გასულ შაბათს "არმიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ქუთაისურმა "აიამ" საპლეიოფო ფინალისაკენ გზა "დაიგრძელა" და საკმაოდ ძლიერ "ლოკომოტივთან" მოუწია დაპირისპირება. როგორც ჩანს, ქუთათურებმა არმიელებთან განცდილი მარცხი კარგად გააანალიზეს და რკინიგზელებთან გაცილებით უკეთ იასპარეზეს. პირველ რიგში, ეს იმ შეცდომებს ეხება, რომლითაც "აიას" მორაგბეები წინა მატჩში "გამოირჩნენ".
შეხვედრის დასაწყისიდანვე, მასპინძლები შეტევაზე გადავიდნენ და უკვე მე-5 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. მარცხენა ფლანგზე ქუთაისელებმა აუტი მოიგეს და მცირედით დაბნეულმა სტუმრებმა ხელი ვეღარ შეუშალეს გოშაძეს, რომელმაც კარგი გადაცემა გაუკეთა ხამაშურიძეს, მან კი, მოწინააღმდეგის ხაზი გაჭრა, ბურთიანად 30 მეტრი ირბინა და საკუთარი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა. გარდასახვა ზუსტად შეასრულა სინაურიძემ - 7:0. ამის შემდეგ, სათამაშო ინიციატივას თბილისელები დაეუფლნენ. ისინი ერთ მომენტში, ლელოს ხაზამდე ორ მეტრშიც კი იყვნენ, მაგრამ დასავლელთა დაცვა მედგრად დადგა და თავიც კარგად დაიცვა. მატჩის 28-ე წუთზე კი ქუთათურებმა ანგარიში გაზარდეს. ლელო ამჯერადაც ხამაშურიძემ დადო გოგიას რისკიანი გადაცემის შემდეგ. არადა, ასისტენტმა ისეთი გრძელი გადაცემა გააკეთა, ჩაჭრის საფრთხე დიდი იყო. ასეთ შემთხვევაში კი, ალბათ, დედაქალაქელები იხეირებდნენ, თუმცა ბურთი "ანტილოპას" მიუვიდა, რომელმაც საკმაო მანძილი გაირბინა და "აიას" უპირატესობაც გაზარდა. გარდასახვა სინაურიძემ ამჯერადაც ზუსტად შეასრულა.
რკინიგზელებმა მალევე შეამცირეს ანგარიშში სხვაობა. ბერიშვილის აქტიურობას და კარგ თამაშს ლელო მოჰყვა, რომლის ავტორი ჩიტიძე გამოდგა, რასაც კვინიხიძემ გარდასახვა მიაყოლა - 14:7. ტაიმის მიწურულს, ძაგნიძემ ლელო დადო, მაგრამ არბიტრმა რიონისპირელის მხრიდან ფეხით თამაში დააფიქსირა, რასაც "აიას" მოთამაშეების უკმაყოფილება მოჰყვა. მაგრამ, ბუნებრივია, ანგარიში უცვლელი დარჩა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათი წუთიც არ იყო გასული, რომ თბილისელებმა კიდევ ერთი ლელო მიიღეს. ამჯერად ქუთაისელი აბრამიძე გაისარჯა ბრწყინვალედ, რომელმაც აუტის მოგების შემდეგ დაახლოებით 40 მეტრი ირბინა, სამი მოწინააღმდეგეც გააცურა და ლელოც დადო. სინაურიძის გარდასახვის შემდეგ კვლავ 14 ქულიანი უპირატესობა აღდგა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ სტუმრები გატეხა და ქუთათურებსაც თავიანთი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. დარჩენილ დროში სინაურიძემ ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და საბოლოოდ 27:7 გაიმარჯვა "აიამ", რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
"აია" - "ლოკომოტივი" 27:7 (14:7)
29 ოქტომბერი. 16:00. ქუთაისი. "დინამო". 2000 მაყურებელი
"აია": ლომიძე, გურეშიძე, ტარიელ ჩხიკვაძე, ჩიტეიშვილი, ძაგნიძე, რევიშვილი, მეტრეველი, თხელიძე, გოგია, სინაურიძე, გოშაძე, ირაკლი გიორგაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, აბრამიძე, ხამაშურიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჟვანია, მატკავა, დგებუაძე, არაბიძე, ცირეკიძე, ზვიადაძე.
3 ლელო: ხამაშურიძე (2), აბრამიძე.
3 გარდასახვა: სინაურიძე (3)
2 საჯარიმა: სინაურიძე (2)
მთავარი მწვრთნელი: კობა გიორგაძე
"ლოკომოტივი": გასვიანი, ზარიძე, ვეფხვაძე, ნიშნიანიძე, გუნიავა, გენებეშვილი, ჩიტიძე, ბერიშვილი, ღვინჯილია, კვინიხიძე, ნოზაძე, ბერძენიშვილი, კობერიძე, ქავთარაძე, კავთიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ელოშვილი, ახვლედიანი, შიოშვილი.
ლელო: ჩიტიძე
გარდასახვა: კვინიხიძე
სინბინი: რევიშვილი; ბერიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
არბიტრი: სტეფან ბოი
ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია