რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) იმ ექვსი მორაგბის ვინაობა გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთი 2011 წლის საუკეთესო მოთამაშე გახდება.
წლის საუკეთესო მორაგბის გამოვლენისას ყურადღება ექცევა ამ სპორტსმენების თამაშს ექვსი ერისა და სამი ერის გათამაშებებში, ასევე საერთაშორისო ტესტ-მატჩებში. წელს კი, ბუნებრივია, უმთავრეს ყურადღებას ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასი იპყრობს. ექვსეულში სულ სამი ნაკრების წარმომადგენელი მოხვდა. ის ფაქტი, რომ ნომინანტთა ნახევარს “ოლ ბლექსელები” წარმოადგენენ, თანაც მათი მთავარი ლიდერების - დენ კარტერისა და რიჩი მაკქოუს გარეშე, მსოფლიო თასის ფინალურ მატჩში ამ გუნდის ფავორიტობაზე მეტყველებს. ნომინანტთა შორის კიდევ ერთი ფინალისტია - ფრანგი ტიერი დიუსატუა, ხოლო კიდევ ორი მორაგბე ავსტრალიის ნაკრებიდანაა და ისინი 21 ოქტომბერს, უელსის წინააღმდეგ მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
IRB წლის საუკეთესო მორაგბეს 2001 წლიდან ასახელებს. წლევანდელი გამარჯვებული მსოფლიო თასის დასრულების მეორე დღეს, 24 ოქტომბერს გახდება ცნობილი:
2011 წლის საუკეთესო მორაგბის კანდიდატთა სია: ტიერი დიუსატუა (საფრანგეთი), პირი ვეეპუ (ახალი ზელანდია), ჯერომი კაინო (ახალი ზელანდია), მაა ნონუ (ახალი ზელანდია), უილ გენია (ავსტრალია), დევიდ პოკოკი (ავსტრალია).
გასული 10 წლის გამარჯვებულები: 2010, 2009, 2006 - რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია), 2008 - შეინ უილიამსი (უელსი), 2007 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 2005 - დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 2004 - შალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა), 2003 - ჯონი უილკინსონი (ინგლისი), 2002 - ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი), 2001 - კეიტ ვუდი (ირლანდია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია