სანამ ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი დასრულდება, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იმ 12 გუნდის საუკეთესო მორაგბეები შეათვალიერეს და შეაფასეს, რომლებიც მსოფლიო თასს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ და ის ათეული შეადგინეს, რომელთა ხილვასაც “სუპერ რაგბიში” ისურვებდნენ.
“სუპერ რაგბი” სამხრეთ ნახევარსფეროს და ალბათ მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო ტურნირია და მასში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის უძლიერესი კლუბები მონაწილეობენ. ეს გათამაშება ექვსი კლუბის შეჯიბრით დაიწყო, მერე მათი რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, მოგვიანებით 12-მდე, მერე 14-მდე, ამჟამად კი, მასში 15 გუნდი თამაშობს და სხვაგვარად ზე-15-ის სახელითაცაა ცნობილი. მოგვიანებით, “სუპერ რაგბის” კიდევ ერთი გუნდი დაემატება და მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.
მსოფლიო თასზე გამოჩენილ მორაგბეთაგან შერჩეულ ათეულში, რომელთა ხილვასაც “სუპერ რაგბიში” ისურვებდნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძეც მოხვდა. ის მეორე ნომრადაა მოხსენიებული, პირველი ნომერი კი სამოელი ალესანა ტუილაგია:
ალესანა ტუილაგი. სამოა. ასაკი - 30; წონა - 120; სიმაღლე - 1,94; კლუბი – “ლესტერი” (ინგლისი)
არც ისე შორს უნდა იყოს დრო, როდესაც ტუილაგი “სუპერ რაგბიში” გამოჩნდება. მის ძმას და აგენტს რამდენიმე კლუბთან უკვე ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკება. ოფიციალურ მონაცემებში წერია, რომ ის 111 კილოგრამს იწონის, მაგრამ რეალურად მისი წონა 120 კილოა. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, თუ როგორ გარბის სრულ სიჩქარეზე ასეთი წონის ადამიანი. ამ გაბარიტების კაცისთვის, ტუილაგი ძალიან სწრაფია და მიზნის მისაღწევად მუდამ უმოკლეს გზას ირჩევს. მას მხრის ერთი წაკვრით შეუძლია მცველის გზიდან ჩამოშორება და თამაშის მანერით ჯონა ლომუს წააგავს. თუ მან სრული სიჩქარის აკრეფა მოასწრო, მერე მცველებს მისი შეჩერების შანსი თითქმის არა აქვთ. მას შეუძლია ორივე ფლანგზე და უკანა ხაზის ცენტრში თამაში. კარგად იბრძვის მაღალი ბურთებისთვის, გაუვალია დაცვაში და საკვირველია, სამოამ რატომ ვერ მოახერხა მისი უფრო რაციონალურად გამოყენება.
მამუკა გორგოძე. საქართველო. ასაკი - 28, წონა - 118, სიმაღლე - 1,96, კლუბი – “მონპელიე” (საფრანგეთი)
გორგოძეს გზაზე ვერავინ გადაეღობება. მას მუდამ აქვს იმის სურვილი, რომ მეტოქის დაცვის ხაზი სწორედ იქ გაგლიჯოს, სადაც ის ყველაზე მყარი მოჩანს და ეს 120- კილოგრამიანი კაცი მუდამ დიდი სარგებლის მომტანია.
გორგოძე საარაკო გმირია თავის “მონპელიეში” და მან უდიდესი როლი ითამაშა ამ გუნდის Top 14-ის ფინალში გასვლაში. ზოგი მას უხეშად მიიჩნევს, მაგრამ მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ეს უხეშობა საჭიროა და ამასთან, ის ძალზე ტექნიკურიცაა. ინგლისელებს მისი სახით რეალური პრობლემა ჰქონდათ და “სუპერ რაგბი” სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთმა მორაგბემ უნდა ითამაშოს. მას შეუძლია ბევრი რამის გადატანა და ფიზიკური გამძლეობით ბევრი ვერ შეედრება. საფრანგეთშიც კი, გორგოძე ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბეა და 2010-2011 წლების Top 14-ის სეზონში, ის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. მას რამდენიმე მეტსახელი აქვს: “გორგოძილა”, “გულივერა” და “ქართველი ცხოველი”.
ათეულში ტუილაგისა და გორგოძის გარდა მოხვდნენ: ფილ მაკკენზი (კანადა, 24 წლის, 91 კილოგრამი, 1,85 მეტრი), მარიუს ტინკუ (რუმინეთი, 33 წლის, 116 კილოგრამი, 1,84 მეტრი), ჟაკ ბურგერი (ნამიბია, 28 წლის, 102 კილოგრამი, 1,88 მეტრი), აცუში ჰივასა (იაპონია, 24 წლის, 70 კილოგრამი, 1,66 მეტრი), მიჰაიცე ალექსანდრუ ლაზარი (რუმინეთი, 25 წლის, 116 კილოგრამი, 1,89 მეტრი), ადამ კლეებერგერი (კანადა, 27 წლის, 98 კილოგრამი, 1,85 მეტრი), მორიფა ფაასავალუ (სამოა, 31 წლის, 112 კილოგრამი, 1,94 მეტრი), ნიკო ესტერჰეისე (ნამიბია, 27 წლის, 110 კილოგრამი, 2,05 მეტრი).
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია