ამბები

21:05 | 16.10.2011 | ნანახია 2569 - ჯერ

ქართველი ლეგიონერები Top 14-ს დაუბრუნდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები, რომლებმაც ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე გამოსვლა 2 ოქტომბერს დაასრულეს, ფრანგულ კლუბებს დაუბრუნდნენ და პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში ჩაებნენ, სადაც უკვე VII ტურის შეხვედრები მიილია.
ყველაზე ქართულმა გუნდმა “მონპელიემ”, რომელმაც გასული პირველობის ფინალში ითამაშა, მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ახლა ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო და მდგომარეობა გაიუმჯობესა. “მონპელიე” ამ ტურში “ბაიონს” სტუმრობდა და მასპინძელს 26:17 სძლია. შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი 76-ე წუთზე შეცვალეს, კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ნარიაშვილი კი, თამაშში სწორედ 76-ე წუთიდან ჩაერთო. განაცხადში არ იყო გოდერძი შველიძე, რომელმაც მსოფლიოს თასის შემდეგ “ბარბაროსებშიც” მოასწრო თამაში.
პირველ ნახევარში დიდი ბრძოლა გაიმართა და ტაიმი 10:10 დასრულდა, შემდეგ სტუმრებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და 75-ე წუთისთვის უკვე 26:10-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლოს ლელო გაუშვეს. “მონპელიეს” 12 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
გამარჯვება იზეიმა ქართული პირველი ხაზის მქონე “ბრივმა”, რომელმაც “ბიარიცი” 32:7 დაამარცხა, მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანა და გამარჯვების ოთხთან ერთად, პრემიალური ქულაც მიიღო. ვასილ კაკოვინი და ირაკლი ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ნატრიაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს, ორიოდე წუთში კი, კაკოვინის ნაცვლად თამაშში დავით ხინჩაგიშვილი ჩაერთო. “ბრივმა” პირველი ტაიმი 10:0 მოიგო, 71-ე წუთზე უკვე 32:0-ს იგებდა და ერთი საპასუხო ლელო მერეღა გაუშვა, თავად კი, 4 მიითვალა. ბრიველებმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, ანგარიშზე 2 გამარჯვება და 13 ქულა აქვთ, სატურნირო ცხრილში კი, მე-9 პოზიციაზე არიან.
სეზონის მე-6 გამარჯვება მოიპოვა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, რომელიც 25 ქულით მე-2 ადგილზეა. ამჯერად მან ბექა შეყლაშვილის “აჟენი” 29:13 დაამარცხა, მაგრამ ქართველებს ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სტუმართა რიგებში შეცვლაზე ითამაშა შეყლაშვილმა, რომელიც მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა. მისი “აჟენი” 15 ქულით მე-8 ადგილზეა.
გათამაშების ლიდერმა, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, ქვეყნის ჩემპიონ “ტულუზას” 24:3 სძლია. ორივე გუნდმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვა. გიორგაძე განაცხადში არ იყო, ფეიქრიშვილი კი, მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა.
38:0 იმარჯვა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” “პერპინიანთან”. ქართველი ლეგიონერი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 24:0 იყო. “ტულონმა” პრემიალური ქულაც აიღო, ჯამში 20 ქულა მოუგროვდა და მე-4 ადგილზეა.
ტურის სხვა შეხვედრებში “ბორდომ” “რასინგ მეტრო” 22:18, ხოლო გურამ კავთიძის “ლიონმა” “სტად ფრანსე” 18:6 დაამარცხა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.

სატურნირო მდგომარეობა: 1. კასტრი - 26, 2. კლერმონი - 25, 3. ტულუზა - 23, 4. ტულონი - 20, 5. პერპინიანი - 17, 6. რასინგ მეტრო - 16, 7. სტად ფრანსე - 15, 8. აჟენი - 15, 9. ბრივი - 13, 10. ბორდო - 13, 11. მონპელიე - 12, 12. ბაიონი - 11, 13. ბიარიცი - 8, ლიონი - 6.  
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.65773