საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში ათი ქართველი ლეგიონერი ხუთ კლუბში თამაშობს და მათი უმრავლესობა საგაისოდ ამ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც სასტარტო რვა რაუნდის შემდეგ Top 14-ის საგზურისთვის ბრძოლოს კარგი შანსი აქვს, გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლია”, რომელმაც ხუთი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორჯერ დამარცხდა. ბოლო ტურში “გრენობლმა” საკუთარ მოედანზე “ოში” 42:3 გაანადგურა და პრემიალური ქულაც აიღო. მას 27 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ “ოიონაქსს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ მენაბდიშვილი გასულ რვა შეხვედრაში მოედანზე ერთი წუთითაც არ გამოჩენილა.
VIII ტურში სტუმრად “ალბისთან” 6:25 დამარცხდა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო”, არადა, 22-ე წუთამდე სტუმრები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მერე ქულის აღებაც ვერ მოახერხეს. ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათ გუნდს კი, 17 ქულით მე-10 ადგილი უკავია. გასულ რვა ტურში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლოსაბერიძე, განაცხადში ერთხელაც ვერ მოხვდა, პეტრიაშვილმა კი ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორივე შემთხვევაში შეცვლაზე ითამაშა და ჯამში მოედანზე 68 წუთი გაატარა.
მე-11 ადგილზეა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელმაც ამ ტურში “ექს ენ პროვანსი” 22:20 დაამარცხა და ოთხი მარცხისა და ერთი ფრის წილ სამი გამარჯვება მოუგროვდა (17 ქულა). ქართველი ლეგიონერებიდან ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ პირველხაზელმა მაგრაქველიძემ მიიღო, რომელიც მოედანზე მეორე ნახევრის დასაწყისში, 43-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს ანგარიში 6:14 იყო, მერე მასპინძლებმა ნელ-ნელა ჩამორჩენა შეამცირეს, გამარჯვება კი, 73-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მოიპოვეს. მამუკამ, რომელიც “ტარბიში” მეოთხე სეზონს ატარებს, წელს გამართულ რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე სულ 296 წუთი გაატარა.რაც შეეხება მირცხულავას, ის განაცხადში ჯერ ვერ ხვდება.
Pro D2-ის ყველაზე ქართული გუნდები გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებენ. ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილის და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” 12 ქულით მე-14 ადგილზეა (2 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი). ბოლო ტურში ქართველთა გუნდი სტუმრად “კარკასონთან” 21:28 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. პირველხაზელი ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ასევე პირველხაზელი ასეიშვილი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა. ეს სამეული მოედანზე რეგულარულად ჩნდება. ნაცარაშვილმა ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და ჯამში მოედანზე 148 წუთი გაატარა. ეროვნული ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა დათუნაშვილმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივეჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო (218 წუთი) და უკვე ერთი ლელოს გატანაც მოასწრო, ხოლო პირველხაზელმა ასეიშვილმა, 6 თამაშში (2 ძირითადში) მოედანზე 204 წუთი გაატარა და ერთხელ სინბინით დაისაჯა.
თედო ზიბზიბაძესა და ალექსანდრე მარგველაშვილის “პერიგო”, რვა ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა. გასულ ტურში ის საკუთარ მოედანზე “ოიონაქსთან” 13:20 დამარცხდა და პრემიალური ქულის მომტანი ლელო-გარდასახვა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა. ქართველ ლეგიონერთაგან შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა მარგველაშვილმა. მარგველაშვილისთვის ეს წელს ჩატარებული მეშვიდე შეხვედრაა. აქედან ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთხელ ლელოც გაიტანა. ზიბზიბაძემ, რომელიც ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო თასზე იბრძოდა, ჯერ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია