საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული პირველობის ავსტრალიური ფლეი ოფის პირველი დღე დაძაბული გამოდგა. გამარჯვებულის ვინაობა, პრაქტიკულად ბოლო წუთამდე ორივე შეხვედრაში გაურკვეველი იყო. ქუთაისში “აიამ” საკუთარი კედლების უპირატესობით ვერ ისარგებლა, თბილისის “არმიასთან” ტაიმი 8:10, ხოლო შეხვედრა 16:24 დათმო და ახლა, ფინალის საგზურისთვის მცირე ფინალში მოუწევს ბრძოლა, არმიელები კი, საკუთარ მეტოქეს მშვიდად დაელოდებიან.
მცირე ფინალში, ქუთაისელთა მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” იქნება, რომელმაც გასავარდნ ფლეი ოფში “ლელო” დაჯაბნა და ტიტულის შენარჩუნებისკენ პირველი მძლავრი ნაბიჯი გადადგა. ამ შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე ეტყობოდა, თუ რამხელა იყო გამარჯვების ფასი. ლოკომოტიველებმა სწრაფად მობურთალი ლელოელები ჯანში პირწმინდად დაჯაბნეს, ეს უპირატესობა ქულებად აქციეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. “ლელო” ფონს სისწრაფის ხარჯზე გასვლას ცდილობდა, რაც გარკვეულ ეპიზოდებში გამოუვიდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, იმ დღეს უძლიერესმა იმარჯვა.
“ლოკომოტიველი” მორკინალების უპირატესობა პირველსავე წუთებიდან გამოიკვეთა. ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დანიშნულ შერკინებაში, “ლელო” მეტოქეს, უბრალოდ, ვერ დაუდგა და დაიშალა. ასე გაგრძელდა მთელი შეხვედრის განმავლობაში და ხშირ შემთხვევაში, “ლელო” საკუთარ შერკინებას აგებდა და ამან მათი ბედი გადაწყვიტა. მატჩში ხშირი იყო ტრავმები. პირველი ასეთი შემთხვევა მეოთხე წუთისთვის მოხდა, როდესაც ბექა ხიპაშვილი გაითიშა, თამაში დაახლოებით ათი წუთით შეწყდა და ის მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. მეორედ უკვე “ლოკომოტიველმა”, დავით ჟამუტაშვილმა დაკარგა გონი და ამჯერად გუნდებს სამი-ოთხი წუთით მოუწიათ შეჩერება.
ანგარიში მე-5 წუთისთვის გაიხსნა, როდესაც “ლელო” კიდევ ერთხელ დაჯარიმდა შერკინებაში და ბობა კვინიხიძემ გასატანი ჯარიმა სამ ქულად აქცია. ამაზე “ლელომ” მალევე ლელოთი უპასუხა, რომელიც ულამაზეს კომბინაციას მოყვა. მათ სწრაფად გაითამაშეს თავისუფალი, გიორგი კაჭარავამ ლაშა ხმალაძეს ხაზი სუფთად გააჭრევინა, მან მარცხნივ სანდრო თოდუა მოძებნა, რომელმაც ათიოდე მეტრით წინ წაიწია და ბოჭვისას არცთუ კარგი გადაცემა გააკეთა, მაგრამ სიტუაციაში კარგად გაერკვა ნონო ანდღულაძე, რომელმაც ბურთი აიტაცა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეხტა. ირაკლი ყიასაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა და “ლელო” 7:3 დაწინაურდა.
“ლოკომოტივმა” შეუტია და ხმალაძეს საკუთარი 22-დან ბურთის ფეხით მოგერიებისას დაუფარა, მაგრამ ყიასაშვილმა ყველას დაასწრო და ის საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა. “ლოკომოტივმა” ძალისმიერი იერიში განაგრძო და მეტოქეს რაქში დაჯარიმება აიძულა, რაც მე-15 წუთზე კვინიხიძემ სამ ქულად გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. ოთხიოდე წუთში, ყიასაშვილმა ჯარიმის გატანა საკუთარი ნახევრიდან სცადა, მაგრამ მის დარტყმულს ძალა დააკლდა. სამაგიეროდ, მანვე, 25-ე წუთზე 30 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და ანგარიში 10:6 გახდა. მართალია, კაჭარავას თამაში ძალიან კარგად მიჰყავდა, მაგრამ “ლოკომოტივმა” მეტოქეს აგრესიული დაცვა დაუპირისპირა, გასაქანი არ მისცა, თავად მოკლე დარტყმებით თუ მოლით იერიშები გააგრძელა და 35-ე წუთზე “ლელო” ისევ დაჯარიმდა. კვინიხიძემ ახლოდან გასატანი ჯარიმა გამოიყენა და ტაიმი 10:9 დასრულდა.
