საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მომავალ წელს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, მასპინძელ რუმინეთს ბუქარესტში 27:6 სძლია, თანაც 4 ლელო გაიტანა და გამარჯვების 4-თან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, ბუქარესტშივე, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის, რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ჭიდილში “შავი ზღვის” თასზე იმარჯვა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე “ექვსი ერის” წარმომადგენელი ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებებთან თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ საერთაშორისო რაგბის ბოსებმა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ახლა საქართველოს ნაკრებს ახლიდან უწევს ამ საგზურისთვის ბრძოლა. მაშინ, ფინალურ შეხვედრაში, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 27:8 დასცეს და ახლა საკუთარი უპირატესობა ერთხელაც დაადასტურეს.
შესარჩევ ტურნირში სულ 4 გუნდი მონაწილეობს. პირველი ტურის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგია 23:19 დაამარცხა - პორტუგალიელებმა 4 ქულა მიიღეს, ბელგიელებმა შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური დაისაკუთრეს. 3 ტურის შემდეგ, ორი საუკეთესო გუნდი მომავალ წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, ირლანდიის, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებებთან იბრძოლებს.
მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბეები 1 ნოემბერს ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ და თუ ამჯერადაც პრემიალური ქულით იმარჯვეს, პირველ-მეორე ადგილი და შესაბამისად, ელიტარულ გუნდებთან თამაშის საგზური გარანტირებული ექნებათ.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
29 ოქტომბერი. შაბათი
ბელგია - პორტუგალია 19:23 (9:6)
რუმინეთი - საქართველო 6:27 (3:5)
საქართველო 1 1 0 0 27:6 5
პორტუგალია 1 1 0 0 23-19 4
ბელგია 1 0 0 1 19-23 1
რუმინეთი 1 0 0 1 6-27 0
1 ნოემბერი. სამშაბათი
საქართველო - ბელგია
რუმინეთი - პორტუგალია
4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია