პირველ საპლეიოფო შეხვედრას ქუთაისში 2000-მდე მაყურებელი დაესწრო. მატჩი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა ისე არ წარიმართა, როგორც ეს ქუთათურთა ქომაგებს სურდათ.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თითქოს, მათ სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მე-12 წუთზე რიონისპირელებმა მეტოქისგან პირველი ლელო მიიღეს. მარჯვენა ფლანგზე აუტის მოგების შემდეგ, არმიელებმა ბურთი
ნელ-ნელა შუაგულისაკენ გადაიტანეს და შკინინს გადააწოდეს, რომელმაც თავის სიჩაუქე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ხოლო გარდასახვა კობახიძემ შეასრულა - 0:7. "აიამ" მეტოქეს მალევე უპასუხა ლელოთი. ირაკლი გიორგაძის გადაცემის შემდეგ, მარცხენა ფლანგის კუთხეში გოშაძემ "დაამიწა", მაგრამ გარდასახვა ხამაშურიძემ ვეღარ შეძლო - 5:7.
ამის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, რომ ქუთაისელმა შარვაშიძემ, პირველად და უკანასკნელად ამ პაექრობაში, წინ გაიყვანა მასპინძლები. ქუთაისელმა მორაგბემ ეს არეკნით გააკეთა, თანაც, ამ სიტუაციაში "აიას" მოთამაშეების გარჯაც უნდა დავაფასოთ, რომლებმაც გაუთავისუფლეს პოზიცია შარვაშიძეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 8:7. ტაიმის მიწურულს კი, თბილისელთა მთავარმა დამრტყმელმა კობახიძემ, ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ისევ წინ გაიყვანა თანაგუნდელები - 8:10.
მეორე ტაიმის დასაწყისი მასპინძელთათვის შოკისმომგვრელი გამოდგა. თამაშის განახლებიდან 10 წუთიც არ იყო გასული, რომ დედაქალაქელებს უკვე ორი ლელო ჰქონდათ დადებული. ორივე შემთხვევაში "აიას" მოთამაშეები უხეშად შეცდნენ და მეტოქეს მისცეს სრული თავისუფლება. ლელოების ავტორებმა, შკინინმა და კალმახელიძემ, ბურთიანად ისე ირბინეს დაახლოებით 60 მეტრი, რომ წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრიათ. 16-ქულიანი უპირატესობა თანაბარი მეტოქეების პაექრობაში ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს, უპირველესად, "აიას" მორაგბეებმა იგრძნეს. მართალია, მათ მცდელობა არ დაუკლიათ და მთელი დარჩენილი დრო შეტევებში გაატარეს მაგრამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლეს. თბილისელები ქუთათურების შეჩერებას ჯარიმების ხარჯზე ცდილობდნენ, მასპინძლები კი საჯარიმოებს ჯიუტად არ ასრულებდნენ. მათ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც ზუსტად. ამას რიონისპირელებმა ერთი ლელოც დაამატეს, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს. "არმიამ" თამაშის ეპილოგი თითქმის სულ კაცნაკლულად ჩაატარა, მაგრამ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა თბილისელებმა მაინც მოახერხეს. მართალია, "აიას" საჩემპიონო შანსები არ დაუკარგავს, თუმცა ფინალამდე მისასვლელი გზა რომ გაირთულა, ფაქტია. ნამატჩევს, მოთამაშეთა შორის მცირე შეხლა-შემოხლა იყო, მაგრამ საქმე ჩხუბამდე არ მისულა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
"აია" - "არმია" 16:24 (8:10)
22 ოქტომბერი. 16:00. ქუთაისი. "დინამო". 2000 მაყურებელი
"აია": ლომიძე, გურეშიძე, ტარიელ ჩხიკვაძე, ჩიტეიშვილი, ძაგნიძე, რევიშვილი, დგებუაძე, თხელიძე, გოგია, შარვაშიძე, გოშაძე, ირაკლი გიორგაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, არაბიძე, ხამაშურიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჟვანია, მატკავა, მეტრეველი, ცირეკიძე, კუხიანიძე, სინაურიძე.
2 ლელო: გოშაძე, გოგია
ჯარიმა: სინაურიძე
არეკნი: შარვაშიძე
მთავარი მწვრთნელი: კობა გიორგაძე
"არმია": კაკოვინი, ბრეგვაძე, დონაძე, ბუჯიაშვილი, ცხადაძე, თავართქილაძე, კალმახელიძე, უდესიანი, სამხარაძე, ელიზბარაშვილი, შკინინი, მჭედლიძე, გაბროშვილი, ტუჩაშვილი, კობახიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: თხილაშვილი, ქორიძე, გაგოშვილი, მეკოკიშვილი.
3 ლელო: შკინინი (2), კალმახელიძე
3 გარდასახვა: კობახიძე (3)
ჯარიმა: კობახიძე
მთავარი მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე
სინბინი: ცხადაძე, გაბროშვილი, კაკოვინი
არბიტრი: სალემ ატალაჰი
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
მალხაზ ახვლედიანის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია