საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, მასპინძელი რუმინეთი სრულად დაჯაბნა, მსაჯს გარჯა წყალში ჩაუყარა და დასახული ამოცანა შეასრულა. პატარა “ბორჯღალოსნებმა”, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მეტოქეს 27:6 სძლია, თანაც ოთხი ლელო გაიტანა და გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივნისში, ბუქარესტშივე, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის, რუმინეთის და უკრაინის ნაკრებებთან ჭიდილში “შავი ზღვის” თასზე იმარჯვა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე “ექვსი ერის” წარმომადგენელი ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებებთან თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ საერთაშორისო რაგბის “ბოსებმა” ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ახლა საქართველოს ნაკრებს ახლიდან უწევს ამ საგზურისთვის ბრძოლა. მაშინ, ფინალურ შეხვედრაში, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 27:8 დასცეს და ახლა საკუთარი უპირატესობა ერთხელ კიდევ დაადასტურეს.
ივნისის მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად, ქართველებმა ტაქტიკა შეცვალეს და მეტოქე ჯანში აშკარად დაჯაბნეს. ოთხიდან სამი ლელო ქართველებმა კარგად დაყენებული მოლის წყალობით გაიტანეს. ფიზიკურ უპირატესობასთან ერთად, ქართველები დომინირებდნენ დერეფანში, ბურთს მეტოქეზე მეტ ხანს აკონტროლებდნენ და სათამაშო დროის უმეტესი დრო მეტოქის ნახევარზე კი არა, მათ 22-ში გაატარეს. ბევრს ეცადა რეფერი, რომ სხვაგვარი შედეგი დაფიქსირებულიყო, მაგრამ აშკარად უკეთესად მომზადებულ საქართველოს, რუმინეთმა მაშინაც ვერაფერი დააკლო, როდესაც მოედანზე კაცნაკლული იყო და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. კარგად ითამაშა უკანა ხაზმაც. რაღა თქმა უნდა, იყო ტექნიკური წუნი, მაგრამ მთლიანობაში, რევაზ ბროძელს თამაში კარგად მიჰყავდა, გიორგი აფციაურს ბურთი ხელით დიდ მანძილზე აჰქონდა და ფინტებით თანაგუნდელებს კარგ პლაცდარმს უქმნიდა შეტევისთვის. საერთოდ, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და რომ არა მსაჯის წინაღობა, ანგარიშიც ბევრად უფრო დიდი იქნებოდა.
საქართველოს ნაკრები უპირატესობას პირველივე წუთიდან დაეუფლა და ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. საწყისი ათწუთეულის შემდეგ რუმინელებმა ქართველთა ნახევარზე გადასვლა მოახერხეს და მსაჯისგან ჯარიმა მიიღეს, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყეს. მალე მათ მეორედ მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება და ამჯერად დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში, ქართველები მიხვდნენ, რომ ამ გუნდის პრემიალური ქულით დამარცხება იოლად შეეძლოთ. ჯარიმები კარში აღარ დაარტყეს, ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი აუტში გაიტანეს, დერეფანი მოიგეს, მოლით მაგრად შეუტიეს და მე-19 წუთზე შოთა თევზაძემ პირველი ლელო მიითვალა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ ქართველებმა ბოლომდე დაიდეს ბინა რუმინელთა ნახევარზე და მინიმუმ, ორჯერ ლელოს გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ჯერ მურთაზ გიორგაძემ ვერ დაიჭირა ბურთი, შემდეგ კი გიორგი ნათელაშვილი გადაიყვანეს კიდეზე. შესვენებამდე ქართველებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ფეხით შეაცურეს ბურთი, მაგრამ დარტყმა ძლიერი გამოდგა და ის ხაზს გადასცდა. მერე, რევაზ ბროძელმა წამოიწყო კარგი იერიში, კარგად იარა და ბურთი კვლავ ფეხით შეიგორა. მართალია, მას მეტოქემ დაასწრო, მაგრამ ის აუტში გადაიყვანეს და მიძალება გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ და ტაიმი 5:3 დასრულდა.
მიუხედავად სახიფათო ანგარიშისა, შესვენების შემდეგ ქართველებმა ჯარიმის კარში დარტყმაზე კვლავ უარი თქვეს, ბურთი აუტში გაიტანეს, მოლით მიაწვნენ, შემდეგ ზედ ხაზზე წარმოქმნილი რაქიდან ის ბექა პირიაშვილმა აიტაცა და თანაგუნდელის დახმარებით ლელო გაიტანა, ბროძელმა კი რეალიზაცია გამოიყენა. ამას რეფერის გააქტიურება მოჰყვა, რომელმაც ქართველთა ტექნიკური წუნით კარგად ისარგებლა და შეცვლაზე შესული ვახტანგ ამირანაშვილი გაასინბინა, თანაც, რუმინელებს კარის გასწვრივ 21 მეტრიდან ჯარიმა დაარტყმევინა და სხვაობა 6 ქულამდე დავიდა.
ამით ინტრიგა სულაც არ გაჩენილა. კაცნაკლულმა ქართველებმა ისეთი ლამაზი შეტევები განახორციელეს, ნებისმიერ ნაკრებს რომ შეშურდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში დაშვებული შეცდომების გამო, ლელო არ გავიდა. ამ ეპიზოდებში, პატარა “ბორჯღალოსნები” ბურთს ხაზზე შლიდნენ და უპირატესობის შექმნას ამ ხერხით ცდილობდნენ, მაგრამ შემდეგ ძველი ხერხი აირჩიეს და არც შემცდარან. ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა კვლავ აუტში დაარტყეს, დერეფანი მოიგეს, მოლი შეკრეს და ალექსი ცისკარიშვილმა მესამე ლელო მიითვალა, ბროძელმა კი რეალიზაცია გამოიყენა - 19:6. მსაჯი თავისას განაგრძობდა, მაგრამ არც ქართველები ნებდებოდნენ. მათ საკუთარ 22-ის ხაზთან დერეფანი მოიგეს, 10-15 მეტრი მოლით იარეს, მერე ბროძელი გაიჭრა დაუცველ ზონაში და მეტოქის ჩათვლის მოედანს 25 მეტრამდე მიუახლოვდა, ბურთი ფეხით მარჯვნივ შეაცურა, მასპინძლებმა ჩართული მოიერიშე მაშინ შეაჩერეს, როდესაც მიზნამდე 2-3 მეტრი რჩებოდა, მაგრამ ქართველმა პასის გაკეთება მოახერხა და გიორგი გოგლიძე მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიჭრა. ეს 63 წუთზე მოხდა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებასთან ერთად, პრემიალური ქულაც ნაადრევად გაიფორმა, მაგრამ დარჩენილი დრო მაინც იერიშებში გაატარა და ბოლო წუთზე ბროძელმა 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შესარჩევ ტურნირზე სულ ოთხი გუნდი მონაწილეობს. პირველი ტურის მეორე შეხვედრაში, პორტუგალიამ ბელგია 23:19 დაამარცხა - პორტუგალიელებმა 4 ქულა მიიღეს, ბელგიელებმა 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის-ერთი პრემიალური. სამი ტურის შემდეგ ორი საუკეთესო გუნდი მომავალ წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, ირლანდიის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან იბრძოლებს.
მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბეები 1 ნოემბერს, ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ და თუ ამჯერადაც პრემიალური ქულით იმარჯვეს, პირველ-მეორე ადგილი და შესაბამისად, ელიტარულ გუნდებთან თამაშის საგზური გარანტირებული ექნებათ.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
29 ოქტომბერი. შაბათი
ბელგია - პორტუგალია 19:23 (9:6)
რუმინეთი - საქართველო 6:27 (3:5)
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზი გიორგაძე, 13. ლაშა ლაშხია, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი; 1. რამაზი მაზმიშვილი (ზაურ ხარებავა 54), 2. ბექა პირიაშვილი, 3. ალექს ცისკარიშვილი, 4. მიხეილ მასხარაშვილი, 5. შალვა შაშიაშვილი, 6. საბა შუბითიძე (კაპ.), 7. გიორგი გოგლიძე, 8. შოთა თევზაძე (ვახტანგ ამირანაშვილი 42).
4 ლელო: თევზაძე (19), პირიაშვილი (41), ცისკარიშვილი (55), გოგლიძე (63)
2 რეალიზაცია: ბროძელი (2, 3)
1 ჯარიმა: ბროძელი (70)
1 სინბინი: ამირანაშვილი (43)
საქართველო 1 1 0 0 27:6 5
პორტუგალია 1 1 0 0 23-19 4
ბელგია 1 0 0 1 19-23 1
რუმინეთი 1 0 0 1 6-27 0
1 ნოემბერი. სამშაბათი
საქართველო - ბელგია
რუმინეთი - პორტუგალია
4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია