ამბები

15:48 | 10.10.2011 | ნანახია 4716 - ჯერ

ჯგუფში ჩარჩენილების ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა

ახალ ზელანდიაში მიმდინარე, 2011 წლის მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის. გასულ უქმეებზე მეოთხედფინალები გაიმართება, გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, თუმცა, ჩვენთვის ჯერაც საინტერესოა ჯგუფური ეტაპი და იქ ნაჩვენები თამაშების გამოხმაურება.
რაგბიზე მწერალმა სტივ ჰეპბერნმა ჯგუფური ეტაპის მერე შინ გამგზავრებული 12 გუნდის თამაში, უფრო სწორედ, ამ გუნდების გამორჩეული მორაგბეების თამაში განიხილა. ახალზელანდიელმა ჟურნალისტმა პოზიციების მიხედვით, ჯგუფში ჩარჩენილების იდეალური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ჰეპბერნის გუნდში ორი ქართველია – შერკინების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი. კანდიდატებს შორის იყვნენ მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი აბუსერიძე და დიმიტრი ბასილაია, მაგრამ მათ “კონკურენციას” ვერ გაუძლეს.
ფულბეკის პოზიციაზე სამოელმა პოლ უილიამსმა იაპონელ შონ უებს, იტალიელ ანდრეა მაზოს და ნამიბიელ ქრაიზენდერ ბოთას აჯობა. სამოელს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ დაცვაში სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა და დარტყმებსაც კარგად ასრულებდა. უკანა ხაზის ფლანგებზე, შოტლანდიელმა მაქს ევანსმა თანაგუნდელ შონ ლამონტს აჯობა, მეორე ფლანგზე კი, რუსი ვასილი არტემიევი შეირჩა. უკანა ხაზის ცენტრი კუნძულელებმა - სიალე პიუტაუმ (ტონგა) და ელიტა საპულა ფუიმანომ (სამოა) დაიკავეს, რომლებმაც კანადელი ვან დერ მერვე სათადარიგოთა შორის გაამწესეს.
ნახევარდაცვაში ნომინანტთა შორის ორი ქართველი მოხვდა: “მერაბ კვირიკაშვილის (საქართველო), რონალდ სუნილას (აშშ) და დენ პარქსის (შოტლანდია) ყურება სიამოვნებას იწვევდა, მაგრამ ყველას მაინც ჯეიმს ერლიჯი (იაპონია) ჯობდა, რომელმაც საფრანგეთის წინააღმდეგ საუცხოოდ ითამაშა”, - წერია მორაგბეთა დახასიათებაში. თითქმის ანალოგიური დახასიათება აქვს ირაკლი აბუსერიძეს: “ფლორინ სურუჯი (რუმინეთი), ირაკლი აბუსერიძე (საქართველო) და ეუჟენ იანტიესი (ნამიბია) კარგები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოები მაინც ტანიელა მოა (ტონგა) და კეინ ფოტუალი (სამოა) იყვნენ და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ”.
რვა ნომრებს შორის გამორჩეულთა შორის მოხვდა დიმიტრი ბასილაია: “დიმიტრი ბასილაიამ ინგლისის ნაკრებს ბრწყინვალე ლელო გაუტანა და უკან ნაბიჯითაც არ დაუხევია. კელი ბრაუნი (შოტლანდია) სავსე იყო ცეცხლით, მაგრამ სერხიო პარისე (იტალია) ის მორაგბეა, რომელსაც ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია და ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა”.
ხოლო მამუკა გორგოძე, ტრადიციულად, მესამე ხაზის ფლანგების მოთამაშეთა შორის, ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბედ დასახელდა: “კარგები იყვნენ კანადელი მესამეხაზელები და ისინი უკან არასდროს იხევდნენ. იგივე ითქმის სამოელებზეც. არასდროს ნებდებოდა იტალიელი ვეტერანი მაურო ბერგამასკო, ერთ-ერთი გამორჩეული იყო იაპონელი მაიკლ ლიჩი და კარგი იყო ნამიბიელთა კაპიტანი ჟაკ ბურგერი. მაგრამ განსაკუთრებით კარგად ითამაშა აშშ-ის კაპიტანმა ტოდ კლევერმა, რომელიც არასდროს წყვეტდა ბრძოლას, ხოლო მამუკა გორგოძე შეუჩერებელი იყო შეტევაში და დაუნდობელი დაცვაში. მან ინგლისთან მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი”.
 “ამერიკელებს და რუსებს საშუალო ძალის შერკინების პირველი ხაზი ჰყავდათ, აი ქართველები, იტალიელები, შოტლანდიელები და რუმინელები ამ კომპონენტში მართლაც რომ გამოირჩეოდნენ. ძალიან ძნელია, გვერდი აუარო და თვალი დახუჭო ისეთ მორაგბეებზე, როგორებიც ეონ მიურეი და დავით ქუბრიაშვილი არიან”, - ეს დახასიათება უკვე შერკინების პირველ ხაზს ეკუთვნის.
ჯგუფების XV: 15. პოლ უილიამსი (სამოა), 14. მაქს ევანსი (შოტლანდია), 13. სიალე პიუტაუ (ტონგა), 12. ელიტა საპულა ფუიმანო (სამოა), 11. ვასილი არტემიევი (რუსეთი), 10. ჯეიმს ერლიჯი (იაპონია), 9. კეინ ფოტუალი (სამოა); 1. იუენ მიურეი (შოტლანდია), 2. ალეკი ლუტუი (ტონგა), 3. დავით ქუბრიაშვილი (საქართველო), 4. ლუა ლოკოტუი (ტონგა), 5. ჯეიმი კუდმორი (კანადა), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. ტოდ კლევერი (აშშ), 8. სერხიო პარისე (იტალია, კაპიტანი).
სათადარიგოები: ქრაიზენდერ ბოთა (ნამიბია), ვან დერ მერვე (კანადა), ტანიელა მოა (ტონგა), მაიკლ ლიჩი (იაპონია), ლუკ ტომპსონი (სამოა), მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), როს ფორდი (შოტლანდია).

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.192641