საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, “ტრიუმფალურ არკაზე”, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ხვალ, 29 ოქტომბერს, მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, საათნახევრით ადრე, ერთმანეთის პირისპირ ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები წარდგებიან.
ეს ტურნირი მიზნად ისახავს მეორე დონიდან იმ ორი საუკეთესო გუნდის შერჩევას, რომლებიც გაისად “ექვსი ერის” წარმომადგენელ ნაკრებებს შეუერთდებიან და 2012 წლის გაზაფხულზე ევროპის სრულუფლებიან ჩემპიონატს გაითამაშებენ. ბუქარესტის ოთხთა ტურნირი წრიული სისტემით გაიმართება და ქულათა დარიცხვის სისტემა დიდი რაგბის მსგავსი იქნება, ანუ, გამარჯვებისთვის 4 ქულა დაიწერება, ფრისთვის 2 და იმოქმედებს პრემიალური სისტემაც - 4 და მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხი, გუნდისათვის ერთი პრემიალური ქულის მომტანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივნისში, ბუქარესტშივე, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის, რუმინეთის და უკრაინის ნაკრებებთან ჭიდილში “შავი ზღვის” თასზე იმარჯვა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე “ექვსი ერის” წარმომადგენელი ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებებთან თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ საერთაშორისო რაგბის “ბოსებმა” ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ახლა საქართველოს ნაკრებს ახლიდან მოუწევს ამ საგზურისთვის ბრძოლა. მაშინვე ითქვა, რომ პატარა “ბორჯღალოსნები” ოქტომბერ-ნოემბერში ბუქარესტში ჩავიდოდნენ და უკონკურსოდ ითამაშებდნენ, მაგრამ “მეტი ინტრიგისთვის” ახალ კონკურსში ჩაგვსვეს.
პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაახლოების მიზნით, რაგბის საერთაშორისო საბჭო ამ ასაკობრივ ჯგუფში ექსპერიმენტებს არ ერიდება. გეხსომებათ, შარშან “ექვსი ერის” გათამაშების ორი უარესი გუნდი - შოტლანდია და იტალია, A ჯგუფში ჩამოქვეითდა მაშინ საქართველოს ნაკრებმა ზემოთნახსენები ორეულის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. წელს სისტემა კიდევ ერთხელ შეიცვალა, “ექვსი ერის” გუნდებს, შესარჩევი ეტაპის ორი საუკეთესო ნაკრები დაემატება და გაისად გაერთიანებული, რვაგუნდა ევროპის პირველობა გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა ორი შეკრების გამართვა მოასწრო. პირველი შეკრება 10-დღიანი იყო და ის 30 მორაგბე შეირჩა, რომელთაგანაც ბუქარესტში 26 უნდა გამგზავრებულიყო. მეორე შეკრება 9 ოქტომბერს დაიწყო. გუნდი სასტუმრო “სიმპათიაში” იყო დაბინავებული და ვარჯიშებს დიღომში, “ლოკომოტივის” ბაზაზე მართავდა. მწვრთნელებმა - დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა 26 საუკეთესო მორაგბე შეარჩიეს და რუმინეთისკენ გეზი 25 ოქტომბერს აიღეს. ერთი ეგაა, ტრავმების გამო პატარა “ბორჯღალოსნებმა” რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისეს, მათ შორის ის 9-10 ნომრები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებოდნენ, მაგრამ მაინც იმედიანად არიან და შინ საგზურით დაბრუნებას გეგმავენ.
რამდენიმე თვის წინ, ივნისში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთი ფინალში მსაჯიანად 27:8 დაამარცხა. მაშინ ქართველთა ოთხივე ლელო უკანახაზელებმა გაიტანეს - მურთაზ გიორგაძემ ორი და გიორგი ნათელაშვილმა და გიორგი ფრუიძემ თითო-თითო, ხოლო ორი რეალიზაცია და ერთი ჯარიმა გიორგი აფციაურმა გამოიყენა. ეს ოთხეული ახლაც შემადგენლობაშია და იმედია, ისინი ქულების მოგროვებას ამჯერადაც მოახერხებენ.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: რამაზ მაზმიშვილი, ბექა პირიაშვილი, ალექსი ცისკარიშვილი, ზაურ ხარებავა, მიხეილ მასხარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე (კაპიტანი), გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, რევაზ ბროძელი, რევაზ ჯინჭველიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.
მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველო
პორტუგალია
ბელგია
რუმინეთი
29 ოქტომბერი. შაბათი
ბელგია - პორტუგალია (14:30 თბ.დრ.)
რუმინეთი - საქართველო (16:00 თბ.დრ.)
1 ნოემბერი. სამშაბათი
საქართველო - ბელგია
რუმინეთი - პორტუგალია
4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია