ამბები

15:41 | 1.11.2011 | ნანახია 5163 - ჯერ

19-წლამდელები ბუქარესტში რუმინეთს და “ალაფას” შეუტევენ

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვებს, ფინალში გასვლასთან ერთად, 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურსაც მოიპოვებს.
შარშან ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი, მომავალი თაობა ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის. შარშანდელთან შედარებით, შემადგენლობის გარდა, გუნდში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა - საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, მთავარ მწვრთნელად შოტლანდიელი იან რიჩარდ სმიტი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მან უძლიერესი შემადგენლობის შეგროვება ვერ მოახერხა, თუმცა, მეოთხედფინალურ ეტაპზე ამას პატარა “ბორჯღალოსნებისთვის” პრობლემა არ შეუქმნია.
ქართველებმა შვეიცარიას იოლად - 50:0 აჯობეს და 8 ლელო გაიტანეს, მაგრამ, იყო ეპიზოდები, როდესაც მათი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა. პირველი ნახევრის მიწურულს შვეიცარიელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, მაგრამ დაბალი კლასის გამო, მისი რეალიზება ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრები ხშირად ჯარიმდებოდა და შესაძლოა, უფრო მაღალი დონის მეტოქემ ეს სათავისოდ კარგად გამოიყენოს, მით უმეტეს, რომ მომავალი მოწინააღმდეგე მასპინძელი რუმინეთია და რაღა თქმა უნდა, მას რეფერის თანადგომა გარანტირებული ექნება.
შვეიცარიასთან გატანილი 8 ლელოდან, 6 უკანახაზელების ანგარიშზე მოდის. 3 ლელო მიითვალა ლევან გოგოლაშვილმა, 2 - გიორგი ზიბზიბაძემ და ერთიც - მერაბ შარიქაძემ, ხოლო მორკინალებიდან მეორეხაზელი გურამ შენგელია და მესამეხაზელი ბექა მამრიკიშვილი გამოირჩნენ. რაც შეეხება მომავალ მეტოქე რუმინეთს, მან პორტუგალიას 32:17 სძლია. მასპინძლებმა 4 ლელო გაიტანეს, თავად 3 მიიღეს, რაც მათ სუსტ დაცვაზე უნდა მეტყველებდეს. რუმინელთაგან გამორჩეულია 10 ნომერი, რომელმაც შესვენებამდე გუნდს 13 ქულა შესძინა და ტაიმი 13:5 დასრულდა. მეორე ტაიმში რუმინელთა ლელოები მორკინალებმა გაიტანეს. ისინი ერთი ხანობა 25:5 დაწინაურდნენ, მერე პორტუგალიამ ჩამორჩენის 8 ქულამდე დაყვანა მოახერხა, მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ მასპინძლების იყო.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ეთამაშებიან. რუსეთმა ესპანეთს 15:8 აჯობა, ხოლო ჰოლანდიამ ბელგია 10:7 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები 5 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია)
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია

2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
2 ნოემბერი. თასის ნახევარფინალები
საქართველო - რუმინეთი (15:00 თბ.დრ.)
ჰოლანდია - რუსეთი
 

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
შვეიცარია - პორტუგალია
ბელგია - ესპანეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085455