ამბები

18:57 | 21.10.2011 | ნანახია 2586 - ჯერ

მოპოვებული უფლების ახლიდან მოსაპოვებლად

საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 25 ოქტომბერს გამთენიისას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიემგზავრება, სადაც 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, ბუქარესტშივე, ამ გუნდმა რუსეთის, რუმინეთის და უკრაინის ნაკრებებთან ჭიდილში “შავი ზღვის” თასი მოიპოვა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ერის წარმომადგენელი ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებებთან თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ საერთაშორისო რაგბის ბოსებმა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ახლა საქართველოს ნაკრებს ახლიდან მოუწევს ამ საგზურისთვის ბრძოლა. მაშინვე ითქვა, რომ პატარა “ბორჯღალოსნები” ოქტომბერ-ნოემბერში ბუქარესტში ჩავიდოდნენ და უკონკურსოდ ითამაშებდნენ, მაგრამ “მეტი ინტრიგისთვის” ახლა კონკურსში ჩაგვსვეს.
პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაახლოების მიზნით, რაგბის საერთაშორისო საბჭო ამ ასაკობრივ ჯგუფში ექსპერიმენტებს არ ერიდება. გემახსოვრებათ, შარშან ექვსი ერის გათამაშების ორი უარესი გუნდი - შოტლანდია და იტალია - A ჯგუფში ჩამოქვეითდა და იქ ითამაშა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ზემოთ ნახსენები ორეულის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. წლეულს სისტემა კიდევ ერთხელ შეიცვალა, ექვსი ერის გუნდებს შესარჩევი ეტაპის ორი საუკეთესო ნაკრები დაემატება და გაისად გაერთიანებული, რვაგუნდა ევროპის პირველობა გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა ორი შეკრების გამართვა მოასწრო. პირველი შეკრება 10-დღიანი იყო და ის 30 მორაგბე შეირჩა, რომელთაგანაც ბუქარესტში 26 უნდა გამგზავრებულიყო. მეორე შეკრება 9 ოქტომბერს დაიწყო. გუნდი სასტუმრო “სიმპათიაში” იყო დაბინავებული და ვარჯიშებს დიღომში, “ლოკომოტივის” ბაზაზე მართავდა. მწვრთნელებმა - დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა უკვე შეარჩიეს ის მორაგბეები, რომლებიც ბუქარესტში გაემგზავრებიან და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
დავით ჩავლეიშვილი: “გვეძლევა შანსი, ბობოლა სარაგბო ქვეყნებთან ჩვენი ძალები მოვსინჯოთ და ეს გუნდს მოტივაციას უზრდის. გაუგებარი მიზეზის გამო, ევროპის ჩემპიონატის უკვე მოპოვებული საგზური გაგვიუქმეს და ახლიდან გვიწევს მის მოსაპოვებლად ბრძოლა. როგორც ჩანს, რაგბის მმართველები რუმინელებს ასე იოლად ვერ შეელივნენ და ეს ტურნირი სწორედ მათთვის გააკეთეს. ამ გუნდს ხშირად ვეთამაშებით, მათი შესაძლებლობები ვიცით და ვფიქრობ, ჩვენი უმთავრესი კონკურენტიც სწორედ მასპინძელთა ნაკრები იქნება, რომელსაც პირველ მატჩში ვხვდებით. ბელგიის ნაკრებზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ფრანგებით არის გაძლიერებული, ხოლო პორტუგალია ტრადიციულად, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მსგავსად, სწრაფ რაგბის თამაშობს. რადგან ჩვენ პირველ მატჩში რუმინელებს ვეთამაშებით, მეტოქეზე დაკვირვების საშუალება გვექნება და მათზე დაწვრილებით ინფორმაციას ადგილზევე მივიღებთ. მზადების პერიოდში საკონტროლო შეხვედრებიც გავმართეთ. სხვა ნაკრებებისგან განსხვავებით, საქართველოს ამ ასაკობრივ ნაკრებს ძალიან კარგი უკანა ხაზი ყავს და ეს კოზირადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. სწრაფები არიან ჩვენი შერკინების მეორე და მესამეხაზელები და ჯანშიც ტრადიციულად, კარგად ვართ. მარტო ის რად ღირს, რომ გუნდში ხუთი მხტომელია და ეს ძალიან ბევრის მანიშნებელია”.
მამუკა ტყეშელაშვილი: “შეკრებისას იმ მომენტებზე ვიმუშავეთ, რისი დახვეწაც გვსურდა. სამწუხაროდ, ის 9 და 10 ნომრები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდნენ, დაშავდნენ და გარკვეული ცვლილებების გაკეთება მოგვიხდა. შემადგენლობაში უმეტესად ის მორაგბეები არიან, რომლებმაც ივნისში “შავი ზღვის” თასი მოიგეს. ახლა რუმინელებმა ჩვენი სტილი იციან და რაღაც-რაღაცეები ამის გამოც შევცვალეთ. მწამს, ბიჭები წარმატებით გაართმევენ თავს დასახულ ამოცანას და გაისად ექვსი ერის წარმომადგენლებთან მოვსინჯავთ ძალებს”.
საბა შუბითიძე: “ბუქარესტში საბრძოლველად მივდივართ. ამ ტურნირს აუცილებლად მოვიგებთ და მომავალ წელს ექვსი ერის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშებთ”.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტში რუმინეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ჯგუფურ ტურნირზე ქულათა დარიცხვის სისტემა დიდი რაგბის მსგავსი იქნება, ანუ, გამარჯვებისთვის 4 ქულა დაიწერება, ფრისთვის 2 და იმოქმედებს პრემიალური სისტემაც - 4 და მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხი, გუნდისათვის ერთი პრემიალური ქულის მომტანი იქნება. პატარა “ბორჯღალოსნები” სამშობლოში 6 ნოემბერს დაბრუნდებიან და იმედია, თასს და ბობოლებთან თამაშის საშვს უკვე მეორედ თან ჩამოიყოლებენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: რამაზ მაზმიშვილი, ბექა პირიაშვილი, ალექსი ცისკარიშვილი, ზაურ ხარებავა, მიხეილ მასხარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე (კაპიტანი), გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, რევაზ ბროძელი, რევაზ ჯინჭველიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.
მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი

18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო
პორტუგალია
ბელგია
რუმინეთი

29 ოქტომბერი. შაბათი
ბელგია - პორტუგალია
რუმინეთი - საქართველო
1 ნოემბერი. სამშაბათი
საქართველო - ბელგია
რუმინეთი - პორტუგალია
4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095908