საქართველოს მორაგბეთა ეროვნული პირველობის XIII ტურის ცენტრალური მატჩის სანახავად “შევარდენზე” მისულმა ორასამდე გულშემატკივარმა, უშეღავათო ბრძოლა იხილა. მოყვარულებით დაკომპლექტებულმა “აკადემიამ”, ქვეყნის ჩემპიონს არაფერი დაუთმო და ცოტა რომ გამართლებოდა, ეგებ, გამარჯვებაც ეზეიმა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უფრო ძლიერმა “ლოკომოტივმა” იმარჯვა.
ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი, რაც რაგბის ასე ალამაზებს. “ლოკომოტივი” მეტოქეს შერკინებაში სჯობდა და ისედაც, მათი მორკინალები მეტოქისაზე ფიზიკურად ძლიერები იყვნენ. ჰოდა, ურტყეს ლოკომოტივიელებმა თავდაუზოგავად, იმ იმედით, რომ აკადემიელთა დაცვას გაგლეჯდნენ, მაგრამ პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა საოცარი ბოჭვები აკეთეს და ბარე, ათჯერ, მაყურებელს ოვაციები აღმოხდა. ბევრს აქტიურობდა ეროვნულ გუნდთან ერთად ზელანდიამოვლილი გივი ბერიშვილი, იმდენად ბევრს, რომ ეპიზოდურად მონდომება აგრესიაში გადასდიოდა, მაგრამ მას არაფერი დაუთმეს - “აკადემიას” მორაგბეებმა ბოლოსკენ რამდენიმე ისეთი ბოჭვა გაუკეთეს, თვით მსოფლიო თასზეც რომ არ უწვნევია.
შეხვედრა “ლოკომოტივის” მიძალებით დაიწყო და მე-5 წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, დავით ჩიტიძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველები მის წინსვლას არ ელოდნენ და ჩათვლის მოედნამდე თითქმის უპრობლემოდ იარა, ბობა კვინიხიძის არყოფნაში კი, რეალიზაცია კავთიძემ გამოიყენა. “აკადემია” მეტოქის დაცვის გაჭრას სისწრაფის ხარჯზე ცდილობდა, უმეტესად კი, ბურთს ფეხით კიდებდა და იქ მეტოქის შეცდომას ელოდებოდა. მათ ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა 22-ე წუთზე მიიღეს, მაგრამ ნიბლაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა არაზუსტად დაარტყა. მალე, განათება ჩაირთო და ნიბლაძემ იმავე პოზიციიდან მეორე დარტყმის უფლებაც მოიპოვა და ის უკვე ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლოს, ნიბლაძემ ერთი ჯარიმაც შეასრულა, ის სამ ქულად აქცია და შესვენებაზე გასვლისას, “აკადემია” მეტოქეს მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა - 6:7.
მეორე ნახევრის დასაწყისში რეფერიმ “აკადემიას” ცხრა ნომერი, შავლეგ დავითაშვილი გაუსინბინა, მაგრამ კაცნაკლულმა აკადემიელებმა გაძლეს და ორჯერ დაწინაურების შანსიც მიეცათ, თუმცა, ნიბლაძემ ჯარიმა ჯერ კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 45 მეტრიდან, მერე კი, უკეთესი პოზიციიდან და 40 მეტრიდან არაზუსტად შეასრულა. სამაგიეროდ, კავთიძემ თავისი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. რადგან ლელოს გატანა ვერ ხერხდებოდა, მან ახლოდან ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა. ამ ეპიზოდში, რეფერიმ მორაგბეებს ბევრი ლაპარაკი არ აპატია და სიტუაციაზე კონტროლი რომ არ დაეკარგა, “ლოკომოტივს” ღვინჯილია, ხოლო “აკადემიას” ქოპილაშვილი გაუსინბინა. დასკვნით 20 წუთში აკადემიელებს დაღლა დაეტყოთ, ჩემპიონმა შეუტია, მერე ბურთი კავთიძეს მიუვიდა და 79-ე წუთზე მან არეკნით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ მოგებამ “ლოკომოტივი” მდევრისგან მიუწვდომელი გახადა და საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში დაიბევა, რადგან მეოთხე ადგილზე ქვევით აღარ დაეშვება. “აკადემიას” იქ მოხვედრის შანსი კიდევ შერჩა, ოღონდ ამისათვის ფინალის ტოლფასი შეხვედრა, უშუალო კონკურენტ “ლელოს” უნდა მოუგოს. “ლელო” ოთხეულში ადგილს დაიბევებდა, რუსთავში რომ ემარჯვა, მაგრამ პირველი ნახევრის 11:9 მოგების შემდეგ, ჯამში 14:17 დამარცხდა. “აკადემიას” და “ლელოს” ბედად, ამ შანსით ვერ ისარგებლა “არმაზმა”, რომელსაც “არმიამ” 24:9 აჯობა, თუმცა, არმაზელებს მიზნის მიღწევა დასკვნით ტურში შეეძლებათ, თუ თავად იმარჯვეს და “ლელომ” მარცხი განიცადა. რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, “აიამ”, როგორც იქნა, საშინაო მატჩი მშობლიურ ქუთაისში გამართა და ამ ფაქტის აღსანიშნავად “დინამოზე”, აუტსაიდერ “ყოჩებს” 73:13 გადაურბინა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII
8 ოქტომბერი. XIII რაუნდი
თბილისი. “შევარდენი”. 200 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 6:13 (6:7)
აკადემია: 15. ი. დავითაშვილი, 14. გოგოლაძე, 13. ჯუმაძე, 12. წასიძე, 11. გოგოლაშვილი, 10. ქოპილაშვილი, 9. შ. დავითაშვილი; 1. ზაქაშვილი, 2. მაღლაკელიძე, 3. ღამბაშიძე, 4. ნიბლიაშვილი, 5. მოსეშვილი, 6. ნიბლაძე, 7. ჩხიკვაძე, 8. გაჩეჩილაძე.
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ჭურღულია, 13. გოგიშვილი, 12. ქავთარაძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. კახიანი, 5. გუნიავა, 6. გენებაშვილი, 7. ჩიტიძე, 8. ბერიშვილი.
თბილისი. “ავჭალა”.
არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი) 9:24
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - ყოჩები (თბილისი) 73:13
რუსთავი. “ტექნიკუმი”.
ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი) 17:14
1. აია 13 12 0 1 378-157 24
2. არმია 13 9 1 3 303-177 19
3. ლოკომოტივი 13 7 0 6 227-203 14
4. ლელო 13 6 0 7 284-270 12
5. არმაზი 13 5 1 7 241-275 11
6. აკადემია 13 4 3 6 209-238 11
7. ხარები 13 5 0 8 156-262 10
8. ყოჩები 13 1 1 11 164-380 3
ბოლო ტური
15 ოქტომბერი: არმია - აია, ყოჩები - ხარები, ლელო - აკადემია, ლოკომოტივი - არმაზი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია