საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 25 ოქტომბერს გამთენიისას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიემგზავრება, სადაც ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი ტრადიციულად რვაგუნდიანი იქნება და პლეი ოფის სისტემით გაიმართება. ამავე ტურნირზე გათამაშდება 2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” საგზური და როგორც “ბორჯღალოსანთა” მწვრთნელებმა თქვეს, მას ევროპის ზონიდან ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, სავარაუდოდ კი, “ალაფას” გაისად იაპონია უმასპინძლებს.
2010 წლის ევროპის ჩემპიონი საქართველო, მეოთხედფინალში A დივიზიონში გასულ წელს აღზევებულ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში რუმინეთისა და პორტუგალიის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის კიდევ ორი წყვილი ჰოლანდია-ბელგიამ და რუსეთ-ესპანეთმა შეადგინეს.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ერთი დიდი სიახლეა - გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, პაატა ნარიმანაშვილი შოტლანდიელმა სპეციალისტმა იან რიჩარდ სმიტმა ჩაანაცვლა, რომელიც ბოლო პერიოდში ინგლისში ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა. ის თბილისში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა და მუშაობას შეუდგა. დასკვნით შეკრებაზე ქართველი 19-წლამდელები 2 ოქტომბერს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შევიდნენ და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრებიც გამართეს.
იან სმიტი: “მეტოქეების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, მაგრამ ამას მნიშვნელობას არც ვანიჭებ. მთავარია, სწორედ შევასრულოთ დასახული ამოცანები და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. არცერთი ჭკუათმყოფელი მწვრთნელი არ იტყვის, რომ ექვსი კვირა გუნდის გასაცნობად და მოსამზადებლად საკმარისი დროა, მაგრამ რაღაცეები მაინც მოვასწარით. თამაშის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით და ვფიქრობ, ბუქარესტშიც საუკეთესოები ვიქნებით. მორაგბეთა ერთმა ნაწილმა ვარჯიშს კარგად აუღო ალღო, ზოგს გაუჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა მაინც წინ მივიწევთ. ჩემი მიზანია, რომ ამ ბიჭებს თანამედროვე რაგბის თამაში ვასწავლო.
ქართველ მორაგბეებს აქვთ პლიუსები, რაც მსოფლიო თასზეც გამოჩნდა, მაგრამ ნაკლოვანებებიც თვალსაჩინოა. აუცილებელია, რომ მათ სხვადასხვა ეპიზოდებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება ისწავლონ. ბრიტანელი თანატოლები ქართველ 19-წლამდელებს სწორედ ამით ჯობნიან. ისინი ადრეულ ასაკშივე სწავლობენ სწორად თამაშს და იციან, რა დროს როგორ მოიქცნენ, ამასთან, ტექნიკაც უკეთესი აქვთ. მე ეროვნული გუნდის მწვრთნელი არ ვარ და ჩემი სათამაშო ტაქტიკაც მისგან განსხვავებული იქნება. რა რესურსიც გყავს, ტაქტიკაც იმის მიხედვით უნდა შეარჩიო, ის მოთამაშეთა ხარისხს უნდა მოარგო. გამოსწორებას ყველა სათამაშო რგოლი საჭიროებს და რაღაცეების შეცვლა უკვე მოვასწარით. ახლა ბიჭები ბევრად უკეთესები არიან, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. შედეგი და განვითარება – აი, ესაა ჩვენი მიზანი. ორივეს ერთად გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ, ვთვლი, რომ მათი მიღწევა შეგვიძლია”.
მერაბ შარიქაძე: “არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. რუმინეთში იოლად უნდა გავიმარჯვოთ და ევროპის ჩემპიონობა შევინარჩუნოთ. პირველ მატჩში შვეიცარიის გუნდს ვხვდებით, რომელსაც იოლად უნდა ვძლიოთ და მერე რუმინეთთან მოგვიწევს თამაში. ამ გუნდს ხშირად ვეთამაშებით, კარგად ვიცნობთ და ვფიქრობ, მწვრთნელებს გავახარებთ”.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხედეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
30 ოქტომბერი. კვირა. 1/4-ფინალი
1. საქართველო - შვეიცარია
2. ბელგია - ჰოლანდია
3. რუსეთი - ესპანეთი
4. რუმინეთი - პორტუგალია
ნახევარფინალები
პირველის მოგებული - მეოთხეს მოგებული
მეორეს მოგებული - მესამეს მოგებული
პირველის წაგებული - მეოთხეს წაგებული
მეორეს წაგებული - მესამეს წაგებული
ზურა ქსოვრელი
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია