ამბები

11:26 | 22.10.2011 | ნანახია 2957 - ჯერ

“ბზის თასის” მაძიებელთა რიცხვი ერთით შემცირდება

ბოლო წლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატში გასარკვევი ძირითადად მხოლოდ ის იყო ხოლმე, თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი - “ლელო”, თუ “ლოკომოტივი”. XXIII გათამაშებაში საკითხი ასე აღარ დგას, ლიდერების მანტია სხვებმა მოისხეს და დღეს ის უნდა გაირკვეს, თუ ვინ დაკარგავს ჩემპიონობის შანსს - “ლელო”, თუ “ლოკომოტივი”.
ავსტრალიური პლეი ოფის გასავარდნ შეხვედრას “შევარდენი” უმასპინძლებს. “ლელოსა” და “ლოკომოტივის” ეს საინტერესო დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ლოკომოტივმა” პლეი ოფში თამაში რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტურში დაიბევა და ერთი კვირის წინ “დასვენების საშუალება” ჰქონდა, რის შედეგადაც “არმაზთან” 25:39 დამარცხდა. “ლელომ” დასკვნით ტურში მოცილე “აკადემიასთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და დაძაბულ ბრძოლაში 19:15 გამარჯვებით, საუკეთესო ოთხეულს შეუერთდა.
ამ გუნდების ჯახი მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, ასეთ დონეზე. წლევანდელი რეგულარული პირველობის პირველი წრის შეხვედრამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე, ხშირი იყო გაწევ-გამოწევა და ჩხუბი, მსაჯს რამდენჯერმე დაჭირდა ყვითელი ბარათის ჯიბიდან ამოღება. საბოლოოდ, “ლელომ” მაინც იმძლავრა და მეტოქე 27:19 დაამარცხა. მეორე წრის მატჩი არანაკლებ დაძაბული და საინტერესო იყო. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა არსებული სიტუაცია გაითვალისწინეს და მატჩზე შოტლანდიელი რეფერი დანიშნეს. ამჯერად “ლოკომოტივმა” რევანშის აღება მოახერხა და მეტოქეს 25:20 აჯობა. უცხოელი რეფერი მოემსახურება პლეი ოფის ამ და დანარჩენ შეხვედრებსაც.
რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორეადგილოსნები ერთმანეთს ქუთაისში, “დინამოს” სტადიონზე დაუპირისპირდებიან და ეს შეხვედრაც 16:00 საათზე დაიწყება. “აიამ” რეგულარული პირველობა პირველ საფეხურზე დაასრულა და მასპინძლობის უფლებაც მიიღო. გათამაშების მიწურულს ამ გუნდს საკუთარ ქალაქში მოედანიც ეღირსა და ახლა “არმიას” “აიას” იერიშებთან ერთად, ქუთაისელი გულშემატკივრის შეტევის მოგერიებაც მოუწევს. პირველ წრეში დაუმარცხებელმა “აიამ” არმიელებს მალთაყვაში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 17:15 იმარჯვა. დაძაბული იყო მეორე წრის მატჩიც, სადაც ქუთაისელებს რამდენიმე მორაგბე დაემტვრათ და “არმიამ” ღირსეული რევანშის აღება მოახერხა - 23:15.
ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში თამაშის უფლებას მიიღებს, გადამწყვეტი მატჩი კი 5 ნოემბერს გაიმართება და ფინალისტს მანამდე ჭრილობების მოსაშუშებლად ორი კვირა ექნება, დამარცხებულს კი, ერთი კვირის შემდეგ, 29 ოქტომბერს, “ლოკომოტივი”-“ლელოს” შორის გამარჯვებულთან მოუწევს ფინალის საგზურისთვის ბრძოლის გამართვა.
კიდევ ერთი საპლეიოფო შეხვედრა კვირას, 23 ოქტომბერს “შევარდენზე” 17:00 საათზე დაიწყება. ამჯერად უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი გუნდი ორრაუნდიანი ჯახის პირველ სერიას გამართავს. უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზე გასული “აკადემია”, რომელიც ბოლო ტურამდე საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ დღეში აღმოჩნდა, პირველი ლიგის მეორეადგილოსანს, თბილისის “ილიაუნი ჯიქებს” დაუპირისპირდება. “ჯიქებმა” პირველ ლიგაში მხოლოდ ორი შეხვედრა წააგეს, ორივე “ბათუმი XV”-თან და უმაღლესი ლიგის პირდაპირი საგზური აჭარლებს დაუთმეს, თავად კი, მიზნის მისაღწევად ბრძოლის გაგრძელება მოუწევთ.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
22 ოქტომბერი. ავსტრალიური პლეი ოფი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი (გასავარდნი)
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი (გასასვლელი)
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
23 ოქტომბერი. გადასასვლელი პლეი ოფი
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075506