უმაღლესი ლიგის საგზურისთვის გამართული პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, თბილისის “ილიაუნი ჯიქმა” პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა, მეორე თამაში მხოლოდ 10 ქულით დათმო და ჯამში, ქულით იმარჯვა.
“ჯიქებს” პირველი შეხვედრა 29:18 ჰქონდათ მოგებული და იმედიანად იყვნენ. განმეორებითი შეხვედრა “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და მას 300-მდე მაყურებელი დაესწრო. დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, რომ პირველი ნახევრის მიწურულს გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა და მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. ხშირი იყო ტრავმები, ჯარიმები, ტექნიკური წუნი, მაგრამ ინტრიგა თამაშის ბოლომდე შენარჩუნდა და ფიზიკურად უკეთესმა “ილიაუნი ჯიქმა”, უფრო გაშლილ, დინამიურ რაგბიზე ორიენტირებულ “აკადემიასთან”, უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის დამრტყმელს რამდენიმე ჯარიმა გაუცუდდა. ანგარიში “აკადემიამ” ტაიმის შუაწელს, სწრაფად გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ გახსნა. ბურთი მარჯვენა ფლანგზე სწრაფად ჩათამაშდა, მცველებმა გადაწყობა ვერ მოასწრეს და ლელო გავიდა, რასაც ჯერ ზუსტი რეალიზაცია, მალე კი, ჯარიმა მოჰყვა - 10:0. “ჯიქებმა” ჩამორჩენა ზედ შესვენების წინ შეამცირეს, როდესაც მე-4 ცდაზე, ჯარიმა გამოიყენეს.
მე-2 ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, შემდეგ “აკადემიამ” ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმის უფლება, ორივე ზუსტად შეასრულა და შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, 2 მატჩის ჯამში პირველად დაწინაურდა - 19:6.
ხუთ წუთში უკვე “აკადემია” დაჯარიმდა, მეტოქე ჯერ სწრაფად აპირებდა ჯარიმის გათამაშებას, რაც შესაძლოა, ძვირად დაჯდომოდა, მაგრამ კაპიტანმა იმარჯვა და მსაჯს მიუთითა კარში ვარტყამთო. ბურთმა ძელებსშუა გაიარა და ჩამორჩენა ათ ქულამდე დავიდა.
განახლდა თუ არა თამაში, “ილიაუნი ჯიქი” დაჯარიმდა და “აკადემიამაც” კარში დაჰკრა, მაგრამ ეს ნაჩქარევად გააკეთა და ბურთი მიზანს ასცდა. დარჩენილი წუთები “ილიაუნი ჯიქმა” გაძლო, მერე მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა, ორი მატჩის ჯამში ყოფილმა პირველლიგელმა ქულით იმარჯვა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, “აკადემია” კი, პირველ ლიგაში დაქვეითდა.
30 ოქტომბერი. გადასასვლელი პლეი ოფი. განმეორებითი მატჩი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 250 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 19:9 (10:3) (18:29 პ.მ.)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია