საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიის ნაკრები იოლად დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პატარა “ბორჯღალოსნებმა” თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, 5 რეალიზაცია გამოიყენეს და 50:0 იმარჯვეს. ნახევარფინალში, ქართველთა მეტოქე მასპინძელი რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო და მომავალი მეტოქის ვინაობა დაახლოებით ერთ საათში გაირკვევა. ამ ოთხეულის გარდა, ევროპის ჩემპიონობისთვის ბელგია-ჰოლანდიისა და რუსეთი-ესპანეთის წყვილები იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ორი ფინალისტი, მომავალ წელს გასამართ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურს მიიღებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია