ამბები

15:11 | 28.10.2011 | ნანახია 2605 - ჯერ

“არმია” მეტოქეს ქუთაისიდან ელის

2 შეხვედრა დარჩა საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის გამოვლენამდე. თბილისის “არმიამ” ფინალში თამაში ერთი კვირის წინ, ქუთაისში “აიას” 24:16 დამარცხებით გაინაღდა და ახლა მეტოქეს ელის, რომელიც ქუთაისში გასამართ მცირე ფინალში გაირკვევა. “აია” საკუთარ “დინამოზე” ქვეყნის ჩემპიონს, თბილისის “ლოკომოტივს” ეთამაშება და მისი ძლევით “არმიასთან” რევანშის შანსი გაუჩნდება, თუმცა, ფარ-ხმალს არც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჰყრის.
მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატი დაარსდა, “აიამ” პირველ ორ გათამაშებაში იმარჯვა და ფინალურ შეხვედრებში ორივეჯერ “ლოკომოტივის” წინამორბედი გუნდები დაამარცხა - 1990 წელს “ელმავალი” 10:3 და 1991 წელს “ვესტა” 11:6. მომავალ წელს “ვესტამ” რევანში აიღო და ფინალში უკვე თბილისელებმა იმარჯვეს (16:6). მერე ჩემპიონატის ჩატარების სისტემა შეიცვალა, ფინალური შეხვედრა აღარ გაიმართა და რეგულარული პირველობის გამარჯვებული, მცირე ფინალის მონაწილე გუნდებიდან 1994 წელს “ლოკომოტივი” გახდა, რომელიც იმხანად “თბილისის” სახელით გამოდიოდა. “აიამ” ჩემპიონის სახელი 1995 წელს დაიბრუნა და მას შემდეგ “ქართული ოქროს” გემო აღარ გაუგია, პრიზიორებში კი, ბოლოჯერ 1997 წეს მოხვდა, როდესაც ჩემპიონის გამოსავლენად კვლავ ფინალური შეხვედრის გამართვა გადაწყდა და “ყოჩებთან” 8:20 დამარცხდა.
ქუთაისელებს ჩემპიონობის შანსი 16 წლის შემდეგ პირველად მიეცათ და ამისათვის მაქსიმუმს გაიღებენ, საწყის ეტაპზე კი, მათ მცირე ფინალში “ლოკომოტივის” დამარცხება მართებთ, რომელიც ამ სახელით ათ წელიწადზე მეტია თამაშობს (2007 წელს გუნდს მცირე ხნით “ლიგამუსი” ერქვა). 2000 წლიდან საქართველოს ჩემპიონატის ავსტრალიური პლეი ოფის სისტემით ჩატარებაც დამკვიდრდა და მას შემდეგ “ლოკომოტივმა” ფინალში შვიდჯერ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ შვიდივე შემთხვევაში ლოკომოტიველებმა გამარჯვება მოიპოვეს და ახლაც იმ იმედით არიან, რომ ქუთაისში გამარჯვების შემთხვევაში, მათ ფინალში ვერც “არმია” შეაჩერებს.
მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარულ პირველობაში “აიამ” “ლოკომოტივი” ორივეჯერ დაამარცხა. პირველი წრის მატჩი თბილისში, “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და ის ბობა კვინიხიძისა და გაგა სინაურიძეს დუელად გადაიქცა. ქუთაისელმა მეტოქეზე ერთით მეტი ჯარიმა გაიტანა და “აიამ” 21:18 იმარჯვა. მეორე წრეში გუნდებმა ფოთის გარეუბანში, მალთაყვაში ითამაშეს. თამაში იქაც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ კვლავ ქუთაისელებმა იმარჯვეს - 14:6.
პლეი ოფის პირველ შეხვედრაში “აიამ” “დინამოზე” “არმიას” უმასპინძლა და თვითმხილველების მტკიცებით, მეტოქეს თამაშით აჯობა, მაგრამ შეცდომები დაუშვა და გამარჯვება არმიელებს დარჩათ - 24:16. თავის მხრივ, “ლოკომოტივმა” “ლელო” შერკინებაში აშკარად დაჯაბნა, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და 22:13 იმარჯვა. ახლა “აია” და “ლოკომოტივი” “დინამოზე”, 16:00 საათიდან შეიბმებიან და მათ შორის უკეთესი “ბზის თასს” არმიას” 5 ნოემბერს შეეცილება, უარესი კი, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდება.
კვირას, 30 ოქტომბერს, თბილისში, “შევარდენზე” გაიმართება თბილისის “აკადემიისა” და “ილიაუნი ჯიქის” განმეორებითი შეხვედრა. ეს გუნდები მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. პირველი ლიგის მეორეადგილოსანმა “ჯიქებმა”, ერთი კვირის წინ უმაღლესი ლიგის მეშვიდეადგილოსანი “აკადემია” 29:18 დაამარცხა და 11-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა. აკადემიელებს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებთ, თუ არა და, მომავალ წელს პირველ ლიგაში დაიწყებენ, მათ ადგილს კი, “ილიაუნი ჯიქი” დაიკავებს.     

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
29 ოქტომბერი. მცირე ფინალი
ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
 

30 ოქტომბერი. გადასასვლელი ფლეი ოფი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი (განმეორებითი მატჩი)
აკადემია (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) (18:29 პ.მ.)


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122548