ახალ ზელანდიაში მიმდინარე VII მსოფლიო თასის ევროპულ ნახევარფინალში, საფრანგეთმა საათზე მეტ ხანს კაცნაკლულად მობურთალი უელსი მინიმალური სხვაობით, 9:8 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მესამედ მოიპოვა.
შეხვედრის მე-19 წუთი მიდიოდა, როდესაც ირლანდიელმა რეფერიმ ალან როლანდმა უელსელთა კაპიტან სემ უორბარტონს მეტოქის უხეში ბოჭვა არ აპატია და ვენსან კლერის თავით დამრჭობი უელსელი პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა. ეს იყო შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი. მანამდეც და მის შემდეგაც, უელსელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კაცნაკლულობამ და არაზუსტმა დარტყმებმა ფრანგთა გატეხვის საშუალება არ მისცა და მარცხი ფინალს მიღმა დატოვა.
შეხვედრა უელსის ნაკრების იერიშებით დაიწყო და მე-7 წუთზე ჯეიმს ჰუკმა კარიდან მარცხნიდან, 26 მეტრიდან ანგარიში ჯარიმით გახსნა. ოთხ წუთში მას უპირატესობის გაზრდის საშუალება კარის გასწვრივ 40 მეტრიდან მიეცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა - წვიმიან ამინდში გამართულ შეხვედრაში მას დარტყმის მომენტში ფეხი გაუცურდა. მალე უორბარტონისა და კლერის ინციდენტიც მოხდა და მსაჯი რატომღაც ძალიან მკაცრად მოიქცა. შეიძლება იმიტომ, რომ ბოჭვამდე მას თამაში გაჩერებული ჰქონდა და საფრანგეთის ნაკრებმაც უდიდესი უპირატესობა მიიღო. კაცნაკლული უელსელები შერკინებაში ვეღარ დადგნენ, ფრანგებმა უპირატესობა მოიპოვეს და 21-ე წუთზე კარიდან ოდნავ მარჯვნივ, 22 მეტრიდან, მორგან პარამ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.
ფრანგებმა შეუტიეს და 27-ე წუთზე მაქსიმ მედარდმა 45 მეტრიდან არეკნის გატანა სცადა, მაგრამ ძალა დააკლდა. სამიოდე წუთში, ჰუკმა კარის გასწვრივ 43 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრა, მაგრამ არაზუსტად. სამაგიეროდ, 33-ე წუთზე პარამ კარის გასწვრივ 33 მეტრიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა და საფრანგეთის ნაკრები დააწინაურა. ჰუკმა უელსელთა დაწინაურება შესვენების წინ სცადა, მაგრამ არეკნი არ გამოუვიდა და ტაიმი 6:3 მორჩა.
მეორე ნახევარი პარას არეკნის გატანის მცდელობით დაიწყო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, 51-ე წუთზე მისი ჯარიმა ზუსტი აღმოჩნდა და ფრანგებმა ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. უელსმა მალევე უპასუხა, მიკ ფილიპსი კარგად გაერკვა სიტუაციაში, რაქის გვერდზე ხაზი გაჭრა და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა სტეფან ჯონსმა არეკნი არაზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდს დაწინაურების შანსი მოუსპო. ორიოდე წუთში მანვე არეკნი ძალიან ცუდად შეასრულა. უელსი შეტევებს განაგრძობდა და 75-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლებაც მიიღო, მაგრამ კარის გასწვრივ 50 მეტრიდან, ლეიგ ჰალფპენის ოდნავ ძალა დააკლდა და ბურთმა ძელს ქვევით გაიარა. უელსელები არ დანებდნენ და ბოლოს 30-ფაზიანი შეტევა გაახერხეს, მაგრამ ფრანგებმა უჯარიმოდ გაძლეს, მერე ბურთიც მოიპოვეს, დიმიტრი იაშვილმა ის გვერდით ხაზს იქით გაიტანა და საფრანგეთის ნაკრები ფინალში გავიდა.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. ნახევარფინალი
15 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”
საფრანგეთი - უელსი 9:8 (6:3)
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვენსან კლერი, 13. ორელიან რუჟრი, 12. მაქსიმ მერმო, 11. ალექსი პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი; 1. ჟან-ბაპტისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მა, 4. პასკალ პაპი, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დიუზატუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
სათადარიგოები: 16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ფულჟანსი უედრაოგო, 20. ფრანსუა ტრენ-დუკი, 21. ჟან მარკ დუსენი, 22. სედრიკ ეიმანი.
უელსი: 15. ლი ჰალფპენი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჯონათან დეივისი, 12. ჯეიმი რობერტსი, 11. შეინ უილიამსი, 10. ჯეიმს ჰუკი, 9. მაიკ ფილიპსი; 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰუვ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნსი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ ვაინ ჯონსი, 6. დენი ლაიდიეიტი, 7. სემ უორბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ლოიდ ბარნსი, 17. პოლ ჯეიმსი, 18. ბრედლი დეივისი, 19. რაიან ჯოუნსი, 20. ლოიდ უილიამსი, 21. სტივენ ჯოუნსი, 22. სკოტ უილიამსი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია