საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე თავის მეორე შეხვედრას გამართავს და თუ ბელგიის ნაკრებს ისე დაამარცხებს, რომ პრემიალურ ქულასაც აიღებს, საგაისოდ ელიტურ ნაკრებებთან თამაში პრაქტიკულად გარანტირებული ექნება.
პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაახლოების მიზნით, რაგბის საერთაშორისო საბჭო ამ ასაკობრივ ჯგუფში ექსპერიმენტებს არ ერიდება. გემახსოვრებათ, შარშან ექვსი ერის გათამაშების ორი უარესი გუნდი - შოტლანდია და იტალია A ჯგუფში ჩამოქვეითდა და იქ ითამაშა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ზემოთნახსენები ორეულის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. წელს სისტემა კიდევ ერთხელ შეიცვალა, ექვსი ერის გუნდებს, შესარჩევი ეტაპის ორი საუკეთესო ნაკრები დაემატება და გაისად გაერთიანებული, რვაგუნდა ნაღდი ევროპის პირველობა გაიმართება.
ივნისში 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის რეგულარული ტურნირები გაიმართა, რის შემდეგაც პორტუგალიის, ბელგიის, საქართველოს და მასპინძელი რუმინეთის ნაკრებები, ბუქარესტში შეიკრიბნენ და ორი საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვიან. პირველ ტურში ქართველმა მორაგბეებმა რუმინელებს სულ თავბედი აწყევლინეს, მეტოქე მაგრად დაჩაგრეს, განსაკუთრებით მოლში, რომელსაც დერეფნის მოგების შემდეგ კარგად აყენებდნენ და მეტოქე 27:6 გაანადგურეს. ამასთან, პატარა ქართველებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ოთხთან ერთად ერთი პრემიალური ქულაც მიიღეს, რის შემდეგაც ჯგუფში გალიდერდნენ.
პირველ ტურში პორტუგალია ბელგიას ეთამაშა და 23:19 იმარჯვა, მაგრამ მხოლოდ ორი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა. შვიდ ქულაზე ნაკლები ანგარიშით მარცხისთვის, პრემია ბელგიამ მიიღო. რომელმაც ტაიმი 9:6 მოიგო, შეხვედრის დასრულებამდე 16 წუთით ადრე ანგარიში 16:16 იყო, მაგრამ საბოლოოდ პორტუგალიამ იმძლავრა. ბელგიელთაგან არეკნი გაიტანა 10-მა ნომერმა, 15-მა ჯარიმები და გარდასახვა შეასრულა, ლელო კი, 12-მა დადო.
მომავალი მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. ამავე დღეს რუმინეთი პორტუგალიას ეთამაშება (17:00 საათზე), მაგრამ თუ საქართველომ ისე იმარჯვა, რომ პრემიალური ქულა აიღო, მის შედეგს პრაქტიკულად ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ ექნება. და მაინც ვთქვათ, რომ ბოლო ტურის წინ, სატურნირო ინტრიგა იმ შემთხვევაში შენარჩუნდება, თუ რუმინეთმა პორტუგალია ისე დაამარცხა, რომ თავადაც და მეტოქემაც პრემიალური ქულა მოიპოვა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: რამაზ მაზმიშვილი, ბექა პირიაშვილი, ალექსი ცისკარიშვილი, ზაურ ხარებავა, მიხეილ მასხარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე (კაპიტანი), გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, რევაზ ბროძელი, რევაზ ჯინჭველიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.
მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი.
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
29 ოქტომბერი. შაბათი
ბელგია - პორტუგალია 19:23 (9:6)
რუმინეთი - საქართველო 6:27 (3:5)
საქართველო 1 1 0 0 27:6 5
პორტუგალია 1 1 0 0 23-19 4
ბელგია 1 0 0 1 19-23 1
რუმინეთი 1 0 0 1 6-27 0
1 ნოემბერი. სამშაბათი
საქართველო - ბელგია
რუმინეთი - პორტუგალია
4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია