ამბები

21:55 | 23.10.2011 | ნანახია 4545 - ჯერ

გორგოძეს უკვე კლუბისთვის გააქვს

სულ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, 2011 წლის მსოფლიოს თასზე რუმინეთს ლელო გაუტანა და “ბორჯღალოსნებს” გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, ახლა კი, ლელო უკვე ფრანგული “მონპელიეს” მაისურით, ქვეყნის პირველ ელიტარულ დივიზიონში, Top14-ში გაიტანა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოწინააღმდეგეს დარჩა.
“მონპელიე” ქართულ დერბიში ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის “კასტრს” მასპინძლობდა და მე-2 წუთზე გორგოძის ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა ტაიმი 10:9 მოიგეს, მაგრამ მე-2 ნახევრის დასაწყისშივე მდევრის როლში აღმოჩნდნენ და საბოლოოდ 16:21 დამარცხდნენ.
გორგოძის მსგავსად, “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჟღენტი და სრულად გაისარჯა, გოდერძი შველიძე განაცხადში ვერ მოხვდა, მიხეილ ნარიაშვილმა კი, მთელი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “კასტრის” რიგებში განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო აქვსენტი გიორგაძე განაცხადს მიღმა დარჩა.
“კასტრი”, 30 ქულით, “კლერმონთან” ლიდერობას იყოფს, ხოლო “მონპელიე” 13 ქულით მეათეა.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” გასვლითი შეხვედრა “პერპინიანთან” გამართა, მეტოქე 39:3 გაანადგურა, 5 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, “კლერმონმა” კი, მე-7 წუთზე გაშვებული ჯარიმის შემდეგ, საკუთარი მოედანი ხელშეუხებლად შეინახა და თავად ქულების დაგროვებას მე-19 წუთიდან შეუდგა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ქართული პირველი ხაზის მქონე “ბრივმა”, რომელმაც “ბაიონს” უმასპინძლა, 30:10 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ დავით ხინჩაგიშვილი იყო, რომელიც 54-ე წუთზე ვასილ კაკოვინმა შეცვალა. 54-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე ირაკლი ნატრიაშვილიც და ამ დროს ანგარიში სულ რაღაც 15:3 იყო. “ბრივისთვის” ეს მე-3 გამარჯვებაა - 18 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა.
37:13 იმარჯვა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა” “სტად ფრანსესთან”, მაგრამ პრემიალურ ქულას ვერ შეწვდა, ქართველი ლეგიონერი კი, განაცხადში არ იყო.
სტუმრად ფრედ - 15:15 ითამაშა “ბიარიცთან” გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძეს “ლიონმა”. კავთიძე განაცხადში არ იყო, პირველხაზელი რატიანიძე კი, თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, მაშინ, როდესაც ანგარიში 10:10 იყო.
სტუმრად 16:9 იმარჯვა დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” “რასინგ მეტროსთან”. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-2 ტაიმში შეცვალეს. Top14-ის კიდევ ერთ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონმა “ტულუზამ” “ბორდო” 56:6 გაანადგურა.
სატურნირო მდგომარეობა: 1. კლერმონი - 30, 2. კასტრი - 30, 3. ტულუზა - 28, 4. ტულონი - 24, 5. აჟენი - 20, 6. ბრივი - 18, 7. რასინგ მეტრო - 17, 8. პერპინიანი - 17, 9. სტად ფრანსე - 15, 10. ბორდო - 13, 11. მონპელიე - 13, 12. ლიონი - 12, 13. ბაიონი - 11, ბიარიცი - 10.
მომდევნო ტური
28 ოქტომბერი:
კასტრი - რასინგ მეტრო;
29 ოქტომბერი: ბაიონი - პერპინიანი, ბორდო - ლიონი, კლერმონი - ბიარიცი, ტულონი - ბრივი, ტულუზა - სტად ფრანსე, აჟენი - მონპელიე.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084803