როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში აუტსაიდერ შვეიცარიას იოლად სძლია და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც პატარა “ბორჯღალოსნების” მეტოქე, მასპინძელი რუმინეთი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასული 2 გუნდი, მომავალ წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასის “ალაფის” საგზურს იღებს და ამრიგად, ქართველ მორაგბეებს უმნიშვნელოვანესი ჯახი ელით.
რაც შეეხება შვეიცარიელებთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაუტანა და ჯამში 50:0 იმარჯვა. შედეგი შთამბეჭდავია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ისე კარგად არ უთამაშია, რომ ნახევარფინალის წინ მშვიდად ყოფნის საშუალება გვქონდეს. “ბორჯღალოსნები” ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ და თუ ამით სუსტმა შვეიცარიამ ვერ იხეირა, შესაძლოა, რუმინეთთან ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ საქმე მასპინძლებთან გვექნება და რაღა თქმა უნდა, რეფერი მათდამი სიმპატიას არ დამალავს, სასწორზე კი, მსოფლიო თასის “ალაფის” საგზური დევს.
ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე, მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც შექმნილი უპირატესობით ლევან გოგოლაშვილმა ისარგებლა და ლელო ალამთან გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ სამ წუთში ქართველთა უკანა ხაზმა კიდევ ერთხელ ისარგებლა მორკინალების მიერ შექმნილი უპირატესობით და ამჯერად, ლელო მერაბ შარიქაძემ მიითვალა, ვაჟა ხუციშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
ქართველები არც ამის შემდეგ დაწყნარდნენ, ჯარიმები აუტში გაიტანეს და იქიდან უფრო კარგად რომ მოეწოდებინათ ბურთი, ლელო მანამდეც გავიდოდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ნაკლი, ხშირ ჯარიმასთან ერთად, დერეფნებში ცუდად მოწოდებაცაა და იმედია, მომავალ შეხვედრაში ეს კომპონენტი გაუმჯობესდება.
21-ე წუთზე, მე-3 ლელო გავიდა და საქართველოს ნაკრების იერიში ამჯერადაც გოგოლაშვილმა დააგვირგვინა, ხოლო ხუციშვილმა რეალიზაცია გამოიყენა. აქედან მოყოლებული შესვენებამდე, შვეიცარიელები ბურთს და თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ. მათ საქართველოს ნახევარზე დამკვიდრება მოახერხეს და ორჯერ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმის შესრულების უფლებაც მიიღეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში, კარის გასწვრივ დაახლოებით 38 მეტრიდან ძალიან უხეიროდ დაარტყეს. მეტოქე საქართველოს ნაკრების 22-ში ტრიალებდა, მაგრამ აღარ იცოდა რა ექნა, ჰოდა, ადგა გოგოლაშვილი, კონტრშეტევა წამოიწყო და თავისი მესამე ლელო დადო, ხუციშვილმა კი, რეალიზაციით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 26:0.
მე-2 ტაიმის დასაწყისში გოგოლაშვილმა მე-4 ლელოც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა ბრძანა, მანამდე გვერდით ხაზს ფეხი დაადგაო. ლელო მაინც გავიდა - შვეიცარიელებმა აუტი ძალიან ცუდად ააგდეს, ბურთი გურამ შენგელიას მიუვიდა და მანაც ლელო გაიტანა, რასაც ხუციშვილმა რეალიზაცია დაუმატა.
ამას შვეიცარიელთა და რეფერის გააქტიურება მოყვა, რომელმაც კარის გასწვრივ დაახლოებით 30 მეტრში დაგვაჯარიმა და თანაც ელგუჯა სურგულაძე გაასინბინა, რამაც მეტოქეს იმედი ჩაუსახა და ბურთი აუტში გაიტანა, იქნებ ლელო გავიდესო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ბურთი აართვა, თავად შეუტია, მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა და მეტოქე ლელოს იმის წყალობით გადაურჩა, რომ ქართველებს ბურთი წინ გადაუვარდათ.
პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს სიტუაციის განმუხტვის საშუალება არ მისცეს, იმათი 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი მოიპოვეს და ბექა მამრიკიშვილმა ლელო მიითვალა. მერე საქართველოს ნაკრებმა უკანა ხაზის აქტიური გამოყენებით, ხელით გათამაშებულ კომბინაციებზე ივარჯიშა და 59-ე და 63-ე წუთებზე გიორგი ზიბზიბაძემ 2 ლელო მიითვალა, რომელთაგან ერთი რეალიზაცია ლაშა სირაძემ გამოიყენა.
ქართველთა მომავალმა მეტოქე რუმინეთმა პორტუგალია მხოლოდ მე-2 ტაიმში გატეხა. პორტუგალიელები მე-8 წუთზე 5:3 დაწინაურდნენ და 24-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მერე ლელო მიიღეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, ტაიმის ბოლოს კი, რუმინელებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. მე-2 ნახევრის საწყის ხუთ წუთში, მასპინძლებმა 2 ლელო გაიტანეს და 25:5 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა, ჯამში კი, რუმინეთმა 32:17 იმარჯვა.
თასის ნახევარფინალში ითამაშებს რუსეთის ნაკრები, რომელმაც ესპანეთი 15:8 დაამარცხა. ჯარიმის საპასუხოდ გატანილი ლელოთი, ესპანეთმა ტაიმი 5:3 მოიგო, მე-2 ნახევარში კი, 8:3 დაწინაურდა, მაგრამ დასკვნითი 10 წუთი ვეღარ გაძლო, 2 ლელო გაუშვა და 8:15 დამარცხდა.
რუსეთის მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იქნება, რომელმაც ბელგიას პირველი ტაიმი 10:0 მოუგო, მე-2 ნახევრის დასაწყისში ლელო-რეალიზაცია გაუშვა, მაგრამ დარჩენილი დრო გაძლო და 10:7 იმარჯვა.
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
30 ოქტომბერი. კვირა. 1/4-ფინალი
საქართველო - შვეიცარია 50:0 (26:0)
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. ზურაბ ძნელაძე (გიორგი ზიბზიბაძე 52), 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ბიწაძე (ლაშა სირაძე 18), 10. ნიკო ჯინჭვალაშვილი (გიორგი ბასილაია 50), 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. თორნიკე ჯიბლაძე (გიორგი თეთრაშვილი 36), 2. დავით ხიდეშელი (გიორგი ლომთაძე 36), 3. ვახტანგ ახობაძე (ზაზა ნავროზაშვილი 36), 4. მინდია ელგუჯაური, 5. გურამ შენგელია, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. სანდრო ქოიავა (ნოდარ მარდალეიშვილი 55).
8 ლელო: გოგოლაშვილი (1, 3, 4), შარიქაძე, შენგელია, მამრიკიშვილი, ზიბზიბაძე (7, 8)
5 რეალიზაცია: ხუციშვილი (4), სირაძე
1 სინბინი: სურგულაძე
ბელგია - ჰოლანდია 7:10 (0:10)
რუსეთი - ესპანეთი 15:8 (3:5)
რუმინეთი - პორტუგალია 32:17 (13:5)
2 ნოემბერი
თასის ნახევარფინალები
საქართველო - რუმინეთი
ჰოლანდია - რუსეთი
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
შვეიცარია - პორტუგალია
ბელგია - ესპანეთი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია