სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ვილერსი 2011 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში 9:11 განცდილი მარცხის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
“გუნდში სამჯერ იმაზე უარესი განწყობაა, როგორსაც გასვენებაზე შეხვდებით. ბიჭები ჩუმად სხედან, ყველა საშინელ ხასიათზეა. გუნდთან ერთად ბრწყინვალე გზა გავიარე, მაგრამ ახლა წასვლის დრო დადგა. აქ მუშაობით უდიდესი სიამოვნება მივიღე და ვფიქრობ, გუნდის წინსვლაში საკუთარი წვლილი შევიტანე. დარწმუნებული ვარ, სამხრეთაფრიკული რაგბი განვითარებას განაგრძობს და გაისად გუნდი უკეთეს თამაშს და შედეგს აჩვენებს”, - თქვა დე ვილერსმა.
54 წლის პიტერ დე ვილერსი სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2008 წელს დაინიშნა და გახდა პირველი ფერადკანიანი სპეციალისტი, რომელმაც “სპრინგბოკსი” ჩაიბარა. განვლილ პერიოდში მან თავი რაგბისათვის შეუფერებელი გამონათქვამებით დაგვამახსოვრა და ამის გამო რაგბის საერთაშორისო საბჭოსგან არაერთხელ დაისაჯა. დე ვილერსის გაწვრთნილმა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2009 წელს აჩვენა, როდესაც “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები” სერიაში 2:1 დაამარცხა და იმავე წელს “სამი ერის” პირველობა მოიგო. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ბოკემ” დანიდინში ახალ ზელანდიასთან ისტორიული გამარჯვება იზეიმა, მაგრამ მისი მუშაობის შესაფასებლად, ყველა მსოფლიო თასს ელოდა, იქ კი, სამხრეთ აფრიკა მეოთხედფინალს ვერ გასცდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია