ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდის შეკრებაზე მგეზავი სტივენ დონალდი და უკანახაზელი ჰოსეა გეარი გამოიძახა. 27 წლის დონალდმა ტრავმირებული კოლინ სლეიდი, ხოლო ასევე 27 წლის გეარმა მხარმოტეხილი მილს მულიაინა უნდა შეცვალოს.
დენ კარტერის დაშავების შემდეგ, “ოლ ბლექსის” დამრიგებელს “ათიანის” პოზიციაზე 24 წლის კოლინ სლეიდის იმედი ჰქონდა, მაგრამ არგენტინასთან მეოთხედფინალის პირველ ტაიმში, კარტერის მსგავსად საზარდულის ტრავმა მანაც მიიღო. გამოკვლევამ ცხადყო, რომ მისთვის მსოფლიო თასი დასრულდა და დონალდის გამოძახება ამის გამო გახდა საჭირო. არგენტინასთან მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, მხარი მოიტეხა 31 წლის მილს მულიაინამ და მსოფლიო თასი მისთვისაც დასრულდა. მულიაინა იმ დღეს ეროვნული გუნდის შავი მაისურით თავის მე-100 და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელ შეხვედრას ატარებდა.
“მილსმა მხარი მოიტეხა და ის მსოფლიო თასზე ვეღარ დაგვეხმარება”, - თქვა გუნდის ექიმმა დებ რობინსონმა, მულიაინამ კი, დაამატა: “ამიერიდან შეგიძლიათ, “ოლ ბლექსის” ყოფილი მორაგბე მიწოდოთ. საწყენია, რადგან ტრავმა შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე მივიღე. მსურდა, ნაკრებში გამოსვლა რამდენიმე კვირის შემდეგ, ტურნირის მოგებით დამესრულებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდით ძალიან ამაყი ვარ”.
“ოლ ბლექსის” ექიმის თქმით, სლეიდის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ მსოფლიო თასის დასრულებამდე მისი გამოჯანმრთელება მაინც ვერ მოხერხდება. ამრიგად, ჰენრიმ სამიდან ორი ათი ნომერი დაკარგა. დონალდი აარონ კრუდენს შეუერთდება, იმ ერთადერთ ათ ნომერს, რომელიც ზელანდიელებს 30-კაციანი განაცხადიდან ჯანმრთელი დარჩათ. მთავარი მწვრთნელის თქმით, სწორედ ახლა გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია მისი გუნდის რეზერვისტთა სია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია