ამბები

14:37 | 20.10.2011 | ნანახია 2231 - ჯერ

ვინ შეწვდება ბრინჯაოს

ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშების პლეი ოფის ეტაპზე, ხვალ, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში, 60 ათასიან “იდენ პარკზე” სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი გუნდების პირველი დაპირისპირება გაიმართება. თბილისის დროით 11:30 საათზე, უელსისა და ავსტრალიის ნაკრებები მესამე ადგილისთვის შეებმებიან ერთმანეთს და შელახული რეპუტაციის აღდგენას შეეცდებიან.
ეს იქნება 24 წლის წინანდელი “ბრინჯაოს მატჩის” გამეორება. 1987 წლის პირველ მსოფლიო თასზე, ზელანდიაში, ოღონდ როტორუაში, მესამე ადგილისთვის სწორედ ამ გუნდებმა იბრძოლეს. მეხუთე წუთიდან კაცნაკლულად მოთამაშე ავსტრალიელები, შეხვედრას ბოლო წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე უელსმა ლელო გაიტანა, მერე რეალიზაციაც გამოიყენა და მისი წყალობით 22:21 იმარჯვა. მას შემდეგ უელსი ოთხეულშიც არ მოხვედრილა. რაც შეეხება ავსტრალიას, რომელიც ორჯერ იყო მსოფლიო თასის მფლობელი და ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ბრინჯაოს გემო დღემდე არ გაუსინჯავს.
უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებს ერთმანეთთან 30 შეხვედრა აქვთ გამართული და აქედან “კენგურუებმა” 19-ში იმარჯვეს, ერთი ჯახი ფრედ დასრულდა, ათ შემთხვევაში კი გამარჯვება დრაკონებს დარჩათ. მესამე ადგილისთვის მატჩის გარდა, მსოფლიო თასებზე უელსმა და ავსტრალიამ ურთიერთობა კიდევ სამჯერ გაარკვიეს, სამივეჯერ კარდიფში, “მილენიუმზე” და სამივე შემთხვევაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. 1991 წელს, ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიამ 38:3 იმარჯვა, 1999 წელს, უკვე მეოთხედფინალში 24:9, ხოლო 2007 წელს, კვლავ ჯგუფურ ეტაპზე, “მილენიუმზე” ავსტრალიამ უელსი 32:20 დაამარცხა.
მომავალი თამაში ორი ზელანდიელი სპეციალისტის დაპირისპირებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ავსტრალიის ნაკრებს რობი დინსი, ხოლო უელსს უორენ გეტლანდი ავარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე საკუთარ გუნდთან კონტრაქტი ორივე მათგანმა გაახანგრძლივა – დინსმა 2013, ხოლო გეტლანდმა 2015 წლამდე, თუმცა, შესაძლოა, ამ მატჩმა მათი მომავალი შეცვალოს. ბუნებრივია, სამშობლოდან მედლის წაღება ორივე მათგანს სურს, განსაკუთრებით კი, “კენგურუების” დამრიგებელმა უნდა მოინდომოს. უელსმა მსოფლიო თასზე სახელი უკვე მოიხვეჭა, კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ მსაჯებისგან ძლიერ დაიჩაგრა და მის მწვრთნელს სადარდებელი ნაკლებად აქვს. უელსელები ჯერ სამხრეთ აფრიკასთან, ჯგუფურ ეტაპზე დაჩაგრეს, როდესაც გატანილი ჯარიმა რატომღაც არ დააფიქსირეს და ისინი 16:17 დამარცხდნენ, მერე კი, ნახევარფინალში, როდესაც მსაჯმა მათი მორაგბე წითელი ბარათით ნაადრევად გააძევა და ერთი საათი კაცნაკლულად მობურთალმა “დრაკონებმა” ამჯერად საფრანგეთთან 8:9 წააგეს. რაც შეეხება ავსტრალიას, ის ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიამ 15:6, ხოლო ნახევარფინალში ზელანდიამ 20:6 ალალად დაამარცხა. შედეგად, 2008 წლიდან დღემდე, ავსტრალიის ნაკრებს დინსის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრათა მხოლოდ 58,33 პროცენტი აქვს მოგებული, რაც “კენგურუებისთვის” კარგი მაჩვენებელი ნამდვილად არაა.
ნახევარფინალური მატჩისგან განსხვავებით, უელსის ნაკრების შემადგენლობაში სამი ცვლილება მოხდა. სამი კვირით დასჯილი გუნდის კაპიტნის, სემ უორბერტონის ნაცვლად, ფლანკერად რვა ნომერი ტობი ფალეტაუ დადგება, რვა ნომერი კი ტრავმამოშუშებული რაიან ჯონსი იქნება. პირველ ხაზში გამოჩნდა პოლ ჯეიმსი, ხოლო მეორე ხაზში ბრედლი დევისი. ავსტრალიის ნაკრებში ცვლილებები მრავლადაა. ტრავმამოშუშებული ქერთლი ბილი 15 ნომრად ბრუნდება და ადამ ეშლი-კუპერი შუამარბად გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელთა მეორეხაზელი ნეითან შარპი ხვალ ეროვნული გუნდის კვართს მეასედ მოირგებს.
აქვე გეტყვით, რომ ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ინიშნება ორი 10-წუთიანი დამატებითი ტაიმი. თუ კვლავ ფრე დაფიქსირდა, დაინიშნება მესამე 10-წუთიანი ტაიმი “ოქროს ქულამდე”. თუ ამ შემთხვევაშიც ფრე დაფიქსირდა, დაინიშნება მატჩისშემდგომი არეკნები.       

2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. III ადგილისთვის
21 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”. 11:30 (თბილისის დროით)
უელსი - ავსტრალია
უელსი: 15. ლეიგ ჰალფპენი, 14. ჯორჯ ნორტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯეიმი რობერტსი, 11. შეინ უილიამსი, 10. ჯეიმს ჰუკი, 9. მიკ ფილიპსი; 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. პოლ ჯეიმსი, 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. დენ ლიდიატი, 7. ტობი ფალეტაუ, 8. რაიან ჯონსი.
სათადარიგოები: 16. ლოიდ ბარნსი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. ალუნ ვუნ ჯონსი, 19. ენდი პოუელი, 20. ლოიდ უილიამსი, 21. სტეფან ჯონსი, 22. სკოტ უილიამსი.
მწვრთნელი: უორენ გეტლანდი (ახალი ზელანდია)
ავსტრალია: 15. ქერთლი ბილი, 14. ჯეიმს ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. უილ გენია; 1. ჯეიმს სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სალესი მააფუ, 4. ჯეიმს ჰორვილი, 5. ნეითან შარპი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოკი, 8. ბენ მაკკელმანი.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ბენ ალექსანდერი, 18. რობ საიმონსი, 19. რადიკ სამო, 20. ლუკ ბურგესი, 21. ენტონი ფაინგა, 22. რობერტ ჰორნი.
მწვრთნელი: რობი დინსი (ახალი ზელანდია)
რეფერი: უეინ ბარნსი (ინგლისი)
ასისტენტები: რომაინ პოიტე (საფრანგეთი), ჯორჯ კლენსი (ირლანდია)

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.141687