24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) მსოფლიო თასის გათამაშება დააწესა. “უებ ელისის თასის” პირველ ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები შეებნენ და მაშინ, ოკლენდის “იდენ პარკზე” გამარჯვება “ოლ ბლექსს” დარჩა. მას შემდეგ ზელანდიელები სანუკვარ ჯილდოს ერთხელაც ვერ შეწვდნენ და ახლა ნავსის გატეხვას კვლავ ოკლენდში, იგივე “იდენ პარკზე”, ისევ საფრანგეთთან ეცდებიან. თავის მხრივ, მსოფლიო თასის 24-წლიან ისტორიაში საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ორჯერ ითამაშა, მაგრამ სანუკვარ მიზანს ერთხელაც ვერ უწია და ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას მესამე ცდაზე შეეცდება.
ახალი ზელანდიის ნაკრებს საფრანგეთთან, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ნაკრებებთან, დადებითი ბალანსი აქვს, მაგრამ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან “ლურჯებს” “ოლ ბლექსი” ყველაზე მეტჯერ ყავთ დამარცხებული და “ზელანდიელთა სპეციალისტებად” მიიჩნევიან. მსოფლიო თასებზე ამ გუნდებმა სულ 5-ჯერ ითამაშეს. პირველი მსოფლიო თასის ფინალში “ოლ ბლექსმა” ევროპელებს 29:9 სძლია. შემდეგი შეხვედრა 1999 წელს, ნახევარფინალურ ეტაპზე შედგა და ფრანგებმა 43:31 მოიგეს. ოთხი წლის შემდეგ ზელანდიამ და საფრანგეთმა ბრინჯაო გაითამაშეს და “შავებმა” 40:13 იმარჯვეს, ხოლო ოთხი წლის წინ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე, ამ გუნდებმა ურთიერთობა უელსში, კარდიფში გაარკვიეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ფრანგებმა ჯგუფში წინასწარი გათვლის საწინააღმდეგოდ, პირველი ადგილი ვერ დაიკავეს. შედეგად, სტადიონზე გულშემატკივართა 80 პროცენტი ზელანდიელები იყვნენ, მაგრამ ფრანგებმა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და 20:18 მოიგეს. მეხუთე შეხვედრა წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სადაც “ოლ ბლექსმა” პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მეორე ნახევარში ფრანგებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს და მხოლოდ 17:37 დამარცხდნენ.
2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ამ გუნდებმა ერთმანეთში სულ ოთხჯერ ითამაშეს. 2009 წელს საფრანგეთი ახალ ზელანდიაში ტურნეზე იმყოფებოდა და “ოლ ბლექსი” მისსავე სამშობლოში, ქალაქ დანიდინში 27:22 დასცა. ზელანდიელებმა რევანში ერთ კვირაში აიღეს, როდესაც ველინგტონში 14:10 იმარჯვეს, ნოემბერში კი, ფრანგებს უკვე მარსელში სძლიეს - 39:12. მეოთხე შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ, მსოფლიო თასზე შედგა და უკვე გითხარით, რომ მასპინძლებმა 37:17 მოიგეს. მსოფლიო თასის ფინალში ორივე გუნდი მესამედ თამაშობს. 1987 წელს “ოლ ბლექსმა” საფრანგეთი დაამარცხა, 1995 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა, საფრანგეთმა კი, აქამდე ფინალში 1999 წელსაც ითამაშა და ავსტრალიასთან 12:35 შერცხვა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა იმ ძირითად შემადგენლობებში, რომლებმაც ნახევარფინალური ეტაპი დაძლიეს, ცვლილებები არ შეიტანეს. სპეციალისტები ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევენ, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ როცა ფრანგებს დაჭირდათ, შედეგს მიაღწიეს და ზელანდიელებს ნაადრევი ზეიმისგან თავის შეკავებას ურჩევენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც ფინალში თამაშს მსოფლიო თასის დაწყებამდე მასპინძლები ყველაზე ცუდ ვარიანტად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და მომავალ ჯახს ოპტიმისტურად ხვდებიან. და ერთიც, ამ შეხვედრის შემდეგ ფრანგთა თავკაცი მარკ ლივერმონი პოსტს დატოვებს და მას სურს, რომ ეს გამარჯვებულის რანგში გააკეთოს...
2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. ფინალი
23 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”. 12:00 საათი (თბილისის დროით)
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
ახალი ზელანდია: 15. ისრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. რიჩარდ კაჰუი, 10. აარონ კრუდენი, 9. პირი ვეეპუ; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევენ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. სემიუელ უაითლოკი, 5. ბრედ ტორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კირან რიდი.
სათადარიგოები: 16. ანდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენკსი, 18. ალი უილიამსი, 19. ადამ ტომსონი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. სონი ბილი უილიამსი.
მწვრთნელი: გრემ ჰენრი
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარდი, 14. ვენსან კლერი, 13. ორელიენ რუჟრი, 12. მაქსიმ მერმო, 11. ალექსი პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი; 1. ჟან-ბაპტისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მა, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დიუსოტუარი (კაპ.), 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
სათადარიგოები: 16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ფულჟანს უედრაოგო, 20. ჟან-მარკ დუსენი, 21. ფრანსუა ტრინ-დუკი, 22. დამიენ ტრელი.
მწვრთნელი: მარკ ლივერმონი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია