საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ხვალ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ევროპირველობა ამავდროულად მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა და მის საგზურს ფინალში გასული ორი გუნდი მიიღებს.
პატარა “ბორჯღალოსნები” ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან და წელს რუმინეთში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ერთი წლის წინ გათამაშებას ბელგიამ უმასპინძლა და პრინციპში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში იოლად იმარჯვა. მეოთხედფინალში პორტუგალიის 27:3 ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ქართველებმა რუმინეთი 29:3 გაანადგურეს, ხოლო ფინალში ამაზე უკეთ ითამაშეს და რუსეთს 38:7 აჯობეს. მაშინ გუნდს პაატა ნარიმანაშვილი ავაჯრიშებდა, ახლა კი, ნაკრები შოტლანდიელ იან რიჩარდ სმიტს აბარია, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩება.
სმიტი ბოლო პერიოდში ინგლისში ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა. ის თბილისში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა და მუშაობას შეუდგა. დასკვნით შეკრებაზე ქართველი 19-წლამდელები 2 ოქტომბერს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გადავიდნენ და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრებიც გამართეს, მაგრამ დაახლოებით ორი თვე, გუნდის საკადრისად მისამზადებლად, ბუნებრივია, საკმარისი არაა.
ტურნირი ტრადიციულად რვაგუნდიანი იქნება და პლეი ოფის სისტემით გაიმართება. 2010 წლის ევროპის ჩემპიონი საქართველო მეოთხედფინალში A დივიზიონში შარშან აღზევებულ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში რუმინეთისა და პორტუგალიის წყვილში დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის კიდევ ორი წყვილი ჰოლანდიამ და ბელგიამ და რუსეთი-ესპანეთმა შეადგინეს. სავარაუდოდ, ქართველი მორაგბეები აუტსაიდერ შვეიცერიას იოლად დაამარცხებენ და “ალაფის” საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩს ნახევარფინალში ითამაშებენ, მერე კი, თუ ფინალის საგზური მოიპოვეს, ბუნებრივია, ტიტულის შენარჩუნებასაც ეცდებიან.
ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მორაგბეც მოხვდა, რომელმაც ივნისში თბილისში, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” დიდი გამოცდილება მიიღო, თუმცა, გუნდი ბუქარესტში უძლიერესი შემადგენლობით მაინც ვერ გაემგზავრა. ნაკრებმა რუმინეთისკენ გეზი 25 ოქტომბერს აიღო, ხოლო მანამდე შეკრებაზე იყო. რადგან ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩები იმართება, ზოგიერთ მორაგბეს, რომელსაც ასაკით ამ ნაკრებში თამაში უწევდა, კლუბში დარჩენა მოუწია და შესაბამისად, ბუქარესტში ნაკრებში დააკლდება.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
30 ოქტომბერი. კვირა. 1/4-ფინალი
1. საქართველო - შვეიცარია (15:00 თბ.დრ.)
2. ბელგია - ჰოლანდია (17:00)
3. რუსეთი - ესპანეთი (15:00)
4. რუმინეთი - პორტუგალია (17:00)
ნახევარფინალები
პირველის მოგებული - მეოთხეს მოგებული
მეორეს მოგებული - მესამეს მოგებული
პირველის წაგებული - მეოთხეს წაგებული
მეორეს წაგებული - მესამეს წაგებული
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია