ამბები

13:53 | 21.10.2011 | ნანახია 3201 - ჯერ

ავსტრალიელთა პირველი ბრინჯაო

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებმა მეზობელ ახალ ზელანდიაში პლანეტის მესამე ნაკრების ტიტული მოიპოვა. “ვოლაბებმა” უელსის ნაკრებთან შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და გამარჯვება ურთულეს ბრძოლაში მოიპოვეს – 21:18.
თამაშის მე-12 წუთზე ავსტრალიელმა ბერიკ ბარნსმა ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო ჯეიმს ოკონორმა რეალიზაცია უნაკლოდ შეასრულა – 7:0. 7 წუთის შემდეგ უელსელმა ჯეიმს ჰუკმა ზუსტად დარტყმული საჯარიმოთი ბრიტანელთა ჩამორჩენა შეამცირა.
მეორე ტაიმის მე-9 წუთზე კი შეინ უილიამსმა ლელო მიითვალა და წინ უკვე უელსის ნაკრები გაიჭრა - 8:7. თუმცა, მომდევნო 9 წუთში ოკონორმა ორი ჯარიმა გაიტანა და ავსტრალიელები კვლავ და საბოლოოდ დააწინაურა (13:8). 68-ეზე ბარნსმა ზუსტი არეკნით ანგარიში 16:8 გახადა, სამიოდე წუთში უელსელმა სტივენ ჯოუნსმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა (16:11), თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი, ბენ მაკკოლმენმა ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო და მართალია, ოკონორმა ვერ გარდასახა, მაგრამ მაინც ნათელი გახდა, რომ უელსის ნაკრები დღეს მინდორს დამარცხებული დატოვებდა, რადგან თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ათ ქულას აგებდა. თუმცა, მამაცმა ბრიტანელებმა ფარ-ხმალი ბოლო წამამდე არ დაყარეს, ჯიქურ შეუტიეს და როცა 80 წუთი დასრულებული იყო, დაახლოებით 40-ფაზიანი შეტევა პრესტიჟის ლელოთი დააგვირგვინეს – ლი ჰალფმა ანგარიში 16:21 გახადა. სტივენ ჯოუნსმა მეორე ცდაზე გარდასახვა ქულებად აქცია, თუმცა ამან საბოლოო ანგარიში შეცვალა და არა შედეგი – 21:18 ავსტრალიის ნაკრების სასარგებლოდ, რომელმაც მსოფლიო თასის ორგზის მოგებისა და ერთი ვიცე-ჩემპიონობის შემდეგ, ამ ტურნირის ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.112692