დღეს 14:00 საათიდან, “შევარდენის” მორაგბეთა სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე, სასკოლო ლიგის გათამაშების ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.
სასკოლო ლიგის ჩამოყალიბება განათლების სისტემის რეფორმირების შედეგია და პრეცედენტს წარმოადგენს ქართული რაგბის ისტორიაში. 2011 წლიდან ქართულ სკოლებში ფიზიკური მომზადების გაკვეთილები სპორტის ამა თუ იმ სახეობამ ჩაანაცვლა. რაგბიზე არჩევანი ძირითადად იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და დედაქალაქის ხუთმა სკოლამ გააკეთა. საქართველოს მასშტაბით რაგბის ჯერჯერობით 34 სკოლა თამაშობს.
ლიგის შექმნა და ყოველწლიური ტურნირის ჩატარება განათლების სამინისტროს ინიციატივაა, რომელსაც რაგბის კავშირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად უწევს კოორდინირებას. რაგბის მოთამაშე ახალბედებისთვის, ე.წ. “თაჩ რაგბი”, ანუ რაგბის უკონტაქტო სახეობა შეირჩა, რომელიც საფარიან მოედანს არ საჭიროებს და სათამაშოდაც იოლია - კონტაქტად “თაჩ რაგბიში” სპეციალური ქამრებიდან ლენტების ჩამოხევა ითვლება.
“დამწყებთათვის ეს დისციპლინა გაცილებით ადვილი ასათვისებელია. მისი თამაში გოგოებსა და ბიჭებს ერთადაც შეუძლიათ, როგორც ასფალტზე, ასევე დარბაზში”, - ამბობს სასკოლო ლიგის პროექტის კოორდინატორი და რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე.
კავშირის ორგანიზებით, ივნისში, ლიგაში მონაწილეობის მსურველი სკოლების მასწავლებელთათვის სემინარები ჩატარდა. დარიგდა შესაბამისი ინვენტარი - ქამრები და ლენტები. რეგიონულმა შეჯიბრმა 10 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომლებიც 29 ოქტომბერს ფინალურ ეტაპს ითამაშებენ. ესენი არიან: თბილისის გათამაშების პირველადგილოსანი წმინდა გიორგის სახელობის სკოლა; ადიგენის, ახალციხის, ჭიათურის, ვანის, ქუთაისის, ბორჯომის, საჩხერის, ასპინძისა და სენაკის სკოლები. შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეების ასაკი 15-16 წელია.
ფინალი ორ ხუთგუნდა ჯგუფად, წრიული სისტემით ჩატარდება. ჯგუფის პირველადგილოსნები ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორეადგილოსნები - მესამე ადგილისთვის. სასკოლო რაგბის განვითარება სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ჩვენი ახალგაზრდებისთვის ყოველწლიური სპორტული ზეიმის საბაბი გახდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია