მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ნაკრები უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ავსტრალიელებმა მეტოქის 11:9 დამარცხება მოახერხეს და მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, მისი მეშვიდე გათამაშების მეოთხედფინალიდან შინ გაისტუმრეს.
“ბოკემ” სათამაშო დროის 76 პროცენტი მეტოქის ნახევარზე გაატარა, აქედან 11,30 წუთი მეტოქის 22-ში, ავსტრალიელებს მოუწიათ მეტოქეზე თითქმის სამჯერ მეტი ბოჭვის გაკეთება (53/147-ზე), აფრიკელებმა მოიგეს თავისი ყველა დერეფანი და მეტოქის რვა მოწოდებიდან ხუთი, მაგრამ დაუშვეს უამრავი შეცდომა და მაინც დამარცხდნენ. ახლა “სპრინბოკის” ხელმძღვანელობას მოუწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვერ ასახეს ესოდენ დიდი უპირატესობა ქულებში და როგორ ვერ დაამარცხა მათმა გამოცდილმა გუნდმა ავსტრალიელთა შედარებით გამოუცდელი გუნდი და სავარაუდოდ, ამ ყველაფერს მათი მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ვილერსი შეეწირება.
ავსტრალიის ნაკრებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშა, საკუთარი შანსები მაქსიმალურად გამოიყენა და დროის უმეტესი ნაწილი ანგარიშიც მიჰყავდა. მათ ანგარიშზეა შეხვედრის ერთადერთი ლელო, თუმცა, გადამაწყვეტი ჯეიმს ოკონერის ბოლო ჯარიმა აღმოჩნდა, რომელმაც “კენგურუებს” დაკარგული ლიდერობა დაუბრუნა და მერე მათ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. მთლიანობაში, ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხით შორეულ დარტყმებს და იქ მეტოქის შეცდომის იმედად იყო. შეცდომები, არაზუსტი გადაცემა და ბურთის ვარდნა, თუ არასწორი გადაწყვეტილების მიღება, ორივე მხრიდან ამ დონის გუნდებისთვის საკმარისზე მეტი იყო და ამით “ვოლაბებმა” უფრო იხეირეს. თუმცა კი, მათმა ნახევარდაცვის ხაზმა, ვილ გენიამ და ქუადე კუპერმა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და სამხრეთ აფრიკა კი არა, ნებისმიერი გუნდი ვალდებული იქნებოდა ამით ესარგებლა.
შეხვედრა “ბოკეს” უპირატესობით დაიწყო, რომელმაც შერკინებაში პირველივე წუთებიდან საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მათი გარჯა და ოფლისღვრა ამაო გამოდგა. მე-10 წუთზე ავსტრალია ხეირიანად პირველად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ლელოც გაიტანა. აფრიკელებმა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში, ბურთის ხელით ატანა სცადეს, მაგრამ წარმოქმნილ რაქში მასზე კონტროლი დაკარგეს, რადიკ სამო კარგად გაერკვა სიტუაციაში, პეტ მაკეიბს გადაცემა გაუკეთა, ის შებოჭეს, თუმცა, თანაგუნდელს ჯეიმს ჰორვილი წამოეშველა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიჭრა. ოკონორმა ამ მსოფლიო თასზე გამეფებული უზუსტობა არ დაარღვია და იოლად გასატანი რეალიზაცია ძელებს დიდი მანძილით ააცილა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ფეხით გადაკიდებული ბურთი კურტ ბეილმა აიღო, კარგად დაიძრა და ხაზი გაჭრა, მერე საქმეში სტეფან მური ჩართო, მაგრამ ლელოს გასატანად მას სიჩქარე არ ეყო და სკალკ ბურგერმა შებოჭა. შეტევა იმით დასრულდა, რომ ბოკე კარიდან 20 მეტრში დაჯარიმდა, ოკონორმა ეს დარტყმა ზუსტად შეასრულა და მე-17 წუთზე “კენგურუები” 8:0 დააწინაურა.
აფრიკელებმა კიდევ უფრო მოინდომეს, ზეწოლის ფონზე ავსტრალიელებმა შეცდომებს უმატეს და ბურთის მოგერიებას ვეღარ ახერხებდნენ, მაგრამ, თავის მხრივ, “ბოკეს” მორაგბეებიც ბევრს სცოდავდნენ. ამასთან, “კენგურუებმა” ჩათვლის მოედნის ყველა გზით დაცვა განიზრახეს და ბოლო მეტრებს არაფრით თმობდნენ. 27-ე წუთზე მორნი სტეინმა ანგარიშის შემცირება ცენტრიდან განიზრახა, მაგრამ ის ფრანსუა რაა და მიზანმა უმტყუნა. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდით, მათ ჯარიმების დარტყმაზე უარი განაცხადეს და ბურთი აუტში გაიტანეს, მაგრამ ძალაში უპირატესობით ვერ იხეირეს, ბრაიან ჰაბანამ კი, კარგი სალელოვე შანსი ხელიდან გაუშვა, ცენტრისკენ შეწევა განიზრახა და ოკონორისა და მაკკეიბის მარყუჟში აღმოჩნდა. ტაიმის მიწურულს კარის გასწვრივ 23 მეტრიდან, მორნი სტეინმა აღარ გარისკა და გასატანი ჯარიმით თავის გუნდს სამი ქულა შესძინა. სანამ რეფერი შესვენებისას დაუსტვენდა, მან ერთხელაც მიიღო ჯარიმის დარტყმის უფლება, მაგრამ ცენტრიდან სიზუსტემ უმტყუნა და ტაიმი 3:8 დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში აფრიკელებმა კარგი შეტევა განახორციელეს. ჟან დე ვილერსმა ავსტრალიელთა დაცვის ხაზში ხვრელი იპოვნა, გაძვრა და პეტ ლემბის ლელო გაატანინა, მაგრამ რეფერიმ თუ გვერდითმა მსაჯმა, საეჭვო წინპასი დაინახა. “ბოკეს” უპირატესობა 55-ე წუთზე ჯარიმაში აისახა, რომელიც მორნი სტეინმა ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა. მერე ქუადე კუპერი შეცდა, მას საკუთარი 22-დან ბურთის გატანა ბისმარკ დუ პლესმა არ აცალა, “კენგურუებმა” ხაზის დაწყობა მოახერხეს და ლელო არ გაუშვეს, მაგრამ მე-60 წუთზე მორნი სტეინისგან კარის გასწვრივ 28 მეტრიდან არეკნი მიიღეს და სამხრეთ აფრიკა ერთი ქულით დაწინაურდა - 9:8. ავსტრალია ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცა, 68-ე წუთზე პეტ ლემბიმ 40 მეტრიდან არეკნის გატანა და მეტოქისთვის საქმის მოთავება სცადა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ავსტრალიელებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, სადაც აუტიდან ბურთის მოწოდებისას გვერდითმა მსაჯმა შენიშნა, რომ ვიქტორ მეტფილდმა რედიკ სამოს ბურთის მოგებისას ხელი კრა და ჯარიმა დაინიშნა. ოკონორმა გვერდითი ხაზიდან 15 და პირითი ხაზიდან 30 მეტრიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა და 72-ე წუთზე ავსტრალია 11:9 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ავსტრალიელებმა ბურთის მეტოქის ნახევარზე შენარჩუნება მოახერხეს, მათ ცენტრის გადალახვის საშუალება არ მისცეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. მეოთხედფინალი
9 ოქტომბერი. ველინგტონი. “რეგიონალური”
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 9:11 (3:8)
სამხრეთ აფრიკა: 15. პეტ ლემბი, 14. ჯე პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. ჟან დე ვილერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფური დუ პრესი; 1. გუთრო სტეენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. ჟან დუ პლესი, 4. დენი რუსო, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ჰეინრიხ ბრუსო, 7. სკალკ ბურგერი, 8. პიერ სპისი.
სათადარიგოები: 16. ბისმარკ დუ პლესი, 17. ვან დერ ლინდე, 18. ვილემ ალბერტსი, 19. ფრანსის ლოუ, 20. ფრანსის ჰუგარდი, 21. ბუჩ ჯეიმსი, 22. გიო ეპლონი.
ავსტრალია: 15. კურტ ბეილი, 14. ჯეიმს ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკებე, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. უილ გენია; 1. სეკოპე კეპუ, 2. სტეფან მური, 3. დენ ალექსანდერი, 4. დენ ვიკერმანი, 5. ჯეიმს ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოკი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. სეიმს სლიპერი, 18. ნეითან შარპი, 19. ბენ მაკკალმანი, 20. ლუკ ბურგესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია