ამბები

20:09 | 27.10.2011 | ნანახია 2911 - ჯერ

“ლოკომოტივი” ქუთაისისკენ დაიძრა

შაბათს, 29 ოქტომბერს, ქუთაისის “დინამოს” სტადიონზე საქართველოს XXIII ეროვნული პირველობის მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება. ქუთაისის “აია” თბილისის “ლოკომოტივს” ერთმატჩიან დუელში დაუხვდება და ამ წყვილს შორის გამარჯვებული თბილისის “არმიას” 2011 წლის “ბზის თასს” შეეცილება. ფინალი 5 ნოემბერსაა დანიშნული, მანამდე კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლოკომოტივი” და წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “აია”, მცირე ფინალში იბრძოლებენ.
“ლოკომოტივმა” გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში დიღომში, “ლოკომოტივის” ბაზაზე გამართა. თბილისელებს აკლიათ გუნდის უდავო ლიდერი ზვიად მაისურაძე, რომელიც მსოფლიო თასზე გამგზავრების წინ სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და თამაშს მინიმუმ მომავალი წლის მაისამდე ვერ შეძლებს, მაგრამ გუნდში მაინც საბრძოლო განწყობაა და ჩემპიონი ტიტულის შესანარჩუნებლად ბოლომდე ბრძოლას გვპირდება. ასე რომ, ქუთაისელებს კარგი სანახაობა ელით.
“ლოკომოტივი” დასავლეთისკენ მატჩის წინა დღეს, 28 ოქტომბერს, დილით გაემგზავრება, მანამდე კი, “მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ბენდიაშვილს და კაპიტან ბობა კვინიხიძეს გაესაუბრა.
თემურ ბენდიაშვილი: “საგურამოში გავიარეთ სამდღიანი შეკრება. გუნდი ერთად ვართ კარგ ჰაერზე, მაგრამ ფორსირებულად ვერ ვვარჯიშობდით, იმიტომ, რომ სეზონის ბოლოა და ბიჭები დაღლილები არიან. ამასთან, წელს ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ აგვისტოში შვიდმა მოთამაშემ დაგვტოვა. ნაწილი საფრანგეთში წავიდა, ნაწილი ინგლისში, ამას ტრავმებიც დაერთო, რამაც წელს ძალიან გაგვაწამა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაშავდნენ და ახლა ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს.
- ტრავმების გამო მცირე ფინალშიც მოისაკლისებთ მორაგბეებს?
- ორი კაცი დაგვაკლდება, მაგრამ რაგბიში ასეა, ვიღაც ყოველთვისაა ტრავმირებული. მცირე ტრავმები სხვებსაც აწუხებთ და ვნახოთ, ვის ვათამაშებ ქუთაისში. ქუთაისელებმა წინა თამაში კარგად ჩაატარეს “არმიასთან”, მაგრამ ჩვენ იმედიც გვაქვს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შესაძლებლობაც.
- რა უნდა იყოს “აიასთან” “ლოკომოტივის” კოზირი?
- იცით რა, მე არაპროფესიონალურად მიმაჩნია საუბარი, რომ ერთი გუნდი შერკინებით თამაშობს და მეორე უკანა ხაზით. რაგბიში ყველაფერი ერთად არის. შეიძლება რომელიმე გუნდს ჰყავდეს გამორჩეული მოთამაშე, ვინც მოულოდნელ რამეს გააკეთებს და მატჩის ბედს გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ და “აია” კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. იმათაც ჰყავთ და ჩვენც გვყავს ისეთი მორაგბეები, რომელთაც სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლიათ და ვნახოთ, რა გამოგვივა. გააჩნია, თამაშის დროს რა სიტუაცია შეიქმნება და რა დაძაბულობა იქნება.
- პლეი ოფში “ლელო” სუფთად მორკინალებით დაამარცხეთ...
- “ლელოსთან” ასე იყო, შერკინებამ მეტოქე აშკარად დაჯაბნა და სხვას რატომ აირჩევ საცდელად? რაშიც მეტოქეს ჯობნი, ის უნდა გააგრძელო. შერკინებაზე აქცენტი ყოველთვის უნდა გააკეთო.
- თამაში ქუთაისშია, ეს მეტოქეს დიდ უპირატესობას აძლევს?
- სახლში თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ქუთაისელებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უკეთესი განწყობა ექნებათ, მაგრამ ჩვენ თავს დავდებთ და რაც გამოვა გამოვა.
ბობა კვინიხიძე: “მცირე ფინალამდე, როგორც იქნა მოვედით. ძალიან ბევრმა მორაგბემ, სეზონის მსვლელობისას დაგვტოვა და სათამაშოდ უცხოეთში წავიდა. გუნდის მთავარი ლიდერი ზვიად მაისურაძე დამტვრეულია და ვერ გვეხმარება. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალს არ ვყრით, უმაღლესი მიზნები გვაქვს დასახული და ამისათვის, ჯერ ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ. ძალიან რთული ბრძოლა გვექნება ქუთაისში. “აიას” კარგი გუნდი ჰყავს. მე ვიცი, რომ პლეი ოფში ქუთაისელებმა “არმიას” თამაშით აჯობეს, მაგრამ ანგარიშით წააგეს. მოკლედ დიდი ბრძოლა გველის და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.
- რეგულარულ პირველობაში “აიამ” ორივე შეხვედრაში დაგამარცხათ...
- ეს არაფერს წყვეტს. ამ შეხვედრებში უბრალოდ ერთმანეთი გავიცანით და მნიშვნელოვანი თამაშები არ იყო. გასვლაზე პრინციპში სულაც მეორე შემადგენლობით ვითამაშეთ, მატჩის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იყო, უბრალოდ, მერე უხეში შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. თბილისში უშეღავათო ბრძოლა იყო, მაგრამ მე ერთი ჯარიმა ავაცილე და ამიტომ დავმარცხდით.
- ახლაც შეიძლება ერთი ჯარიმა გადამწყვეტი იყოს...
- რა თქმა უნდა, ჯარიმამ კი არა, შესაძლოა, ყველაფერი ქულამ გადაწყვიტოს. უბრალოდ, სად თამაში ჩემპიონატის დებიუტში და სად ნახევარფინალში. მთელი რეგულარული ჩემპიონატი განვლილი გვაქვს, გუნდი ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად და ყველანაირად მომზადებულია და მთავარია ფინალში გავიდეთ, იქ კი, არასოდეს წაგვიგია და იმედია, არც ახლა წავაგებთ. ისე, თამაშის ბედი ჯარიმაზე შეიძლება არც იყოს დამოკიდებული. ჩვენ და ქუთაისს, ერთმანეთთან შეხვედრებში ბევრი ლელოს ვერ გაგვაქვს, მაგრამ ვნახოთ.
- წლევანდელ ჩემპიონატში “ლოკომოტივი” ჯარიმებს მაინც და მაინც კარში არ ურტყამს და უფრო ლელოზე თამაშობს...
- იცით რა, ასე იყო გარკვეულ მომენტამდე, მაგრამ როდესაც ნახევარფინალში ხარ, იცი, რომ წაგების შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშები, უკვე ჯარიმასაც დაარტყამ და სათამაშოდაც სხვა ტაქტიკას აირჩევ.  
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092766