თამაშის მაღალი ტემპი და ინტენსივობა მეორე ნახევარშიც შენარჩუნდა. 43-ე წუთზე, კვინიხიძეს თანაგუნდელების დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, 46-ე წუთზე, “ლოკომოტივმა” მოკლე დარტყმებით მეტოქე კარგად “დაამუშავა”, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, სადაც თავის შანსს დიმიტრი ჭურღულია ელოდა და მანაც ლელო დაბრკოლების გარეშე გაიტანა. კვინიხიძემ რეალიზაცია გამოიყენა და “ლოკომოტივი” 16:10 დაწინაურდა. ლოკომოტიველები ისე გათამამდნენ, რომ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს და მეტოქეს ძალისმიერად შეუტიეს. მეტოქე მათ შეჩერებას ჯარიმებით ახერხებდა, როდესაც მოლით შეტევა ვეღარ მოიგერია, მსაჯმა ვიდეორეფერი მოითხოვა და რადგან მსგავსი რამ საქართველოსთვის უცხო ხილია, ლელო არ ჩათვალა. მერე შემტევებს ბურთი წინ დაუვარდათ, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, მათ მეტოქის შერკინებაც იოლად წამოიღეს. საბოლოოდ, კვინიხიძემ ჯარიმის კარში დარტყმა მაინც გადაწყვიტა და საათის თავზე, “ლოკომოტივის” უპირატესობა ცხრა ქულამდე გაიზარდა.
ამას ნერვების უკიდურესად დაძაბვა მოჰყვა და მოროაგბეები ეპიზოდურ კინკლაობაზე გადავიდნენ. არცერთი აღარ თაკილობდა მსაჯისთვის შეუმჩნევლად მოწინააღმდეგის დაწიხლვას. 72-ე წუთზე “ლელომ” შანსი მიიღო, როდესაც ბურთი ფლანგზე გაშალა და იქ, ზურაბ ზაალიშვილმა ფეხით თამაში გადაწყვიტა. უბურთოდ დარჩენილ “ლელოელს” მეტოქე ეუხეშა, ყიასაშვილმა გასატანი ჯარიმა გამოიყენა და დარჩენილ წუთებს ინტრიგა დაუბრუნა. მაგრამ ჯანმა თავისი გაიტანა, “ლოკომოტივმა” ბურთიც შეინარჩუნა, დროც მოიგო, მერე მეტოქეს ჯარიმაც დასტყუა და კვინიხიძემ 78-ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:13. დარჩენილ ორ წუთში ერთი ისღა იყო, რომ მორაგბეებმა ორთქლი გაუშვეს, პატარა წაუთაქეს ერთმანეთს და მერე “ლოკომოტივმა” “ლელო” დასასვენებლად, ხოლო “ლელომ” “ლოკომოტივი” მცირე ფინალში დერეფნით გააცილა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
22 ოქტომბერი. ავსტრალიური ფლეი ოფი
თბილისი. “შევარდენი”. 1000 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:22 (10:9)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. თოდუა, 12. ანდღულაძე, 11. ხუციშვილი, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია (კვერნაძე 14), 3. სუჯაშვილი, 4. ხიპაშვილი (კოლელიშვილი 5), 5. ი. დაუშვილი (ჯვარშეიშვილი 65; ჭეიშვილი 73), 6. მძინარიშვილი, 7. დ. დაუშვილი, 8. აზალაძე.
1 ლელო: ანდღულაძე
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
2 ჯარიმა: ყიასაშვილი
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
ლოკომოტივი: 15. კავთიძე, 14. ქავთარაძე, 13. კობერიძე, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი (ჭურღულია 14), 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი (კორკოტაძე 78), 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. გუნიავა, 5. ნიშნიანიძე, 6. გენებაშვილი, 7. ჩიტიძე, 8. ბერიშვილი.
1 ლელო: ჭურღულია
1 გარდასახვა: კვინიხიძე
5 ჯარიმა: კვინიხიძე
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
რეფერი: არნო ბლობდელა (საფრანგეთი)
ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი (გასასვლელი)
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 16:24 (8:10)
23 ოქტომბერი. გადასასვლელი ფლეი ოფი
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია