ჭაბუკ მორაგბეთა “ბ” ლიგის (1995-96 წლებში დაბადებულები) გადამწყვეტ შეხვედრაში, თბილისის “ჯიქებმა” ქუთაისის “ქუთაისი 2”-ს ორი უპასუხო ლელო გაუტანეს, 14:0 დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.
ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 31 გუნდი თამაშობს. აღმასოვლეთში ორი ჯგუფია - ერთში 10 გუნდი თამაშობს, მეორეში 9, დასავლეთში ერთი 12 გუნდა ჯგუფია. თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ქმნის ორ სამგუნდა ჯგუფს და გამარჯვებულებმა ფინალი გაითამაშეს, ხოლო მეორეადგილოსნებმა მესამე ადგილისთვის ითამაშეს.
ორივე გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ფინალში, თავიდან ქუთაისელებმა კი შეუტიეს, მაგრამ “ჯიქებმა” მათი იერიში მოიგერია, მერე მოლით კარგად შეუტია, დაახლოებით 40 მეტრი წინ წაიწია, მერე ბურთი დაკარგა, მაგრამ “ქუთაისი 2”-მა ბურთის კარგად გათამაშება ვერ მოახერხა. 5-მეტრა დერეფანის მოგებას კვლავ თბილისელთა მოლი მოყვა, მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრიეს და ბურთი ბებიამ დაამიწა, უზუნაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა. ქუთაისელებს ტაიმის ბოლოს ჰქონდათ სალელოვე შანსი, ბარამიძემ ხაზი გაჭრა, მაგრამ მას ვერავინ მიყვა და სიტუაცია განიმუხტა. მერე, “ქუთაისი 2”-მა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო, თუმცა, ბურთი ძელმა აისხლიტა და ტაიმი 7:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი კვლავ თბილისელთა მძლავრი მოლით დაიწყო, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდათ. ქუთაისელები შერკინებაში ადრე შევიდნენ, “ჯიქებმა” თავისუფალი სწრაფად გაათამაშეს და სახელაშვილმა მეორე ლელო გაიტანა, უზუნაშვილმა კი რეალიზაცია ძელის გავლით ორ ქულად აქცია. ქუთაისელებმა გაიბრძოლეს, ხან ძალისმიერად უტიეს, ხან ბურთის გატანა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, თბილისელთა დაცვა მედგრად იდგა. შეხვედრის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა და მოგების ჟინი ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტი მალე იმით დასრულდა, რომ რეფერიმ ლაშხი გაასინბინა. დარჩენილი სულ რამდენიმე წუთი იყო და “ქუთაისი 2”-მა კაცმეტობის გამოყენება სცადა, მაგრამ “ჯიქებმა” თავი კვლავ კარგად დაიცვა, ბურთი ჯერ ქურასბედიანმა, მერე ვაშაკიძემ კარგად აიტანეს მეტოქის ნახევარზე და გამარჯვებით გაიხარეს.
ამ 15-16 წლის პირტიტველა ბიჭებმა, რაღა თქმა უნდა, ორივე გუნდიდან, მაყურებელს შესაშური თავდადება აჩვენეს. გამარჯვებულს წაგებულისთვის დერეფნის გაკეთება არ დავიწყნია და პირიქით. “ჯიქების” მორაგბეებმა გულიანად გაიხარეს, აი, ქუთაისელების აცრემლებული თვალების ხილვა კი საცოდაობა იყო. მაგრამ ეს სპორტია და ორი გუნდი ერთად ვერ იგებს, ასე რომ, მათ ამ მარცხის მალე დავიწყება და მომავალზე ფიქრი მართებთ.
ჭაბუკების ჩხუბი ავჭალაში
მანამდე, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს თბილისის “აკადემია” და “ქუთაისი 1” დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა აქაც დაძაბული შეხვედრა იხილა და ხან ერთი გუნდი ახერხებდა დაწინაურებას, ხან მეორე. ასე რომ, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე ვერ გაირკვა. საბოლოოდ, “აკადემიამ” 24:20 კი იმარჯვა, მაგრამ შესაძლოა, ბრინჯაოს მედლების გარეშე დარჩეს...
პირველი ტაიმი აკადემიელებმა 10:3 მოიგეს, მაგრამ განახლდა თუ არა შეხვედრა, ქუთაისელები მეტოქეს ეკვეთნენ, კენჭაძეს კარგ დარტყმას ქურციკიძის ფეხით გადაკიდება მოჰყვა, ბურთს კარგად აყვა კიკვაძე და ირემაძე სალელოვედ დაგეშა. კიკვაძეს რეალიზაცია გაუფუჭდა, მერე მანვე არეკნი არაზუსტად დაარტყა, თუმცა, ტაიმის შუაწელს მეტოქის ხაზი დიდებულად გაჭრა და ლელო მიითვალა, ოღონდ, რეალიზაცია ამჯერადაც გაუფუჭდა - 10:13. ამას “აკადემიის” გააქტიურება მოჰყვა და კურდღელიამ ლელოთი კვლავ თბილისელები დააწინაურა, თანაც, ახობაძემ რეალიზაციაც გამოიყენა. მატჩის ბოლოსკენ, ქუთაისელთა ფეხით გადაკიდებულ ბურთს თბილისელი მცველი საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ძალიან ცუდად დაუხვდა, ბურთი მას ფეხებსშუა გაუძვრა, ამით საკანდელიძემ იხეირა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კიკვაძემ რეალიზაცია გამოიყენა - 17:20. შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე, “აკადემიამ” ჯარიმის კარში დაარტყმა გადაწყვიტა.
პარალელურად, მათმა მწვრთნელმა გაარკვია, რომ ფრის შემთხვევაში, მესამე ადგილი ქუთაისს რჩებოდა, რადგან მათ სამი ლელო ჰქონდათ გატანილი, თბილისელებს კი, ორი. მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა აღარ გამოდიოდა. “აკადემია” განწირული ჩანდა, თუმცა, ბურთი ძელმა აისხლიტა და მოედანში დაბრუნდა, ქუთაისელს კი, ის წინ დაუვარდა. “აკადემიის” შერკინებამ იმძლავრა, მეტოქისა საკუთარი ჩათვლის მოედანში ძელებსშუა შეათრია და კიკნაველიძემ ლელო მიითვალა, ხოლო ახობაძემ - რეალიზაცია. დარჩენილ ერთ წუთში, ქუთაისელებმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა ვერ მოახერხეს, ბურთი აუტში გავიდა და “აკადემიამ” 24:20 იმარჯვა. მანამდე, კიკვაძე ჯარიმას ითხოვდა, რომელიც ვერც რეფერიმ და ვერც გვერდითმა მსაჯმა ვერ დააფიქსირეს. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ ეს პატარა ბიჭები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ და მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა. დაახლოებით ხუთი წუთი მეტოქეები ერთმანეთს უმოწყალოდ სცემდნენ, არ დაიშურეს არც შერჩენილი ენერგია, არც წიხლი და შედეგად ის მიიღეს, რომ კვირის ბოლომდე, ორივე გუნდი სადამსჯელო კომიტეტის წინაშე დადგება და ოფლად და სისხლად ნაძებნი ბრინჯაო შეიძლება სულაც უპატრონოდ დარჩეს.
საქართველოს ჭაბუკთა “ბ” ლიგის (1995-96 წლებში დაბადებულები) ფინალი
18 ოქტომბერი. თბილისი. “ავჭალა”, 300 მაყურებელი
ჯიქები (თბილისი) - ქუთაისი 2 (ქუთაისი) 14:0 (7:0)
ჯიქები: 15. ვაშაკიძე, 14. გაბისიანი, 13. უზუნაშვილი, 12. გაგნიძე, 11, ცისკარიშვილი, 10, ბერაძე, 9. საყვარელიძე; 1. ლაშხი, 2. ჯანელიძე, 3. სახელაშვილი, 4. ქურასბედიანი, 5. ტალახაძე, 6. პაპავა, 7. საჯაია, 8. ბებია.
2 ლელო: ბებია, სახელაშვილი
2 რეალიზაცია: უზუნაშვილი
1 სინბინი: ლაშხია
ქუთაისი 2: 15. თოდუა, 14. მახვილაძე, 13. მანაგაძე, 12. ბოლქვაძე (თედორაძე), 11. ჩიხლაძე, 10. ბაბუნაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბარამიძე, 2. ტორაძე, 3. ლომსიანიძე, 4. მჟავანაძე (ჭიქაბერიძე), 5. გიორგაძე (ხარაბაძე), 6. ჩხუიძე, 7. ბარამიძე (ბიბილეიშვილი), 8. ჩაჩხიანი.
საქართველოს ჭაბუკთა “ბ” ლიგის (1995-96 წლებში დაბადებულები) III ადგილისთვის
18 ოქტომბერი. თბილისი. “ავჭალა”, 300 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - ქუთაისი 1 (ქუთაისი) 24:20 (10:3)
აკადემია: 15. ელერდაშვილი, 14. მეგრელიშვილი (ბუჩუკური), 13. ხელაია, 12. ილურიძე, 11. ქავთარაძე, 10. ახობაძე, 9. მაზმიშვილი; 1. კურდღელია, 2. გვრიტიშვილი, 3. გედენიძე, 4. რევაზიშვილი, 5. კალანდარიშვილი, 6. ხვისტანი, 7. კიკნაველიძე, 8. ზოიძე.
3 ლელო: გედენიძე, კურდღელია, კიკნაველიძე
3 რეალიზაცია: ახობაძე
1 ჯარიმა: ახობაძე
ქუთაისი 1: 15. კიკვაძე, 14. საკანდელიძე, 13. ირემაძე, 12. ხურცილავა, 11. ჯავახაძე, 10. ქურციკიძე, 9. კაპანაძე; 1. აშვეთია, 2. დვალი, 3. ხანთაძე, 4. კამლაძე, 5. მუშკიდიანი, 6. მესხი, 7. დანგაძე, 8. კენჭაძე.
3 ლელო: ირემაძე, კიკვაძე, საკანდელიძე
1 რეალიზაცია: კიკვაძე
1 ჯარიმა: კიკვაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია