სულ ცოტა დააკლდა საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს იმისათვის, რომ ევროპისთვის მე-2 მსოფლიოს თასი მოეტანა. “ლე ბლემ” “უებ ელისის თასის” ფინალურ შეხვედრაში საოცარი თამაში აჩვენა, თითქმის მთელი მე-2 ტაიმი სიტუაციას აკონტროლებდა, მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და ქულის აღების შანსი მერეც ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია და მისთვის მე-3 ფინალშიც დამარცხდა. სამაგიეროდ, მე-3 ფინალი წარმატებული გამოდგა ახალი ზელანდიისთვის, რომელიც მსოფლიოს თასს აქამდე ერთხელ ფლობდა. 24 წლის წინანდელი ფინალის მსგავსად, კვლავ ველინგტონში, “იდენ პარკზე” და ისევ საფრანგეთთან, “ოლ ბლექსმა” გამარჯვება იზეიმა და თასი მეორედ შემართა. ოღონდ, ამჯერად, ზელანდიელებს გამარჯვება იოლად არ დარჩენიათ. მორაგბეებმა და გულშემატკივრებმა, რეფერის საფინალო სასტვენამდე დიდი ნერვიულობა გადაიტანეს, მაგრამ “შავებმა” გაძლეს და სანუკვარი თასი მოიგეს. ამრიგად, 7 მსოფლიოს თასიდან, ორ-ორჯერ გამარჯვება სამხრეთ ნახევარსფეროს დიდმა სამეულმა - ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკამ და ავსტრალიამ იზეიმა, ერთხელ კი, “უებ ელისის თასმა” ეკვატორი გადალახა და 4 წლით ბინა ინგლისში დაიდო.
2011 წლის მსოფლიოს თასის ფავორიტად თავიდანვე ახალი ზელანდია მიიჩნეოდა. ზელანდიელებს ძალიან არ უნდოდათ, რომ ფინალში უხერხულ მეტოქესთან - საფრანგეთის ნაკრებთან ეთამაშათ, მით უმეტეს, რომ ტურნირის მსვლელობისას “ოლ ბლექსმა” 2 ძირითადი 10 ნომერი დაკარგა. მაგრამ ამ შიშს ნაწილობრივ ის აქარწყლებდა, რომ ჩემპიონატზე ფრანგები არცთუ დამაჯერებელ თამაშს აჩვენებდნენ და ჯგუფურ ეტაპზე ზელანდიამ ძალიან იოლად - 37:17 აჯობა. საფრანგეთის ნაკრებმა კარგად ითამაშა მეოთხედფინალში ინგლისთან, თუმცა, ნახევარფინალში კვლავ არადამაჯერებელი იყო და მსაჯის გამოისობით მთელი საათით კაცნაკლულად დარჩენილი უელსი, მხოლოდ ერთი ქულით - 9:8 დაამარცხა. მოკლედ, ფინალში მაინც ყველა “ოლ ბლექსის” იოლ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს უწინარესად, ფრანგთა თავდადებული, კარგი თამაშის დამსახურებაა.
ზელანდიელებს მსოფლიოს თასის შინ დატოვება იმდენად სურდათ, რომ მეოთხედფინალიდან ტრადიციულ, სანახაობრივ რაგბიზე უარი თქვეს, პრაგმატულად ითამაშეს. როცა დასჭირდათ, ქულები ჯარიმებით მოაგროვეს, დროც წარმატებით გაიყვანეს და მიზანსაც უწიეს. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს მთლად ღირსეული ჩემპიონი არ ჰყავს - ეს თამაშია, სადაც წესების მიხედვით ქულების მოპოვების რამდენიმე ხერხი არსებობს და მსოფლიო რაგბის მშვენებამ “ოლ ბლექსმაც” “უებ ელისის თასი” 4 წლით ღირსეულად ჩაიბარა.
შეხვედრა ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის ტრადიციული, საბრძოლო ცეკვა “ჰაკას” შესრულებით დაიწყო. ტრადიცია ერთგვარად საფრანგეთის ნაკრებმა დაარღვია. როგორც წესი, “ჰაკას” შესრულების დროს მოწინააღმდეგე გუნდი მის პირისპირ ხაზად დგება, ფრანგებმა კი, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს, ორ ფლანგად, სამკუთხედისებურად განლაგდნენ და როგორც კი მეტოქემ საბრძოლო ცეკვის შესრულება დაიწყო, მათკენ დაიძრნენ. ბუნებრივია, ეს ზელანდიელებს გარკვეულწილად დააბნევდა და ძნელი სათქმელია, ამის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მასპინძლებს შეხვედრის მსვლელობისას ბევრი რამ არ გამოუვიდათ.
ეს მატჩის დებიუტშივე გამოჩნდა, როდესაც ზელანდიელებმა საკუთარი დერეფანი დათმეს და ფრანგებმა 13-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ “ოლ ბლექსის” დაცვა ვერ გატეხეს და ჩათვლის მოედნიდან 40 მეტრის მოშორებით თავადვე დაჯარიმდნენ. მთლიანობაში, ორივე გუნდის დაცვამ კარგი თამაში აჩვენა. გუნდებმა თითო-ოროლა შეცდომა დაუშვეს და ორივე ნაკრებმა თითოჯერ იხეირა. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ კარში დამრტყმელთა ოსტატობაზე იყო დამოკიდებული და ამ კომპონენტის ზუსტი შესრულებით კი ვერცერთი გუნდი დაიკვეხნის. გუნდებმა სამიდან მხოლოდ თითო-თითო დარტყმა შეასრულეს ზუსტად, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზელანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს, ფრანგებმა გარდასახვა და მეტოქეს ქულით ამის გამო ჩამორჩნენ. ისე, ბოლო აცილებული დარტყმა ფრანგების იყო და რომ გაეტანეთ... მერე ალბათ, ზელანდია გააფთრებული შეუტევდა და ბოლო წუთები უფრო საინტერესო საყურებელი იქნებოდა, ეგებ ჯარიმის უფლება მათაც მოეპოვებინათ, ან სულაც ლელო გაეტანათ, ან...
საწყისი წუთების შემდეგ ინიციატივას ზელანდიელები დაეუფლნენ, ფრანგები თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ და მე-7 წუთზე, პირი ვეეპუს ანგარიშის გახსნის საშუალება მიეცა, მაგრამ კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 35 მეტრიდან, უხეიროდ დაარტყა.
მალე ფრანგებს მორგან პარა დაუშავდათ, რომელმაც სახეში მიიღო დარტყმა და მოგვიანებით შესაცვლელი გახდა. ამასობაში, მე-15 წუთი დადგა, ზელანდიამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში აუტის მოწოდების უფლება მიიღო, ჯერომი კაინომ ნახტომში ბურთი ორი ხელით მოიგო და ზევიდანვე ტონი ვუდკოკს ჩაუგდო, რასაც ფრანგები არ ელოდნენ. “ოლ ბლექსის” პირველხაზელმაც ხაზი იოლად გაჭრა და ლელო გაიტანა. ვეეპუმ რეალიზაცია ხელსაყრელი სუტუაციიდან კი შეასრულა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა - 5:0.
ზელანდია დომინირებას განაგრძობდა და მალე ანგარიშის გაზრდის ხელსაყრელი საშუალება მიეცა. ფრანგებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და საკუთარი 22-დან ხელით შეტევა სცადეს. საბოლოოდ, რაქში ბურთი დაკარგეს და დაჯარიმდნენ, მაგრამ ვეეპუმ საჩუქარი ვერ შეირგო და გასატანი პოზიციიდან ძლიერ არაზუსტად დაარტყა. ნახევარი საათის თავზე, მასპინძლებს 10 ნომერი - აარონ კრუდენი დაემტვრათ - მესამე “ათიანი” ამ მსოფლიოს თასზე და მოედანზე მის ნაცვლად სტივენ დონალდი შევიდა. ტაიმის მიწურულს, ფრანგებმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა შეძლეს და 36-ე წუთზე, ფრანსის ტრენ-დუკმა სხვაობის შემცირება არეკნით სცადა, მაგრამ 38 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა.
შემდგომში არეული თამაში მიმდინარეობდა. ტრენ დუკმა ხაზი გაჭრა, თუმცა, ბოლო მომენტში მას ზელანდიელი მისწვდა, კოჭში ხელი წაჰკრა, წონასწორობა დააკარგვინა და ტაიმი 5:0 დასრულდა.
მე-2 ტაიმი ფრანგთა იერიშით დაიწყო, 43-ე წუთზე, ზელანდია საკუთარ 22-ში დაჯარიმდა და იაშვილმა მარცხენა კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა და ანგარიში უცვლელი დარჩა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მე-2 ნახევრის უმეტესმა დრომ “ლე ბლეს” კარნახით ჩაიარა და ჯამში, ფრანგები მეტოქეზე 10 პროცენტით მეტხანს აკონტროლებდნენ ბურთს - მათ 55 პროცენტი გაატარეს მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ამით ვერ იხეირეს.
მე-2 ნახევარში ზელანდიელთა იშვიათ იერიშს, 46-ე წუთზე, ფრანგების მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და კარის გასწვრივ, დაახლოებით 30 მეტრიდან, სტივენ დონალდმა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა. არადა, ბურთმა ძელთან ძალიან ახლოს ჩაიარა - 8:0.
განახლდა თუ არა თამაში, ზელანდიელებმა ბურთი რაქში, ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს, ვეეპუმ მას ფეხი წაჰკრა და პირდაპირ ხელებში მისცა ტრენ-დუკს, რომელმაც კონტრიერიში წამოიწყო, ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ დიმიტრი იაშვილს ფეხი დაუცურდა და სწრაფი ლელო არ გავიდა, მაგრამ ფრანგებმა ოვალი შეინარჩუნეს, მარცხენა ფლანგზე წარმოქმნილი რაქიდან იერიში ცენტრის მიმართულებით დაიწყეს, აურელიენ რუგერიმ ტიერი დუსატოირს უპასა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ტრენ-დუკმა კი, გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ზელანდიელები აირივნენ და გრეჰემ ჰენრიმ სიტუაციის შეცვლა ცვლილებებით სცადა. ამასობაში “ლე ბლეს” შერკინებამ მეტოქე დაჯაბნა და 64-ე წუთზე მას დაჯარიმება აიძულა. ტრენ-დუკმა თითქმის ცენტრიდან ძალზედ არაზუსტად დაარტყა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
ევროპელები უტევდნენ, მაგრამ დონალდი კარგი დარტყმებით მუხტავდა სიტუაციას. 72-ე წუთიდან, თითქმის 3 წუთის განმავლობაში, ფრანგებმა იმ იმედით შეუტიეს, რომ მსაჯს ჯარიმას დასტყუებდნენ, მაგრამ სანუკვარი სასტვენის ხმა არ გაისმა, ბურთის ხაზზე გათამაშებისას კი, ის დაიკარგა.
დარჩენილი 4 წუთი ზელანდიამ მიწაზე ჯაჯგურში გაიყვანა, მერე ბურთი აუტში გადაიტანა, მინიმალური სხვაობით იმარჯვა და 24-წლიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიოს თასის მეორედ მოპოვებით გაიხარა.
2011 წლის მსოფლიოს თასი რაგბიში. ფინალი
23 ოქტომბერი. ოკლენდი. “იდენ პარკი”. 60000 მაყურებელი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 8:7 (5:0)
ახალი ზელანდია: 15. ისრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ (22. სონი ბილი უილიამსი 76), 11. რიჩარდ კაჰუი, 10. აარონ კრუდენი (21. სტივენ დონალდი 34), 9. პირი ვეეპუ (20. ენდი ელისი 50); 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევენ მეალამუ (16. ენდრიუ ჰორი 49), 3. ოუენ ფრენკსი, 4. სამუელ უაიტლოკი (18. ალი უილიამსი 49), 5. ბრედ ტორნი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კიარან რიდი.
1 ლელო: ვუდკოკი
1 ჯარიმა: დონალდი
მწვრთნელი: გრეჰემ ჰენრი
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსენტ კლერი (22. დამიენ ტრაი 46), 13. აურელიენ რუგერი, 12. მაქსიმ მერმოზი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა (21. ფრანსის ტრენ-დუკი 22), 9. დიმიტრი იაშვილი (20. ჟან-მარს დუსაინი 76); 1. ჟან ბაპტისტ პო (17. ფაბიენ ბარსელა 65), 2. უილიამ სერვატი (16. დიმიტრი შარჟევსკი 65), 3. ნიკოლას მასი, 4. პასკალ პაპე (18. ჟულიენ პიერი 70), 5. ლიონელ ნალეტი, 6. ტიერი დუსატოირი (კაპ.), 7. ჟულიენ ბონარი, 8. იმანოლ ჰარინორდოკი.
1 ლელო: დუსატოირი
1 რეალიზაცია: ტრენ-დუკი
მწვრთნელი: მარკ ლივერმონი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია