ამბები

18:40 | 9.10.2011 | ნანახია 4172 - ჯერ

“ოლ ბლექსი” ნახევარფინალში არაზელანდიური თამაშით გავიდა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებს ძალთა სრული მობილიზება დაჭირდა იმისათვის, რომ არგენტინელთა წინააღმდეგობა დაეძლია და მეშვიდე მსოფლიო თასის ნახევარფინალში თამაში დაებევებინა. ეს არ იყო “ოლ ბლექსის” საუკეთესო და არც სახასიათო თამაში. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე იმდენად დიდია, რომ დაძაბულობას ვერ მოერივნენ და ლამაზ რაგბის პრაგმატული არჩიეს.
დენ კარტერის არყოფნაში, დარტყმების შესრულება პირი ვეპუმ ითავა და ყველას დაანახა, რომ ამ კომპონენტში მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირებს სულაც არ ჩამორჩება. ეგ კი არა და, ვეპუ ამ თამაშს ხომ ასპროცენტიანი მაჩვენებლით შეხვდა და ახლაც შვიდიდან შვიდი ჯარიმა გაიტანა, ოღონდ, ორიდან ერთი რეალიზაცია ვერ გამოიყენა და ასპროცენტიანი მაჩვენებელი ოდნავ გაუფუჭდა, მაგრამ ამ მსოფლიო თასზე ჯერჯერობით ყველა დამრტყმელზე უკეთესი შედეგი აქვს. აქვე ბარემ ვთქვათ, რომ “ოლ ბლექსის” შუამარბი მილს მულიაინა, გახდა მე-20 მორაგბე, რომელსაც ამ გუნდის შავი კვართი 100 და მეტ შეხვედრაში აქვს მორგებული.
თამაში ზელანდიელთა იერიშებით კი დაიწყო, მაგრამ “პუმები” დაცვაში კარგად იდგნენ, მერე მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და სალელოვე შეტევა არ გამოუვიდათ, მაგრამ სანტიაგო ფერნანდესმა არეკნი დაჰკრა და ვიდე რეფერიც თავადვე მოითხოვა - მან აჩვენა, რომ ბურთი ძელს ქვევით გაძვრა. “ოლ ბლექსი” მიხვდა, იოლად განავარდება არ გამოდიოდა, მე-13 წუთზე ვეპუმ 37 მეტრიდან ჯარიმა კარში დაჰკრა და ანგარიში გახსნა. მალე 10 ნომერზე კარტერის შემცვლელმა კოლინ სლეიდმა ტრავმა მიიღო და ნახევარი საათის თავზე შესაცვლელი შეიქნა, ოღონდ, მის შემცვლამდე თამაშში სხვა საინტერესო ამბებიც მოხდა.
დაახლოებით 17-ფაზიანი შეტევის შემდეგ, ზელანდიელებმა ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს და კირენ რიდმა ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მანამდე მან ბოჭვისას ფეხის წვერი ოდნავ შეახო გვერდით ხაზს და ანგარიში 3:0 დარჩა. ანგარიში 26-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც ვეპუმ ჯარიმის შესრულების მეორე შანსი მიიღო და ხელსაყრელი სიტუაციიდან ის სამ ქულად აქცია. მალე ჯარიმის შესრულების უფლება კონტეპომმაც მიიღო, თუმცა, მისი 40 მეტრიდან დარტყმულმა მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, 30-ე წუთზე, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დანიშნული შერკინებიდან ლეონარდო სენატორემ კარგი გარღვევა წამოიწყო, მას კონტეპომი მიჰყვა და ცალი ხელით იერიში გააგრძელა, ბურთი მარჯვენა ფრთამდე ჩათამაშდა, იქ მარტინ როდრიგესი ჩათვლის მოედნამდე ორიოდე მეტრში შებოჭეს, რაქიდან ბურთი ხულიოს ფარიას კაბალერომ აიტაცა და სანამ მასპინძელთა დაცვა დაეწყობოდა, ჩათვლის მოედანში შეხტა. კონტეპომმა რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და არგენტინა წინ გაიყვანა - 7:6. ამის შემდეგ მსაჯმა მასპინძელთა საპატივცემულოდ დაიწყო სტვენა და შესვენებამდე ვეპუმ მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატა, რის შემდეგაც ზელანდიამ ტაიმი 12:7 მოიგო.
მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც არგენტინელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება ცენტრალურ ხაზთან მიიღეს, ბურთთან მარსელო ბოში მივიდა და ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა. ხუთქულიანი ჰანდიკაპი სამიოდე წუთში ვეპუმ ახლოდან გატანილი ჯარიმით აღადგინა. მერე ზელანდიამ სალელოვედ შეუტია, ოღონდ არა ზელანდიურ სტილში, მოკლე დარტყმებით ძალისმიერად უტია. ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ლელო არ გავიდა, მაგრამ რეფერიმ ჯარიმის უპირატესობით ნიკოლას ვერგალო გაასინბინა, ვეპუმ კი, ჯარიმა სამ ქულად გარდასახა. “ოლ ბლექსმა” მეტობით 67-ე წუთზე ისარგებლა, მოკლე დარტყმებით რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, ჯერომი კაინომ კირან რიდს ბურთი კარგად აუგდო და მანაც ის მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. ვეპუმ რეალიზაცია ვერ გამოიყენა, მაგრამ 73-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილი იყო, მასპინძლებმა ხელდახელ შეუტიეს და ბრედ ტორნიმ ზელანდიელთა მეორე ლელო გაიტანა, ვეპუმ კი, რეალიზაციით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. მეოთხედფინალი
9 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”
ახალი ზელანდია - არგენტინა 33:10 (12:7)
ახალი ზელანდია:
15. მილს მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. სონი ბილი უილიამსი, 10. კოლინ სლეიდი, 9. პირი ვეპუ; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევენ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბრედ ტორნი, 5. სემ ვიტელოკი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. რირან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ჯონ აფოა, 18. ალი უილიამსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ჯიმი კოუენი, 21. აარონ კრუდენი, 22. ისაია ტოეავა.
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოში, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ჰორაციო აგულა, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარიზა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჟულიო ფარის კაბალო, 7. ჟუან მანუელ ლეგუზამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელცო, 18. მარკოს აიერსა, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 22. ჟოზე იმჰოფი.
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083144