საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაც ისე მოიგო, რომ მეტოქეს 4 ლელო გაუტანა, ამის მეშვეობით პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ელიტარულ გუნდებთან თამაშის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.
ბელგია რუმინეთზე უკეთესი გუნდი გამოდგა. მეტოქე საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობდა, სწრაფად ცდილობდა ბურთის ჩათამაშებას და რამდენჯერმე ქართველთა დაცვის ხაზიც გაჭრა, მაგრამ ლელომდე საქმე არ მისულა. პერიოდულად, კარგი, გაშლილი რაგბი ქართველმა მორაგბეებმაც აჩვენეს, მაგრამ, ისევე, როგორც რუმინეთთან, “ბორჯღალოსნების” მთავარი იარიღი მოლი იყო. 4-დან 3 ლელო საქართველოს ნაკრებმა სწორედ მოლით გაიტანა.
ანგარიში მალევე გაიხსნა, რაზეც ბელგიელებმა ორი ჯარიმით გვიპასუხეს და ერთი ხანობა სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ შესვენებამდე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ლელო და ერთი რეალიზაცია გაიტანა და ტაიმი 19:6 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ბელგიელები გააქტიურდნენ და თითქოს მეოთხე, პრემიალური ლელოს გატანა მიუწვდომელი ჩანდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ქართველებმა კვლავ დააყენეს მძლავრი მოლი, მეტოქე 18 მეტრი არბენინეს და პრემიაც მიითვალეს - 27:9.
ამ წუთებში რუმინეთი პორტუგალიას ეთამაშება და თუ ისე მოხდა, რომ ორიდან ერთმა გუნდმა მაინც პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა, საქართველოს ნაკრებს პირველ-მეორე ადგილის დაკავება და შესაბამისად, გაისად ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და იტალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გარანტირებული ექნება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: რამაზ მაზმიშვილი, ბექა პირიაშვილი, ალექსი ცისკარიშვილი, ზაურ ხარებავა, მიხეილ მასხარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე (კაპიტანი), გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, რევაზ ბროძელი, რევაზ ჯინჭველიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.
მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი
18-წლამდე მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
29 ოქტომბერი. შაბათი
ბელგია - პორტუგალია 19:23 (9:6)
რუმინეთი - საქართველო 6:27 (3:5)
1 ნოემბერი. სამშაბათი
საქართველო - ბელგია 27:9 (19:6)
რუმინეთი - პორტუგალია (მიმდინარეობს)
1 | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 54:15 | 10 |
2 | პორტუგალია | 1 | 1 | 0 | 0 | 23-19 | 4 |
3 | ბელგია | 2 | 0 | 0 | 2 | 28-50 | 1 |
4 | რუმინეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 6-27 | 0 |
4 ნოემბერი. პარასკევი
ბელგია - რუმინეთი
საქართველო - პორტუგალია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია