დავით ქუბრიაშვილის შემდეგ, ცნობილი ბრიტანული კლუბის - “ბარბაროსების” კვართი საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ორმა მორაგბემ მოირგო. ფრანგული “ნიცას” უკანახაზელმა დავით კაჭარავამ და “მონპელიეს” მორკინალმა გოდერძი შველიძემ სამხრეთ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს და 15:22 დამარცხდნენ.
შეხვედრა ჰიოკიში, “მენსფილდ პარკზე”, ცნობილი სპორტული კომენტატორის ბილ მაკლარენის ფონდის მხარდასაჭერად გაიმართა და მას 2100 მაყურებელი დაესწრო. ორივე ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო, კაჭარავამ სრულად ითამაშა, შველიძე კი, 59-ე წუთზე შეცვალეს. “ბარბაროსებს”, რომელიც 1890 წელს დაარსდა, ამჯერად უელსის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლინ ჰოუელსი გაუძღვა და მან “ბორჯღალოსნების” გარდა მსოფლიო თასის მონაწილე სხვა მორაგბეებიც მიიწვია: რუმინელები კრისტიან პეტრე, ანდრეი რადოი, ვალენტინ პოპერლანი და აშშ-ის ნაკრების კაპიტანი ტიმ უსაზი, ასევე, შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის ეროვნული, A, 7-კაცა და 21-წლამდელთა ნაკრების წევრები.
შეხვედრა “ბარბაროსების” უპირატესობით დაიწყო და მათ ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მერე კი, ლელოც გაიტანეს. ამას მასპინძლებმა შორეული ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ 29-ე წუთზე მეორე ლელოც მიიღეს და სტუმრები 15:3 დაწინაურდნენ. შესვენებამდე “სამხრეთელებმა” ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და ტაიმი 15:8 დასრულდა, მეორე ნახევარში კი, სქოთებმა იმძლავრეს და 22:15 იმარჯვეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია