ამბები

15:47 | 30.10.2011 | ნანახია 2068 - ჯერ

“ქართული ტრიო” ორგან დამარცხდა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის წლევანდელი გათამაშების IX ტურში, 2 სხვადასხვა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, პირველად გამოჩნდა ერთდროულად 3 ქართველი მორაგბე, მაგრამ ორივე გუნდი დამარცხდა.
ერთმანეთის პირისპირ დადგომა არ მოუხდათ დავით ქუბრიშვილსა და “ბრივის” ქართულ პირველ ხაზს. დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი და ირაკლი ნატრიაშვილი, “ტულონთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ 49-ე წუთზე მწვრთნელმა სამივე ერთად შეცვალა, ქუბრიაშვილი კი, მოედანზე 2 წუთის შემდეგ გამოჩნდა. “დუდუს” მოედანზე მთელი 30 წუთის გატარება არ მოუწია, რადგან 64-ე წუთზე მეტოქის არგენტინელ პირველხაზელს წაეჩხუბა და 10 წუთი მეტოქესთან ერთად სინბინში გაატარა.
“ტულონის” გამარჯვება ინგლისელმა ჯონ უილკინსონმა განაპირობა. მართალია, მას მსოფლიოს თასზე დარტყმები არ მისდიოდა, მაგრამ ამჯერად, რვიდან 6 ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა და გუნდს 18 ქულა შესძინა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 6:0 მოიგეს, მერე 12:0 დაწინაურდნენ, “ბრივმა”, ჯარიმით, სხვაობის შემცირება 68-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ მერე კიდევ 2 გაუშვა და 3:18 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბერნარ ლაპორტას პირველი მატჩი “ტულონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელმაც ფილიპ სანტ-ანდრე შეცვალა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკ ლივერმონი ჩაანაცვლა.
“ტულონს” IX ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, “ბრივს” კი 18 ქულა დარჩა და მე-7 საფეხურამდე დაქვეითდა.
ბექა შეყლაშვილის “აჟენთან” სტუმრად 12:18 წაგებულ შეხვედრაში, “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები - გოდერძი შველიძე და გიორგი ჟღენტი, ასევე მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. განაცხადში არ იყო შეყლაშვილიც. მწვრთნელმა შველიძე, რომელიც წლეულს პირველად მოხვდა კლუბის შემადგენლობაში, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, თუმცა, ის 72-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა. ჟღენტმა 46 წუთი ითამაშა, ხოლო გორგოძე შეუცვლელად გაისარჯა.
თამაშს 11 ათასი მაყურებელი დაესწრო. სტუმრები ჯარიმითა და არეკნით მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მე-15 წუთზე, ჩამორჩენა ჯარიმითვე შეამცირეს. მე-19 წუთზე, შველიძე დაჯარიმდა და წონასწორობა აღდგა, ხოლო შესვენებამდე გუნდებმა კიდევ თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს.
მე-2 ნახევარში “მონპელიე” დაწინაურდა, მაგრამ 3 ჯარიმა გაუშვა და 6 ქულით დამარცხდა. შედეგად, მან პრემიალური ქულა მიიღო და 14 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “აჟენი” 24 ქულით მე-5 ადგილს ინარჩუნებს.
საკუთარ მოედანზე, “რასინგ მეტროსთან” 19:23 დამარცხდა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დაჯერდა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ ამის შემდეგ მისი გუნდის საქმე უკან-უკან წავიდა. საწყისმა მეოთხედმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და ისინი 13:3 დაწინაურდნენ, მაგრამ “კასტრმა” შესვენებამდე წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მე-2 ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა 2 ჯარიმა გამოიყენეს და 53-ე წუთზე “კასტრი” უკვე 19:13-ს იგებდა, მაგრამ ჯერ ჯარიმა გაუშვა, 76-ე წუთზე კი, ლელო მიიღო, რეალიზაციაც ზუსტი იყო და 4 ქულით დამარცხდა. ამ ერთმა ქულამ “კასტრი” ერთი დღით გაალიდერა, სანამ დანარჩენი შეხვედრები გაიმართებოდა, ახლა კი, ფეიქრიშვილის “კასტრი” 31 ქულით მე-3 ადგილზეა. ეს იმიტომ, რომ დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” აუტსაიდერი “ბიარიცი” 41:0 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ, მათი გუნდი კი, რომელსაც 8 მოგება და ერთი მარცხი აქვს, 35 ქულით გალიდერდა. მას კვალში უდგას “ტულუზა”, რომელმაც “სტად ფრანსეს” 18:15 აჯობა.
IX ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “ბაიონმა” “პერპინიანი” 18:16 დაამარცხა, ხოლო “ბორდოსა” და “ლიონის” შეხვედრა, რომლის შემადგენლობაშიც გურამ კავთიძე და ტარიელ რატიანიძე ირიცხებიან, გადაიდო.

სატურნირო მდგომარეობა: 1. კლერმონი - 35, 2. ტულუზა - 32, 3. კასტრი - 31, 4. ტულონი - 28, 5. აჟენი - 24, 6. რასინგ მეტრო - 21, 7. პერპინიანი - 18, 8. ბრივი - 18, 9. სტად ფრანსე - 16, 10. ბაიონი - 15, 11. მონპელიე - 14, 12. ბორდო - 13, 13. ლიონი - 12, 14. ბიარიცი - 10.

მომდევნო ტური
4 ნოემბერი:
ბრივი - რასინგ მეტრო;
5 ნოემბერი: ტულუზა - პერპინიანი, ბორდო - კასტრი, ლიონი - მონპელიე, ტულონი - აჟენი, სტად ფრანსე - კლერმონი, ბიარიცი - ბაიონი.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098498