ის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის “დამსახურებაა”, რომ “ბორჯღალოსნებმა” ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს. “უებ ელისის თასის” VII გათამაშების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემებმა სიმბოლური ნაკრებები ჩამოწერეს და ყველა ერთზე თანხმდება, რომ “განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გორგოძე”, მაგრამ ნაკრებში მის პოზიციაზე პირველ-მეორე ნომრად იმ გუნდის მორაგბეები ხვდებიან, რომელთა ნაკრებებმაც მინიმუმ მეოთხედფინალი ითამაშეს.
სიმბოლური ნაკრები დაასახელა პოპულარულმა სარაგბო ინტერნეტგვერდმა PlanetRugby-მაც, რომელმაც თითოეულ პოზიციაზე ერთი ძირითადი და ერთიც შემცვლელი მორაგბე დაასახელა:
“დიდი დებატების შემდეგ, ის 15 მორაგბე შევარჩიეთ, რომლებიც ჩვენი აზრით, 2011 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ. საუკეთესო გუნდის შერჩევა იოლი საქმე არასდროსაა. ეს პროცესი ერთი კვირის წინათ დავიწყეთ და ამან დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია. არჩევანი არა მხოლოდ მორაგბეთა ინდივიდუალური მონაცემების გამო გავაკეთეთ, არამედ, გავითვალისწინეთ მათ მიერ გუნდისთვის გაწეული სამსახური. მაგალითისთვის ბისმარკ დუ პლესი გამოდგება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჰუკერია, მაგრამ ამ კონკრეტულ ტურნირზე ნაკრებს მეტი წარმატება ზელანდიელმა კევენ მეალამუმ მოუტანა.
მაშ ასე, PlanetRugby-ს ვერსიით, 2011 წლის მსოფლიო თასის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. იზრაელ დეგი (ახალი ზელანდია): მისი არჩევა რთული არ იყო და აქ ყველასი - სპეციალისტების, გულშემატკივრების, მიმომხილველების აზრი ერთმანეთს ემთხვევა. გრემ ჰენრიმ თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ვეტერან მილს მულიაინაზე უარი თქვა და ამ პოზიციაზე დეგი ათამაშა, რომელმაც ტონგასთან ტურნირის პირველი ლელო გაიტანა, ნახევარფინალში კი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაა ნონუს ავსტრალიისთვის ლელო დაედო.
შემდეგი საუკეთესო: ქერთლი ბილი (ავსტრალია)
14. კორი ჯეინი (ახალი ზელანდია): ამ პოზიციამ დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია. ძალიან ბევრმა მარჯვენა ფლანგის მოთამაშემ გამოიჩინა თავი, მაგრამ ჯეინი მაინც შეუდარებელი იყო. ფრანგმა ვენსან კლერკმა 6 ლელო კი გაიტანა და ბევრი სწორედ მას ემხრობა, მაგრამ ზელანდიელს ერთი შეცდომაც არ დაუშვია და უპირატესობას მაინც მას ვანიჭებთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ავსტრალიელი ჯეიმს ოკონორი, რომლის დროც აუცილებლად დადგება.
შემდეგი საუკეთესო: ვენსან კლერკი (საფრანგეთი)
13. მაა ნონუ (ახალი ზელანდია): აქაც ცოტა რთულად იყო საქმე, მაგრამ ნონუს ისე ვერ დავტოვებდით. მან “სუპერ რაგბიში” სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, თუმცა, კვირიდან კვირამდე უკეთ თამაშობდა და სპორტულ პიკს მსოფლიო თასზე მიაღწია. IRB-ს წლის საუკეთესო მორაგბეთა ნომინანტებს შორის ნონუ ტყუილად არ დაუსახელებია.
შემდეგი საუკეთესო: მანუ ტუილაგი (ინგლისი)
12. ჯეიმი რობერტსი (უელსი): ტურნირის ერთ-ერთი ნამდვილი ვარსკვლავი. მან ის ფორმა დაიბრუნა, რომელშიც ორი წლის წინათ, “ლომების” ტურნეს დროს იყო და რამაც იმ ტურნეს გმირად აქცია. რობერტსი თითქმის ყოველთვის ახერხებდა ხაზის გაჭრას, როცა კი ბურთს ეხებოდა.
შემდეგი საუკეთესო: ფრანსუა სტეინი (სამხრეთ აფრიკა)
11. შეინ უილიამსი (უელსი): მარჯვენა ფლანგისგან განსხვავებით, მარცხენა ფლანგზე დიდი არჩევანი არ ყოფილა. სწორედ უილიამსის დამსახურებაა ის, რომ უელსმა პლეი ოფში გააღწია. მან სამოასთან მატჩში ლელო გაიტანა და გუნდს გადამწყვეტი 5 ქულა შესძინა. სათადარიგო ვარიანტად ავსტრალიელი დიგბი იოანე განიხილება, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები სრულად ტრავმის გამო ვერ წარმოაჩინა.
შემდეგი საუკეთესო: დიგბი იოანე (ავსტრალია)
10. რის პრისტლენდი (უელსი): მსოფლიოს თასის აღმოჩენა ყველამ ერთხმად აღიარა. ის უელსის შეტევებს უნარიანად წარმართავდა. რომ არა დენ კარტერის ტრავმა, შესაძლოა, ამ პოზიციაზე სხვა ვარიანტი არც განხილულიყო, მაგრამ...
შემდეგი საუკეთესო: მორნი სტეინი (სამხრეთ აფრიკა)
9. პირი ვეეპუ (ახალი ზელანდია): როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმთავრეს ყურადღებას ამა თუ იმ მორაგბის გუნდისათვის მარგი ქმედების კოეფიციენტს ვაქცვდით და ამ კუთხით ვეეპუ შეუდარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ფინალური შეხვედრა ჩაუვარდა. მან კარტერის არყოფნაში ნაწილობრივ მისი ფუნქციებიც შეითავსა, ფეხით ძალიან კარგად ითამაშა და დანაკლისი შეუმჩნეველი გახადა.
შემდეგი საუკეთესო: მაიკ ფილიპსი (უელსი)
8. იმანოლ არენორდოკი (საფრანგეთი): გარჩევა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი მამუკა გორგოძე, რომელიც ფენომენალური იყო.
შემდეგი საუკეთესო: სერხიო პარისე (იტალია)
7. სემ უორბერტონი (უელსი): როგორ უნდა დატოვო ყურადღების მიღმა რიჩი მაკქოუ, დევიდ პოკოკი, ან ტიერი დიუზოტუარი? არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ უორბერტონს ის წამი, რომელმაც მისი გუნდი ფინალს მიღმა დატოვა, რადგან ბოროტი განზრახვა თავში არ ჰქონია და მთელი ტურნირიც მაღალ დონეზე ჩაატარა.
შემდეგი საუკეთესო: რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია): კაინო წლის საუკეთესო მორაგბეთა ნომინანტებს შორის იყო და ეს კაცი ღირსია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრისა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მან გასწია.
შემდეგი საუკეთესო: ჟულიენ ბონერი (საფრანგეთი)
5. დანი რუსო (სამხრეთ აფრიკა): ბაქის ბოთას ტრავმის ფონზე, ბევრი შიშობდა, რომ სამხრით აფრიკის შერკინების მეორე ხაზი ჩავარდებოდა, მაგრამ რუსომ ეს ნაკლი გამოასწორა.
შემდეგი საუკეთესო: ლუკ ჩარტერისი (უელსი)
4. ბრედ ტორნი (ახალი ზელანდია): იქ, სადაც სიძნელეები იყო, საქმეში ბრედ ტორნი ერთვებოდა. ის დაუნდობლად ასუფთავებდა რაქებს, 36 წლის ვეტერანი შეუდარებელი იყო დერეფანში თამაშისას. მას სამუდამოდ ემახსოვრება ფინალური შეხვედრა.
შემდეგი საუკეთესო: ჯეიმს ჰორვილი (ავსტრალია)
3. ნიკოლა მა (საფრანგეთი): აზრები აქაც გაიყო. ნაწილი ადამ ჯონსს და ოუენ ფრენკსს ემხრობოდა, მაგრამ ჩვენ მაზე შევჩერდით, რომელიც ძლიერ აკლდა საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ზელანდიის წინააღმდეგ, მაგრამ მან თავი ფინალურ შეხვედრაში გამოიჩინა.
შემდეგი საუკეთესო: ოუენ ფრენკსი (ახალი ზელანდია)
2. კევენ მეალამუ ( ახალი ზელანდია): მიუხედავად იმისა, რომ მან ფინალში კარგად ვერ ითამაშა და იმ კონკრეტულ შეხვედრაში ჰუკერის პოზიციაზე ვილიამ სერვა უკეთესი იყო, მეალამუმ იმაზე მეტი სამუშაო გაწია, ვიდრე ჰუკერს ევალება. მას მუდამ ჰქონდა იერიშის გაგრძელების სათადარიგო ვარიანტი და ხშირ შემთხვევაში ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდა. ის მიუდამ დარჩება “ოლ ბლექსის” ერთ-ერთ უდიდეს მორაგბედ.
შემდეგი საუკეთესო: ბისმარკ დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
1. გუთრო სტეენკამპი (სამხრეთ აფრიკა): სტეენკამპმა დაგვანახა, რატომ გახდა 2010 წელს სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მორაგბე. მას უკან ერთი ნაბიჯითაც კი არასდროს დაუხევია. თითქმის მის გვერდითაა ირლანდიელი კინ ჰილი, მაგრამ ჩვენ არჩევანი მაინც აფრიკელზე შევაჩერეთ.
შემდეგი საუკეთესო: კინ ჰილი (ირლანდია)
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია