ამბები

15:56 | 24.10.2011 | ნანახია 3399 - ჯერ

ტიერი დიუზოტუარი წლის მოთამაშედ აღიარეს

რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2011 წლის საუკეთესო მორაგბედ საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, შერკინების მესამეხაზელი ტიერი დიუზოტუარი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიალი ოკლენდში გაიმართა და საუკეთესო მორაგბის გარდა, კიდევ 11 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა.
დიუზოტუარი მეორე ფრანგია, რომელიც წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. აქამდე ეს პატივი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტან ფაბიენ გალტიეს 2002 წელს ერგო. “ტულუზას” 29 წლის მესამეხაზელმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს, მთელი წელიწადი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით ძლიერად მსოფლიო თასზე, კიდევ უფრო ძლიერად კი, მის ფინალურ შეხვედრაში გამოიყურებოდა. დიუზოტუარის დაცვაში კარგმა თამაშმა და მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილმა ბრწყინვალე ლელომ, საფრანგეთის ნაკრებს ბრძოლის ჟინი შესძინა, თავად ტიერის კი, წლის მორაგბის ტიტული მოუტანა. ფრანგმა საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლაში ზელანდიელებს - პირი ვიპუს, ჯერომ კაინოს და მაა ნონუს, ასევე ავსტრალიელებს - დევიდ პოკოკს და უილ გენიას აჯობა.
წლის გუნდად მსოფლიო თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები დაასახელეს, რომელმაც ფინალში საფრანგეთს 8:7 სძლია. IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ ამ მსოფლიო თასს გამორჩეული უწოდა, “ოლ ბლექსმა” კი, დაჯილდოების ცერემონიამდე თასი ქალაქის ქუჩებში ჩამოატარა და მას 240 ათასი ზელანდიელი მიესალმა. წლის მწვრთნელად “ოლ ბლექსის” დამრიგებელი გრემ ჰენრი დაასახელეს. საუკეთესო მოშვიდკაცე სამხრეთ აფრიკელი სესილ აფრიკა გახდა, რომელმაც 2010-2011 წლების მსოფლიოს 7-კაცა სერიებში 40 ლელო გაიტანა და თავი 385 ქულას მოუყარა. საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბე ინგლისელი ჯორჯ ფორდი გახდა, რომელმაც 2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუცხოო თამაში აჩვენა. ის მხოლოდ 18 წლის და 3 თვისაა, მაგრამ უკვე ფლობს ყველა იმ საიდუმლოს, რაც რაგბის მაღალ დონეზე სათამაშოდაა საჭირო.
რაგბის განვითარებისთვის პრემია ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის კავშირმა მიიღო. წლის ლელოდ ავსტრალიის ეროვნული ნაკრების შერკინების ფიჯური წარმოშობის შემკვრელის, რადიკ სამოს ლელო აღიარეს, რომელიც მან “სამ ერზე” ახალი ზელანდიის ნაკრებს გაუტანა. სანამ ის სოლო გარღვევას წამოიწყებდა, გზიდან ადამ ტომსონი ჩამოიშორა, ხაზი გაჭრა, დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და მიუხედავად დაზღვევაზე გადასული ორი ზელანდიელი მცველის მცდელობისა, ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა.

ზურა ქსოვრელი




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088819