ამბები

22:51 | 8.10.2011 | ნანახია 2716 - ჯერ

"აია" საპლეიოფოდ შეიმართა

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქუთაისს დიდი რაგბი დაუბრუნდა და ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერ "აიას", საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის უფლება მიეცა. "დინამოს" სტადიონზე რაგბის მოყვარულთა საკმაო რაოდენობამ მოიყარა თავი, რომელთა დიდი ნაწილი ემოციურად ქომაგობდა საყვარელ გუნდს. ამასთანავე, საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ საპატიო სტუმართა სიაც - მაყურებლებმაც და სტუმრებმაც, ქუთათურთა შესრულებით სანახაობრივი და თვალსასეირო სპექტაკლი იხილეს.
წინასაპლეიოფო შეხვედრა "აიამ" მაღალ დონეზე ჩაატარა და გადამწვეტი მატჩების დაწყების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. მატჩის დებიუტიდანვე, მასპინძელთა უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა, რაც ქულებშიც უმალ აისახა. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ ქუთათურებმა ხელით თამაშში აშკარად დაჩაგრეს მოწინააღმდეგე. ფაქტობრივად, მათ სწორედ ამ კომპონენტით დაამარცხეს მეტოქე. "ყოჩების" რბევა თავიდანვე მეტრეველმა დაიწყო, რომელმაც ირაკლი გიორგაძის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის ხაზი "გაჭრა" და მარჯვენა მხრიდან "დაამიწა". გარდასახვა "აიას" უპირობო ლიდერმა ბესო ხამაშურიძემ შეასრულა, რომელიც გუშინ საკმაოდ მშვიდად ასრულებდა საჯარიმოებს და ერთხელ ლელოს დადებაც მოახერხა.
პიველივე ტაიმში, მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. უბრალოდ, "აია" მომავალი საპლეიოფო მატჩის რეპეტიციას გადიოდა და მეტოქე ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდა. რიონისპირელთა მიერ დადებული 11 ლელო, სწორედ ამის დასტურია. შეხვედრის მეორე ნახევარში სათამაშო სურათი არ შეცვლილა. მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს სტუმრებმა ერთი ლელოს დადება, რამაც მათი მარცხი შედარებით "შეალამაზა".

"აია" - "ყოჩები" 73:13 (42:6)
8 სექტემბერი. 17:00. ქუთაისი. "დინამო". 1500 მაყურებელი

"აია":
თორნიკე ლომიძე, გაგა გურეშიძე, ამირან წაქაძე, ერეკლე მეტრეველი, თორნიკე ძაგნიძე, ირაკლი რევიშვილი, ირაკლი დგებუაძე, ლევან თხელიძე,
ლევან გოგია, ლევან შარვაშიძე, ირაკლი გიორგაძე, გიგა კუხიანიძე, ბაკურ გოშაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ზურაბ ძნელაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ტარიელ ჩხიკვაძე, გიორგი ჩიტეიშვილი, გიორგი ცირეკიძე,
გაგა სინაურიძე, მერაბ მატკავა, ზურაბ ზვიადაძე, გიორგი აბრამიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კობა გიორგაძე
11 ლელო: მეტრეველი (2), ძნელაძე (2), გოშაძე (2), გოგია (2), ხამაშურიძე, თხელიძე, ცირეკიძე.
9 რეალიზაცია: ხამაშურიძე (9)
"ყოჩები": არჩილ ბეჟიაშვილი, გიორგი გოგიძე, ლევან შენგელია, გიორგი წიკლაური, მიხეილ არჩუაშვილი, დავით ცხვედიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი ელიაევი, გოგა ხელაძე, სანდრო მინაშვილი, კახა მახარაშვილი, პაატა მაისურაძე, გიორგი ხარშილაძე, ლუკა კვარაცხელია.
შეცვლაზე შევიდნენ: ჭაბუკა ჭიღლაძე, ხვიჩა ლიპარტელიანი, თემურ ჭინჭარაძე, ტარიელ მერაბიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე
ლელო: ბეჟიაშვილი
რეალიზაცია: კვარაცხელია
მსაჯი: ნ. რობიტაშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116833