საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად რიჩი დიქსონის დარჩენის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ისევე, როგორც საკითხი, თუ ვინ ჩაანაცვლებს “ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბიდან წასულ დაცვის მწვრთნელ ჯონ მაგლტონს.
დღეს, “შევარდენის” სარაგბო სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ილია მაისურაძე, მედიამენეჯერი ლაშა ხურციძე და მორაგბეები – ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, ბიძინა სამხარაძე და ჯაბა ბრეგვაძე შეხვდნენ.
“პირველყოვლისა, მინდა გაგაცნოთ საქართველოს რაგბის კავშირის პოზიცია – ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ჩვენ გვყავს ყველაზე პროგრესირებადი გუნდი. სწორი მიმართულებით მივდივართ. ასევე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მომავალ მსოფლიოს თასზე, რომელსაც 2015 წელს ინგლისი უმასპინძლებს, გაცილებით ამბიციური გუნდით ჩავალთ. რაც შეეხება რიჩი დიქსონის საკითხს, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დიქსონი გუნდში აუცილებლად დარჩება. დასაზუსტებელია, მთავარ მწვრთნელად თუ ისევ მრჩევლად, როგორც თავიდან მუშაობდა. საბოლოო გადაწყვეტილებას რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივიღებთ. 25 ოქტომბერს იგი ახალ ზელანდიაში რაგბის საერთაშორისო საბჭოს კონგრესს დაესწრება და საქართველოში ბევრ საინტერესო სიახლეს ჩამოიტანს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ახალ სამწვრთნელო შტაბზეც და საუკეთესო ვარიანტზე შევჯერდებით”, – განაცხადა ლაშა ხურციძემ.
ნაკრების პროგრესი ილია მაისურაძემაც აღნიშნა და “ბორჯღალოსანთა” ახალზელანდიური გამოსვლა მანაც წარმატებულად შეაფასა, თუმცა იქვე ის დასანანი შეცდომებიც გაიხსენა, რომელთა გამოც ნაკრებმა მეტის მიღწევა ვერ შეძლო.
“შოტლანდიასთან მატჩში მოგება დავგეგმეთ, მაგრამ ბიჭები ზედმეტად შებოჭილები აღმოჩნდნენ. მართალია, გუნდმა დაცვაში საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ კონკრეტული წუნიც გამოჩნდა. ინგლისთან ხარვეზები ნაწილობრივ კი გამოსწორდა, მაგრამ შეტევიდან დაცვაში გადაწყობისას რამდენიმე შეცდომა დავუშვით და უმალ დავისაჯეთ. მესამე მატჩი რუმინეთთან ჩავატარეთ. ეს იყო თამაში, რომლითაც უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ევროპაში მეშვიდე სარაგბო ნაკრები საქართველოა და არა რუმინეთი. ბიჭებმა დაკისრებულ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვეს. განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაჩაგრეს მეტოქე და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი ძალები აშკარად აღარ გვეყო. არგენტინელებს პირველ ტაიმში მთელ რიგ კომპონენტებში ვაჯობეთ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა დავკარგეთ და წავაგეთ. მთავარი, რითაც დიდ სარაგბო ნაკრებებს ჩამოვუვარდებით, სანაკრებო რესურსის სიმცირეა. გუნდის დაკომპლექტებისას მათ გაცილებით დიდი არჩევანი აქვთ”, – აღნიშნა მაისურაძემ.
ოთარ მაღლაკელიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია