ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, ავსტრალია ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მეტოქე 20:6 დაამარცხა და “უებ ელისის თასისთვის”, 23 ოქტომბერს, ფინალში, საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ავსტრალიის ნაკრებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამო დაისაჯა კიდეც. ქუადე კუპერს არ წაუვიდა ფეხით თამაში და გადაწყვეტილებების მიღების დროსაც სცოდავდა. მე-2 ნახევრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ანგარიში 17:6 გახდა, “კენგურუებმა” ბურთზე კონტროლს დამყარება მოახერხეს და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ, მაგრამ ზელანდიელთა დაცვაში ხვრელი ვერ ნახეს, მერე ბურთიც დაკარგეს და ყურები ჩამოყარეს.
“ოლ ბლექსმა” მხოლოდ ერთი ლელო გაიტანა, მერე კი, უპირატესობა პირი ვეეპუს ჯარიმებით გაზარდა. საერთოდაც, “ოლ ბლექსი” სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა.
მატჩმა მაღალ ტემპში, დაუნდობელ ბრძოლაში ჩაიარა და რამდენიმე მორაგბემ ბლომად სისხლიც ღვარა. მცირე ეპიზოდის გარდა, ბურთს უმეტესად ზელანდიელები აკონტროლებდნენ და მეტოქეზე საინტერესოდაც უტევდნენ. შეხვედრა მათი შეტევებით დაიწყო და ერთადერთი ლელოც მალევე გავიდა - მე-7 წუთზე, ისრაელ დეგმა ცრუმოძრაობით მცველები დააბნია, მეტოქის 22-თან ხაზი გაჭრა, მართალია, ის გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს, მაგრამ მანამდე ბურთის თამაშში დატოვება მოახერხა, მაა ნონუ სიტუაციაში კარგად გაერკვა და ანგარიში გახსნა. პირი ვეეპუს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ ორიოდე წუთში, თითქმის კარის გასწვრივ ოციოდე მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო. მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბურთი კვლავ ზელანდიელებს დარჩათ და მე-12 წუთზე, ვეეპუმ გასატანი ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 8:0.
მე-14 წუთზე, ავსტრალიამ მასპინძლებს პირველად უჩხვლიტა. ხაზი ჯერ ჯეიმს ოკონორმა გაჭრა, მას კარგად მიყვა დიგბი აიონე, რომელიც ზელანდიელებმა ვერაფრით შეაჩერეს და ჩათვლის მოედანს ორ მეტრამდე მიუახლოვდა, მანამდე კი, 30 მეტრი დაფარა. იერიში თითქოს შეჩერდა, მაგრამ მერე ზელანდიელები დაჯარიმდნენ და ოკონორმა გასატანი პოზიციიდან მე-16 წუთზე სხვაობა შეამცირა.
ზელანდიელები მეტოქის ზურგში ბურთს ფეხით ძალიან კარგად ჰკიდებდნენ, მიმყოლები ავსტრალიელ მცველებს ავიწროვებდნენ და მათ საპასუხო დარტყმის ხეირიანად განხორციელებას არ აცლიდნენ. მალე ვეეპუს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა, შემდეგი შეტევა ხეირიანი გამოდგა და აარონ კრუდენმა 35 მეტრიდან არეკნი ზუსტად შეასრულა. 32-ე წუთზე, არეკნი უკვე ქუადე კუპერმა გაიტანა, მაგრამ ვეეპუმ შესვენებამდე შორეული ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 14:6 დასრულდა.
მე-2 ნახევრის დასაწყისშივე, ვეეპუმ ჯარიმით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. ავსტრალიელები სიტუაციის შეცვლას ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სხვაობის გაზრდა კვლავ ზელანდიელებს შეეძლოთ, თუმცა, ჯერ ვეეპუმ, მერე კი კრუდენმა, ჯარიმები ცუდად დაარტყეს.
ზოგადად, მე-2 ნახევარში “ოლ ბლექსის” შერკინებამ მეტოქისა აშკარად დაჯაბნა და 73-ე წუთზე, დასისხლიანებული თანაგუნდელის ნაცვლად, მოედანზე დროებით დაბრუნებულმა ვეეპუმ ჯარიმა უკვე ზუსტად დაარტყა.
ბოლოსკენ, ავსტრალიამ პრესტიჟის ლელოს გასატანად გაიბრძოლა, კუპერმა კარგი გარღვევა წამოიწყო და სონი ბილი უილიამსმა ის უხეშად შებოჭა. ზელანდიელი სინბინით დაისაჯა, ავსტრალიამ მოკლე დარტყმებით უტია, მაგრამ “ოლ ბლექსის” დაცვა მაგრად დადგა და საბოლოოდ, 20:6 იმარჯვა.
ამრიგად, ავსტრალიის ნაკრები 21 ოქტომბერს უელსს მე-3 ადგილისთვის დაუპირისპირდება, ახალი ზელანდია კი, თასისთვის ეთამაშება საფრანგეთს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე იოლად დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 1987 წელს, როდესაც ზელანდიელებმა პირველად და ერთადერთხელ მოიპოვეს მსოფლიო თასი, “ოლ ბლექსმა” ფინალში სწორედ საფრანგეთი დაამარცხა (29:9).
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. ნახევარფინალი
16 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”
ახალი ზელანდია - ავსტრალია 20:6 (14:6)
ახალი ზელანდია: 15. ისრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ (სონი ბილი უილიამსი 73), 11. რიჩარდ კაჰუი, 10. აარონ კრუდენი, 9. პირი ვეეპუ (ენდი ელისი 57); 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევენ მეალამუ (ანდრიუ ჰორი 64), 3. ოუენ ფრენკსი (ბენ ფრენკსი 80), 4. სამუელ ვიტელოკი (ალი უილიამსი 57), 5. ბრედ ტორნი, 6. ჯერომი კაინო (ვიქტორ ვიტო 80), 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
ავსტრალია: 15. კურტლი ბეილი, 14. ჯეიმს ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკეიბი, 11. დიგბი აიონე, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილ გენია; 1. სეკოპე კეპუ (ჯეიმს სლიპერი 21), 2. სტეფან მური (ტატაფუ პოლოტა-ნაუ 66), 3. ბენ ალექსანდერი, 4. დენ ვიკერმანი (რობ სიმონსი 60), 5. ჯეიმს ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოკი, 8. რადიკ სამო (ბენ მაკკალმანი 60).
რეფერი: კრეიგ ჯუბერტი (სამხრეთ აფრიკა)
ასისტენტები: ნაიჯელ ოუენსი (უელსი), რომაინ პოიტე (საფრანგეთი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია