მაგრამ დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა, მე-16 წუთზე კი, ინგლისელები შერკინებაში დაჯარიმდნენ და იაშვილმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 43 მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 6:0.
ორ წუთში მას კარის გასწვრივ 45 მეტრიდან მიეცა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, მან შემდეგ ეპიზოდში ითამაშა ძალიან კარგად, ბურთი მეტოქის 22-ში ისე გადაკიდა, რომ მცველს მბოჭველმა მიასწრო და ის წინ დააგდებინა. 23-ე წუთზე იაშვილმა თანაგუნდელთან სწრაფად გაითამაშა ბურთი, მერე სიჩქარეაკრეფილი კლერი მოძებნა, რომელმაც ხაზი გაჭრა, ბენ იანგსმა, კრის ეშტონმა და ბენ ფოდენმა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს, ფრანგმა ბრიტანელები დააბნია და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. იაშვილს რეალიზაცია გაუცუდდა, მერე ტობი ფლუდმა არეკნის გატანა სცადა, მაგრამ 40 მეტრიდან მოუმზადებელი დარტყმა ცუდად შეასრულა. ამას მანუ ტუილაგის კარგი გარღვევა მოყვა, რომელმაც ხაზი გაჭრა და 30 მეტრით წინ წაიწია, მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს. 30-ე წუთზე მეორე ლელო გავიდა. ტიერი დუსოტუარიმ მოლიდან ხაზი გაჭრა, ინგლისელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს დაცვა, მერე ფრანგებმა ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩაათამაშეს, ალექსის პალისონიმ გვერდითი ხაზიდან ბურთი მაქსიმ მედარის შეუტრიალა და მისი დამჭერი აღარავინ აღმოჩნდა. იაშვილმა რეალიზაცია ამჯერადაც ვერ გამოიყენა და ტაიმი 16:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის საწყის ათ წუთში ფრანგებმა კარგი დაცვა ითამაშეს, 55-ე წუთზე ინგლისელებმა სწრაფად გაითამაშეს ჯარიმა და წინ წაიწიეს, იერიში თითქოს შეჩერდა, მაგრამ ბენ ფოდენმა დაცვის ხაზში ხვრელი შენიშნა, კარგად გაძვრა და პირველი საპასუხო ლელო დაამიწა, ჯონ უილკინსონმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. საფრანგეთის ნაკრებმა მოახერხა და ფეხით კარგი დარტყმებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, 73-ე წუთზე კი, ფრანსუა ტრინ-დუკიმ არეკნი გაიტანა და ინგლისელებს მატჩის გადარჩენის იმედები შეუმცირა - 19:7. ბრიტანელები არ დანებდნენ, ფლუდის ფეხით შეცურებულს მარკ კუეტო შეყვა და ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ მან ხაზის გადაკვეთა მოახერხა. ტობი ფლუდმა რეალიზაცია ააცილა, მერე ინგლისმა საკუთარი ნახევრიდან სცადა შეტევის წამოწყება, მაგრამ ტუილაგი გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. სულ ბოლოს, მორგან პარამ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, ის ძელმა აისხლიტა და შეხვედრა 19:12 დასრულდა.
ამით მეოთხედფინალების ევროპული ნაწილი დასრულდა. ხვალ სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლების ჯერია. თბილისის დროით დილის 9 საათზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები ავსტრალიას ეთამაშება, 11:30-ზე კი, მასპინძელი ახალი ზელანდია არგენტინას დაუპირისპირდება.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. მეოთხედფინალი
8 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”
ინგლისი - საფრანგეთი 12:19 (0:16)
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ტობი ფლუდი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი უილკინსონი (22. მეტ ბანაჰანი 65), 9. ბენ იანგზი (21. რიჩარდ ვაიგლსვორტი 65); 1. მეტ სტივენსი (17. ალექს კორბიშერო 50), 2. სტივ ტომსონი (16. დილან ჰარტლი 56), 3. დენ კოლი (1. მეტ სტივენსი 63), 4. ლუის დიკონი (19. საიმონ შოუ 50), 5. ტომ პელმერი, 6. ტომ კროფტი (18. კორტნი ლუისი 47), 7. ლუის მუდი (20. ჯეიმზ ჰესკელი 63), 8. ნიკ ისთერი.
საფრანგთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსენ კლერი, 13. ორელიან რუჟერი (21. დავიდ მარტი 68), 12. მაქსიმ მერმოსი (22. სედრიკ ეიმანსი 79), 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი (20. ფრანსუა ტრინ-დუკი 54); 1. ჟან-ბატისტ პუ (17. ფაბიენ ბარსელა 56), 2. ვილიამ სერვატი (16. დიმიტრი შარჟევსკი 56), 3. ნიკოლას მასი, 4. პასკალ პაპე (18. ჟულიენ პიერი 65), 5. ლიონელ ნალე, 6. ჟულიენ ბონერი, 7. იმანოლ არინორდოკი (19. ლუი პიკამოლი 73), 8. ტიერი დუსოტუარი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია