საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) 5 ათასი დოლარით დასაჯა იმის გამო, რომ ფრანგები მსოფლიო თასის ფინალურ მატჩში ახალ ზელანდიასთან მატჩის წინ, მეტოქის “ჰაკას” შესრულებისას, ზელანდიელებთან ათ მეტრზე ახლოს მივიდნენ.
IRB-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ფრანგები იმის გამო დაისაჯნენ, რომ “კულტურული რიტუალის პროტოკოლი” დაარღვიესო და დაამატა, მათ წინასწარ იცოდნენ, ასეთი საქციელისთვის 5 ათასი დოლარით რომ დაისჯებოდნენო.
ფრანგთა კაპიტანმა ტიერი დიუზოტუარმა განაცხადა, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მატჩის დღეს მიიღეს და ამით მეტოქისთვის თავიანთი განწყობის დემონსტრირება სურდათ. კაპიტნის აღიარებით, გუნდს 10-მეტრიანი ხაზი არ უნდა გადაეკვეთა, მაგრამ ისე შევიდნენ ეშხში, რომ ზოგიერთ მორაგბეს ზელანდიელებისთვის “კოცნა” მოუნდა და ახლოს ამიტომ მივიდა. თავის მხრივ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, მარკ ლივერმონის თქმით, დიუზოტუარი თანაგუნდელების შეჩერებას შეეცადა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.
The Telegraph-ის მიმომხილველი ჯარიმაში გადახდილ თანხას “წყალში გადაყრილად” არ მიიჩნევს: “ფრანგებმა ზუსტად იმ ტაქტიკით იმოქმედეს, როგორც 2007 წლის მსოფლიო თასზე, მეოთხედფინალური მატჩის წინ. მაშინ მათ მეტოქე გატეხეს და გამარჯვება მოიპოვეს. ფრანგებმა თამაში ახლაც კარგად დაიწყეს, მასპინძლებს ბალანსი დაურღვიეს და ისე ჩანდა, გამარჯვება კვლავ “ლე ბლეს” დარჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ასეა თუ ისე, ფრანგებმა თავისი ქმედებით ზელანდიელები დააბნიეს და შეაშინეს”.
დადგენილი წესის თანახმად, “კულტურული რიტუალის” შესრულებისას 10-მეტრიან ხაზს არცერთი გუნდი არ უნდა გადაცდეს. 2007 წლიდან, ამ კანონში ერთგვარი ცვლილება შევიდა და გუნდებს უფლება მიეცათ, თავის 10-მეტრიან ხაზს გადასცდნენ, მაგრამ გუნდებს შორის მანძილი ათ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია