VII მსოფლიო თასის მე-3 ადგილისთვის გამართულ ჯახში, ავსტრალიის ნაკრებმა მამაცად მებრძოლ უელსს ყველა კომპონენტში აჯობა, დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 21:18 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს პირველად დაეუფლა. თუკი “დრაკონებს” აქამდე მსაჯები არ წყალობდნენ, ახლა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. მათ უბრალოდ უამრავი შეცდომა დაუშვეს და ეს “ვოლაბებმა” არ აპატიეს.
შეხვედრა კარგი საყურებელი გამოდგა, გუნდები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ორივე მხარემ ორ-ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ავსტრალიელები მცირე მონაკვეთის გარდა, მუდამ წინ იყვნენ და 24 წლის წინანდელის მსგავსად, ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე მორაგბე დაშავდა, თუმცა, ამით უფრო მეტად ავსტრალიამ იზარალა, რომელსაც მე-10 წუთზე ქერთლი ბილი, ხოლო 22-ეზე ქუადე კუპერი დაუშავდა და ამის გამო ტაქტიკის შეცვლა მოუწია, მაგრამ ამან მათ თამაშს კვალი ვერ დაატყო და შედეგიც სახეზეა. საფრანგეთთან მატჩის მსგავსად, უელსელები კარში დარტყმების გამოუყენებლობამ აზარალა, თორემ, ამ კომპონენტში რომ ეხეირათ, შესაძლოა, ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.
თამაში ავსტრალიელთა უპირატესობით დაიწყო. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კარგი იყო ქუადე კუპერი, რომელიც იერიშებს სწორი მიმართულებით წარმართავდა. საწყისმა დარტყმებმა შედეგი ვერ გამოიღო და ანგარიში მხოლოდ მე-12 წუთზე გაიხსნა, როდესაც კუპერის ფეხით გადაკიდებულზე ჯეიმს ოკონორს მცველებმა კი დაასწრეს, მაგრამ შეინ უილიამსს ერთბაშად ორი ავსტრალიელი ეკვეთა და ბურთი წინ დააგდებინა. შერკინებიდან გამოტანილი ოვალი ცენტრისკენ ჩათამაშდა, ბერიკ ბარნსმა წამის მეასედებით გამოზომილი გადაცემა მიიღო, ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ოკონორმა კი, იოლი გარდასახვა ორ ქულად აქცია - 7:0. უელსმა საპასუხოდ შეუტია, მაგრამ ბოლო პასი გვერდითმა მსაჯმა მიიღო. ავსტრალიამ ბოლომდე თავი ვერ დაიცვა, საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ექვსიოდე მეტრში მეტოქის შერკინებას ვერ დაუდგა, დაჯარიმდა და ჯეიმს ჰუკმა ჩამორჩენა შეამცირა. მალე კუპერი დაიმტვრა, ისე, რომ არავინ შეხებია, მერე შერკინებაში უელსი დაჯარიმდა და ოკონორმა 40 მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე, ლი ჰალფპენის 42 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა კარს ოდნავ ასცდა.
მეორე ნახევარი ევროპელთა იერიშებით დაიწყო და 45-ე წუთზე ჰუკმა ანგარიშის შემცირების საშუალება მიიღო, მაგრამ გასატანი პოზიციიდან, დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმა არაზუსტად დარტყა. სამაგიეროდ, უელსმა ოთხ წუთში ლელო გაიტანა. ავსტრალიელებმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, მეტოქის ნახევარზე რაქში ბურთი დაკარგეს, მაიკ ფილიპსის მოკლეზე შეგორებულს ჰუკი აყვა, მან მარცხენა კიდესთან შეინ უილიამსის მისამართით ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ ის მარტივად გაერკვა სიტუაციაში, ბურთს ფეხით მიწვდა და ოვალს მოედნის დატოვების საშუალება არ მისცა, მერე ფეხით ერთხელაც ითამაშა, მცველი ჩამოიტოვა, ბურთი აიტაცა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეხტა, არადა, ცენტრისკენ წასვლის შანსი ჰქონდა. შედეგად, კიდიდან ჰუკმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 8:7.
ოკონორმა ავსტრალიელებს ლიდერობა ხუთიოდე წუთში დაუბრუნა. უელსი ჩახურვისთვის დაჯარიმდა და მან 42 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. კიდევ ოთხ წუთში, 58-ეზე, ოკონორმა უკეთესი პოზიციიდან და უფრო ახლოდან კვლავ ზუსტად დაარტყა - 8:13. 63-ე წუთზე შეინ უილიამსმა არეკნით სცადა სიტუაციის შეცვლა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. მალე უელსი დაჯარიმდა და ოკონორს 46 მეტრიდან ძალა დააკლდა, ბურთმა ძელებამდე ვერ მიაღწია, თუმცა, ორიოდე წუთში ბერიკ ბარნსმა 37 მეტრიდან არეკნი ზუსტად შეასრულა და უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. 71-ე წუთზე სტივენ ჯოუნსმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა და უელსმა შეუტია, მაგრამ ბურთი დაკარგა და ავსტრალიამ კარგი კონტრშეტევა წამოიწყო. ადამ ეშლი-კუპერი ვალდებული იყო ლელო გაეტანა, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში, ბოჭვისას ბურთი ხელიდან გაუვარდა. უელსმა ხეირიანად სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხა, ავსტრალიამ საკუთარი დერეფანი მოიგო, მარცხენა ფლანგზე რიცხვობრივი უპირატესობა შექმნა და ბენ მაკკელმანმა ლელო გაიტანა, ჯეიმს ოკონორს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 10 ქულით დაწინაურებამ ისინი ზეიმის ხასიათზე დააყენა. უელსი არ დანებდა, მატჩის მიწურულს ხანგრძლივი, 30-ფაზიანი შეტევა ლი ჰალფპენიმ ლელოთი დააგვირგვინა და სტივენ ჯოუნსმაც გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ მატჩის დრო უკვე 3 წუთის ამოწურული იყო და ამით მხოლოდ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 21:18 ავსტრალიის სასარგებლოდ.
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. III ადგილისთვის
21 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”.
უელსი - ავსტრალია 18:21 (3:7)
უელსი: 15. ლი ჰალფპენი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჯონათან დეივისი (22. სკოტ უილიამსი 70), 12. ჯეიმი რობერტსი, 11. შეინ უილიამსი, 10. ჯეიმს ჰუკი (21. სტივენ ჯოუნსი 51), 9. მაიკ ფილიპსი (20. ლოიდ უილიამსი 64); 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი (16. ლოიდ ბარნსი 70), 3. პოლ ჯეიმსი (17. რაიან ბევინგტონი 64), 4. ბრედლი დეივისი, 5. ლუკ ჩარტერისი (18. ალუნ ვინ ჯონსი 53), 6. დენ ლიდიატი (19. ენდი პაუელი 64), 7. ტობი ფალეტაუ, 8. რაიან ჯოუნსი.
მწვრთნელი: უორენ გეტლანდი (ახალი ზელანდია)
ავსტრალია: 15. კერთლი ბილი (22. რობერტ ჰორნი 10), 14. ჯეიმს ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოეინი, 10. ქუეიდ კუპერი (21. ენტონი ფაინგა 22), 9. უილ გენია (20. ლუკ ბურგესი 68); 1. ჯეიმს სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სალესი მააფუ (17. ბენ ალექსანდერი 60), 4. ჯეიმს ჰორვილი (19. რადიკ სამო 71), 5. ნეითან შარპი (18. რობ საიმონსი 46), 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოკი, 8. ბენ მაკკელმანი.
მწვრთნელი: რობი დინსი (ახალი ზელანდია)
რეფერი: უეინ ბარნსი (ინგლისი)
ასისტენტები: რომაინ პოიტე (საფრანგეთი), ჯორჯ კლენსი (ირლანდია)
23 ოქტომბერი. ფინალი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია