ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია FIRA-AER-მა 2012 წლის შვიდკაცა რაგბის გრან პრის განრიგი გამოაქვეყნა. გასულ წელთან შედარებით, დასკვნითი ეტაპი, სადაც ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა, ბუქარესტის ნაცვლად, დანიურ ოდენსეში დაინიშნა, სულ კი, ტრადიციულად, ოთხი ტურნირი შედგება.
უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე, რომელსაც 26-27 მაისს საფრანგეთის ქალაქი ლიონი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ინგლისთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან, უკრაინასთან და ჰოლანდიასთან ერთად ითამაშებს. A ჯგუფი კი პორტუგალიამ, რუსეთმა, შოტლანდიამ, იტალიამ, უელსმა და გერმანიამ დააკომპლექტეს.
ხსენებული დანიური ტურნირი ოდენსეში 7-8 ივლისს ჩატარდება, მანამდე კი მოშვიდკაცეებს ესპანეთში ბარსელონა (2-3 ივნისი) და რუსეთში მოსკოვი (30 ივნისი-1 ივლისი) უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის გრან პრის 2011 წლის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრებმა ოთხი ტურნირის ჯამში 35 ქულა მოაგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა, რითაც იტალიისა და უელსის გუნდებიც უკან მოიტოვა.
აქვე ვთქვათ, რომ მოქმედი ჩემპიონის სტატუსს პორტუგალია ატარებს, შარშანდელი მაჩანჩალა მოლდოვა კი გერმანიამ ჩაანაცვლა.
1. პორტუგალია 63 (14+16+15+18)
2. ინგლისი 62 (18+18+14+12)
3. ესპანეთი 59 (16+15+12+16)
4. რუსეთი 52 (12+8+18+14)
5. საფრანგეთი 50 (15+12+8+15)
6. საქართველო 35 (8+14+3+10)
7. იტალია 34 (4+6+16+8)
8. უელსი 30 (10+10+4+6)
9. უკრაინა 20 (3+3+10+4)
10. ჰოლანდია 15 (6+1+6+2)
11. რუმინეთი 11 (2+4+2+3)
12. მოლდოვა 5 (1+2+1+1)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია